01 მარ, 2021
ციფრულმა მედიამ ინფორმაციის გავრცელების დღის წესრიგი და დინამიკა შეცვალა. თუმცა, სოციალურ მედიაში ხშირად ფაქტები არასწორ ინფორმაციასთან ან ნახევარ სიმართლესთან არის აღრეული, რაც ბუნდოვანებას და სპეკულაციის საფუძველს ქმნის. ყოველ ჯერზე, როდესაც მედიაში გავრცელებულ უპასუხისმგებლო განცხადებებსა და სტატისტიკურ მონაცემებს კონტექსტის გარეშე იყენებენ ოპონენტები, ბრუნვის მოცულობას, გამოშვებული პროდუქციის თუ სხვა მახასიათებლების ანალიზის გარეშე, ბიზნესის სხვადასხვა მაჩვენებლებს ერთმანეთს შევადარებთ ჩვენც სწორედ პოპულისტური დეზინფორმაციის მანქანის სასარგებლო რესურსად ვიქცევით და, ჩვენდაუნებურად, სწორედ მათ მიერ განსაზღვრულ ამოცანას ვასრულებთ. არასწორი ინფორმაცია, შეიძლება გამოიყურებოდეს, როგორც რეალური ინფორმაცია, მაგრამ ტყუილის ელემენტებს მოიცავდეს. რეალური ახალი ამბისგან განსხვავებით, რომელიც ცდილობს ფაქტები რამდენადაც შესაძლებელია ობიექტურად და სიზუსტით გადმოსცეს, მცდარი ინფორმაცია განზრახ ახდენს ფაქტების აღრევას მცდარ ინფორმაციასთან ან სრულად ტყუილს ეფუძნება. სწორედ ასეთი ყალბი ინფორმაციის ცხადი მაგალითია BPN-ზე გამოქვეყნებული სტატია“ ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესები საქართველოში“ რომელსაც ადამიანები მიზანმიმართულად შეჰყავს შეცდომაში. და ახდენს ციფრებით არასწორ მანიპულაციას.
რიცხვები იტყუებიან ყოველთვის, როდესაც არ ვიცით კონტექსტი და არ გვაინტერესებს, რა დგას ამ რიცხვების უკან. არაკვალიფიციური განცხადებები დეზინფორმაციის იდეალური მსახური ხდება, თუკი უარს ვამბობთ ანალიზზე და შიშველი რიცხვებით ვხელმძღვანელობთ. აუცილებელია რიცხვების სხვა ფაქტორების კონტექსტში განხილვა, რათა მისი ადეკვატური ინტერპრეტაცია მოვახდინოთ. სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ ყოველდღიურად ზუსტად ასეთი მცდარი სტატისტიკა წარმოიშობა და რიცხვებით მანიპულაცია ხდება. აღნიშნული კი მხოლოდ ადამინების ემოციურ მდგომარეობაზეა გათვლილი და აგრესიას აძლიერებს, თუმცა რეალობაში არაფერს გვეუბნება და ანალიტიკოსების, მკვლევარებისა და დაინტერესებული ადამიანებისთვის რიცხვების არასწორი ინტერპრეტაციის მრავალ მაგალითს ქმნის.
მიზანი არის მარტივი, კერძოდ, აჩვენონ სტატისტიკა, რითაც მარტივად იმანიპულირებენ. მნიშვნელოვანია, ადამიანებმა განვივითაროთ, ჩვენში, სტატისტიკის კონტექსტში გააზრებისა და ინტერპრეტაციის, კრიტიკული აზროვნებისა თუ ინფორმაციის შეფასების უნარები. შემოსავლების მაგივრად, (როგორც სტატია იყო დასათაურებული) BPN-მა და სხვა მედიებმა გამოაქვეყნეს სტატისტიკური მონაცემები, რომელშიც სათამაშო ბიზნესის წლიურ 25 მილიარდიან ბრუნვაზეა საუბარი. მსგავსი ინფორმაციით, რომელიც შესაძლოა გამიზნულად, შესაძლოა არაკომპეტენტურობით ქვეყნდება, ადამიანებს აჯერებენ, რომ 25 მილიარდიანი ბრუნვა სექტორის 25 მილიარდის შემოსავალს ნიშნავს.
სინამდვილეში ეს სტატისტიკა არა უშუალოდ სექტორის შემოსავალს, არამედ დადებულ ფსონებს აჩვენებს. 2018 წლიდან საქსტატმა, აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შესაბამისი სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაზე. 2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით. განსხვავებული მიდგომით აღრიცხვიანობის გამო, სათამაშო ბიზნესის სექტორის 2018 წლის და შემდგომის ბრუნვის მაჩვენებელი არ არის შესადარისი წინა პერიოდის მონაცემებთან.
