22 მარ, 2024
„2 კონტრაქტი, რომელიც უნდა გაფორმებულიყო უცხოურ კომპანიებთან და შემოსულიყვნენ ადგილობრივ ბაზარზე, შეჩერდა,“ - ამის შესახებ "სათამაშო ბიზნეს ასოციაციის" ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სექტორში რეგულაციების გავლენის შეფასებისას აცხადებს. გიორგი მამულაიშვილის განმარტებით, ახალი კომპანიების და ინვესტიციების შემოსვლის შეფერხება ჯერ კიდევ 2022 წელს ამოქმედებულმა რეგულაციებმა განაპირობა.
რამდენად ღირს საქართველოში ინვესტირება, ამაზე მსჯელობა გამოიწვია მიმდინარე წლიდან ამოქმედებულმა დაბეგვრის ახალი რეჟიმის ამოქმედებამაც. როგორც ცნობილია, გასული წლის ბოლოს საქართველოს მთავრობამ აზარტული თამაშების სექტორის დაბეგვრის განაკვეთის გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც 2 თვეა უკვე ძალაშია. თუკი აქამდე სექტორის მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-ს შეადგენდა, ის 15%-მდე გაიზარდა, მოქალაქეთა მიერ მოგებული თანხის გატანა კი 2%-იანი საშემოსავლო გადასახადის ნაცვლად 5%-ით დაიბეგრა.
„ არ შეიძლება ყოველწლიურად რაღაც ცვლილებების გაკეთება, რადგან ინვესტორი ამას უყურებს საეჭვოდ, გამომდინარე იქიდან, რომ დაცულობა ნაკლებია. ინვესტორმა არ იცის, რომ დღეს თუ ჩადებს რაღაც თანხას, ხვალ კიდევ ახალი გადასახადი, ახალი სალიცენზიო მოსაკრებელი არ გაჩნდება, ან რაღაც ამის მსგავსი ან ახალი შეზღუდვა არ დაწესდება“,- აცხადებს გიორგი მამულაიშვილი.
2022 წლიდან მოყოლებული, მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშების სექტორში ახალი რეგულაციები ამოქმედდა, დარგობრივი ასოციაცია აცხადებს, რომ ინდუსტრიის მოგება მნიშვნელოვნად შემცირდა.
„ბევრი ობიექტი ფინანსურად გადის ზარალზე, გამომდინარე იქიდან, რომ საკმაოდ მაღალი სალიცენზიო მოსაკრებელი არის, რასაც ემატება კვარტალური მოსაკრებელი. საშუალო ობიექტის შენახვა თბილისში ჯდება სადღაც 2-2,5 მილიონი ლარი და დამატებული ამას გადასახადები, საკმაოდ მძიმე ტვირთად დააწვა ობიექტებს.
ასევე მომხმარებლებს არ მოსწონთ ის, რომ აქვთ გატანის 5%-იანი გადასახადი, განსაკუთრებით ეს აისახა უცხოურ მომხმარებლებზე, რომლებიც საქართველოში ჩამოდიოდნენ რეალურად სათამაშოდ. მათ დღეს პრეტენზია აქვთ ამაზე.
იგივე ისრაელის, თურქეთის მოქალაქე ჩვეულებრივად ჩავა რუმინეთში, ბულგარეთში, უკეთესს სერვისს მიიღებს და ჩვეულებრივ გააგრძელებს იგივე პროცესს. ეს რა თქმა უნდა დაარტყამს მიწის ობიექტებს, შეუმცირდებათ მათ შემოსავალი“,- აცხადებს მამულაიშვილი.