მეთოდოლოგიური ხასიათის ცვლილებებს წინ უძღვოდა მთელი რიგი აქტივობები, რომლებიც საქსტატმა განახორციელა 2018 წელს, საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით და შესაბამისი დარგის წარმომადგენლების აქტიური ჩართულობით. 2018 წლის ივლისში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი საქსტატსა და სათამაშო ბიზნესის ასოციაციას შორის, რომლის ფარგლებშიც გაიმართა არაერთი სამუშაო შეხვედრა. შეხვედრაში სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიების წარმომადგენლები საქსტატის და შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებთან ერთად მონაწილეობდნენ. თანამშრომლობის მიზანი იყო საქსტატის უზრუნველყოფა ხარისხიანი ინფორმაციით, სათამაშო ბიზნესის სფეროში მონაცემთა აღრიცხვის გაუმჯობესება და ქვეყანაში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვა. სათამაშო ბიზნესის სექტორში თითოეული მონაცემი IFRS (International Financial Reporting Standards) ანუ ფინანსური ანგარიშგებების საერთაშორისო სტანდარტებით მუშავდება. სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში შემავალი კომპანიები ზედმიწევნით მიჰყვებიან IFRS სტანდარტებს და ფინანსური ანგარიშგებების წარმოებისას მკაცრად იცავენ ანგარიშგების ძირითადი ხარისხობრივი მახასიათებლებს; შესაბამისობასა და სანდოობას. ასევე სრულად დაცულია ფინანსური აღრიცხვის კიდევ ოთხი დამატებითი ხარისხობრივი მახასიათებელი: შესადარისობა, შემოწმებადობა, დროულობა და აღქმადობა
საქსტატის ცვლილებები შეეხო მხოლოდ ბრუნვის მაჩვენებელს, ხოლო დანარჩენი მაჩვენებლები, როგორიცაა, პროდუქციის გამოშვება და დამატებული ღირებულება, იანგარიშება იმავე მეთოდოლოგიით, რითაც საქსტატი წინა პერიოდში ხელმძღვანელობდა.
საქსტატის ახალ მეთოდოლოგიაზე, ასევე ბრუნვასა და შემოსავალს შორის განხვავებებზე ვესაუბრეთ საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის, ბიზნესსტატისტიკის დეპარტამენტის უფროსს – დავით კუპატაძეს
რა სპეციფიკითა და თავისებურებით ხასიათდება სათამაშო ბიზნესის სტატისტიკური მაჩვენებლები?
2018 წლამდე სათამაშო სექტორში ბრუნვის მაჩვენებელი იანგარიშებოდა განსხვავებულად, 2018 წლის შემდეგ საქსტატი გადავიდა საერთაშორისო, ევროსტატის მეთოდოლოგიაზე რომელიც აპრობირებული საერთაშორისო პრაქტიკაა, სადაც უკვე ბრუნვის მაჩვენებელი ითვლება დადებული ფსონების ჯამით. ჩვენ როცა ვაქვეყნებთ და ვავრცელებთ ამ მონაცემებს, მუდმივად ვუთითებთ, რომ ბრუნვის მაჩვენებელი არ შეიძლება იქნეს გამოყენებული აღნიშნული სექტორის შემოსავლების დასახასიათებლად.
რა განსხვავებაა სათამაშო ბიზნესის ბრუნვასა და შემოსავალს შორის?
ბრუნვა არის მოთამაშის მიერ დადებული ფსონების ჯამი. რეალურად, ბრუნვით მხოლოდ იზომება მომხმარებელთა აქტიურობა, რამდენად ხშირად ხდება ფსონების დადება. ჩვენ ასევე შევქმენით ვიდეორგოლი, სადაც ნათლადაა ნაჩვენები თუ რა განსხვავებაა ბრუნვასა და შემოსავალ შორის, რომ ეს ორი არცერთ შემთხვევაში ერთმანეთს არ უდრის, რადგან ხშირად ეშლებათ ხოლმე ადამიანებს ბრუნვასა და შემოსავალს შორის განსხვავება, რადგან მეტ-ნაკლებად სათამაშო ბიზნესი სპეციფიკური განსხვავებული სექტორია, დათვლის განსხვავებულ მიდგომასაც საჭიროებს.
რეალურად როგორ ითვლება სათამაშო ბიზნესის შემოსავალი ?
თუ თქვენ დაინტერესებულ პირს სურს რომ დაინახოს სექტორის რეალური შემოსავალი, არ უნდა შეხედოს ბრუნვის მაჩვენებელს, საქსტატის ოფიციალურ გვერდზე განთავსებულ ინფორმაციაში დარგის ბრუნვა და შემოსავალი მკვეთრადაა გამიჯნული ერთმანეთისგან. საქართველოში დამკვიდრდა კიდეც სპეციალური ტერმინი GGR (GROSS GAMBLING REVENUE), რომელიც საერთაშორისო ტერმინია და ნიშნავს სათამაშო ბიზნესის შემოსავალს, რომელიც ითვლება შემდეგნაირად. მთელს ბრუნვას აკლდება საპრიზო განაცემი. სწორედ ეს მაჩვენებელი უნდა გამოიყენოს დაინტერესებულმა პირმა, როცა სჭირდება გაზომოს სექტორის შემოსავლები.
სად შეიძლება დაინტერესებულმა ადამიანმა გადაამოწმოს მოპოვებული ინფორმაცია, ისე რომ გაარჩიოს ყალბი და ნამდვილი სტატისტიკა ერთმანეთისგან.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ინფორმაცია არ მიეწოდოს საზოგადოებას დამახინჯებულად, ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, როგორც ოფიციალურ განცხადებებს, ასევე პრესრელიზებს. ყოველწლიურ ანგარიშებს ვაქვეყნებთ ჩვენს ვებგვერდზე და ვამზადებთ ვიდეო-რგოლებსაც. ყველა აღნიშნული ინფორმაცია ქვეყნდება საქსტატის Facebook გვერდზე და Youtube არხზეც. ნებისმიერი ადამიანის დაინტერესების შემთხვევაში, ჩვენ მზად ვართ ვუპასუხოთ მათ კითხვებს წერილობითაც.
მარტივად რომ ავხსნათ, ბრუნვა, რომელზეც ასე აპელირებენ, მხოლოდ და მხოლოდ თამაშებზე დადებული ფსონების ჯამია. ფსონები კი ხშირად ჰიპოთეტური და სინამდვილეში არ არსებული ფულია, რომელიც მხოლოდ თამაშში ჩართული ადამიანის ანგარიშზე ჩანს. უფრო ცხადი რომ გახდეს, საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა ითვლება შემდეგნაირად: თუ თამაშისას დადებული 10 ლარით 10 ჯერ მოიგო მოთამაშემ 50 ლარი და შემდეგ ეს მოგებული თანხა წააგო ძველი მეთოდოლოგიით ბრუნვად ჩაითვლებოდა მხოლოდ ის 10 ლარი, რითიც ადამიანმა თამაში დაიწყო, თუმცა ახალი მეთოდოლოგიით ბრუნვა იქნება 510 ლარი. ამიტომაც ჩანს ასეთი მკვეთრი ცვლილება სათამაშო ბიზნესის ბრუნვებში გასულ წლებთან შედარებით.
რეალური შემოსავლის დასადგენად, ბრუნვის მოცულობას უნდა გამოვაკლოთ მოგების სახით გაცემული თანხის მოცულობა. ასეთ შემთხვევაში კი ცხადი გახდება, რომ სათამაშო ბიზნესში არსებული 138 ოპერატორის ჯამური შემოსავალი 25 მილიარდი კი არა, ერთი მილიარდ ორასი შვიდი მილიონი ლარია. ხოლო აქედან ბიუჯეტში გადახდილი 415 მილიონ ლარზე მეტი. BPN-მა და სხვა მედიებმა BPN-ს გამოთხოვნილ მონაცემებზე დაფუძნებით, მცდარი ინფორმაცია გაავრცელეს და ადამიანებითა და რიცხვებით იმანიპულირეს, მათ კომპანიების შემოსავალი 25ჯერ გაზარდეს და მკითხველი შეცდომაში შეიყვანეს. ადამიანები დაარწმუნეს, რომ სათამაშო ბიზნესი ყველაზე შემოსავლიანი ბიზნესის ათეულში ხვდება, თუმცა ეს ცალსახად მცდარი ინფორმაციაა. Forbes Georgia-ს რეიტინგის მიხედვით, რომელიც საერთაშორისო აუდიტორულ კომპანია Grant Thornton-თან პარტნიორობით მომზადდა, 2019 წლის ყველაზე მსხვილი ბიზნესების რეიტინგში სათამაშო ბიზნესის ვერცერთი ოპერატორი არა თუ ათეულში, არამედ პირველ 40-ეულშიც ვერ ხვდება. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ კვლევა ფინანსური სექტორის მიღმა ჩატარდა და არ მოიცავს უმსხვილეს საბანკო და მიკროსაფინანსო ბიზნესებს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ სათანადოდ გადამოწმების გარეშე ინფორმაციის გაზიარებით მომხმარებელი ხელს უწყობს ნახევრად სიმართლისა და მცდარი ამბების მზარდ გავრცელებას. თავის მხრივ, ეს აღვივებს აგრესიულ ატმოსფეროს, შიშებს და უკმაყოფილებას. როგორც წესი, სოციალურ მედიას არა აქვს პროფესიული რედაქტირებისა და გადამოწმების ფუნქცია, რის გამოც პროპაგანდა და ყალბი ინფორმაცია საზოგადოებრივ აზრზე გავლენას ახდენს. ამიტომაც მნიშვნელოვანია, სოციალური მედიის მომხმარებელმა მასალის გაზიარებამდე ინფორმაციის ხარისხი და სანდოობა გადაამოწმოს, რათა უნებლიეთ არასწორი ფაქტების, რიცხვებით მანიპულაციებისა და დეზინფორმაციის მსხვერპლად და გამავრცელებლად არ იქცეს.