30 მარ, 2021
აზარტული თამაშები საკმაოდ კარგადაა საქართველოში განვითარებული და ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი კონტრიბუტორიცაა. გარდა ამისა, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლიდან მიღებული შემოსავალი ბევრი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლების მნიშვნელოვანი ნაწილია. საქართველოში აზარტული მოთამაშეების რაოდენობის შესახებ სტატისტიკა არ არსებობს, შესაბამისად, შეუძლებელია შევაფასოთ ეს მაჩვენებელი საქართველოში მაღალია თუ დაბალი. ასევე რთულია იმის თქმა, რეალურად არსებობს თუ არა საქართველოში აზარტული თამაშებიდან მომდინარე სერიოზული უარყოფითი გარეგანი ეფექტები.
აზარტული თამაშები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ამ ბიზნესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებიც თვალნათლივ ადასტურებს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 51% წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს ამ ტიპის თამაშებში. სათამაშო ბიზნესის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის ადამიანებს აძლევს ფულის მოგების შესაძლებლობას და ეს შესაძლებლობა აგებულია შემთხვევითობის პრინციპზე. ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგია, ეს არის სფერო, რომელსაც თან ახლავს გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, რაც ნაკლები ინფორმირებულობითა და სტერეოტიპული წარმოდგენებითაა ნაკარნახევი. ამიტომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც დიდი რესურსი იხარჯება, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული და შეიქმნას ან კიდევ უფრო დაიხვეწოს პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპები. აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული.
სწორედ ამ თემებზე – რას წარმოადგენს აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება, არის თუ არა ყველა მოთამაშე აუცილებლად თამაშდამოკიდებული, რა სოციალური ფაქტორებითაა განპირობებული დამოკიდებულება და არის თუ არა აკრძალვა გამოსავალი – ვესაუბრეთ რევაზ ჯორბენაძეს, ფსიქოლოგს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორს. მისი პროფესიული თვალსაზრისით თუ ადამიანი გართობის მიზნით თამაშობს, შეიძლება ჩაითვალოს რომ ეს არა არის პრობლემური. „გარკვეულ მოთხოვნილებებს იკმაყოფილებს ადამიანი, რომლითაც ანაცვლებს იმ მოთხოვნილებებს რომელიც ბავშვობაში ჰქონდა თამაშთან მიმართებით. ის ამ მოთხოვნებს აგრძელებს ზრდასრულობაში. ეს არ არის საშიში მდგომარეობა. ადამიანს უყალიბდება ფიქსირებული შეხედულება და განწყობა რომ სიამოვნებისთვის თამაში ჩვეულებრივი ამბავია. შესაძლოა ის იყო სპორტსმენი, წარმატებული გარკვეულ თამაშში. მსუბუქი დამოკიდებულება არ წარმოადგენს ადამიანისთვის საშიშროებას, როდესაც გარკვეული შეჯიბრი თუ გამოთვლები იყო მისი ბავშვობის განუყოფელი ნაწილი.
საკმაოდ რთულია მივხვდეთ ადამიანი თამაშზე დამოკიდებული თუ არა, ზოგიერთ ადამიანს თამაში პროფესიადაც აქვს ქცეული, ძალიან რთულია ადამიანს შეატყო არის თუ არა დამოკიდებული, შესაძლოა, რაღაცის გამო თავს იკავებდეს და არ თამაშობდეს, თუმცა სურვილი ჰქონდეს.
ხშირად ადამიანები საკუთარ სისტემებს იგონებენ, გამოთვლებს აკეთებენ და კონკრეტული მათემატიკური ფორმულებით თამაშობენ. ასევე, შესაძლოა, ადამიანები არც თამაშობდნენ თუმცა მაინც შედიოდნენ ტოტალიზატორში, რათა გაიგონ შიდა სიტუაცია და კონკრეტული განწყობები. თამაში პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების აზრით ფორტუნა მათ მხარესაა და ადრე თუ გვიან ისინი მაინც მოიგებენ თანხას. აქ ჩნდება საშიშროება, რომ ეს თამაში გადაიქცეს აკვიატებად. ცრურწმენები ისადგურებს ადამიანის ცნობიერში და თითოეულ გარემო ფაქტორს უკვე მაგიურ ნიშნად განიხილავს და ფიქრობს, რომ ამ დღეს აუცილებლად მოიგებს. მსგავსი შემთხვევები, შესაძლოა, დღეში ხუთჯერაც განმეორდეს.
მსოფლიოს მასშტაბით, უმეტეს ქვეყნებში, აზარტული თამაშები ლეგალური ბიზნესია და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში როგორი ეკონომიკური ფონია, მაგალითად, ლატარიებს და აზარტულ თამაშებს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს. საშუალო და დაბალი ფენის წარმომადგენლები თამაშობენ, რომლებსაც სურთ ერთიანად გამდიდრდნენ. ეს ემსგავსება გარკვეულ ბავშვურ თამაშს, რას იზამდი, რომ გქონდეს მილიონი დოლარი. ადამიანებს აქვთ იმის მოთხოვნილება, რომ მათ ფანტაზიებში არსებობდეს ასეთი კითხვა და ასევე ჰიპოთეტურად მოუძებნონ კიდეც გადაწყვეტა. როცა ხედავს რომ ასე ბუნებრივად ყოფით და ოჯახით ვერ მიაღწევს ამას, შესაძლოა, ბედი სცადოს სწორედ სათამაშო ბიზნესში. ამ ყველაფრის უკან დგას ადამიანის სურვილი – როგორ გამდიდრდეს სწრაფად. ვერ ვიტყვით, რომ ასეთ ადამიანებს ნებისყოფა არ აქვთ, ისინი თვლიან რომ თამაშიც მათი ნების გამოხატვაა, ამ ყველაფერს აქვს იმპულსური საწყისები. ბავშვობიდან ვინც უფრო იმპულსურია, უფრო მეტად გამოხატავს თამაშების მიმართ ინტერესს. იმპულსური ქცევა არის უნებლიე ქცევა, როცა ყურადღების დეფიციტი აქვს ადამიანს და იმპულსურად მოქმედებს გააზრების გარეშე.
ასევე მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ოჯახებს და ოჯახურ ტრავმებს, როგორც გაჭირვებული, ასევე შეძლებული ოჯახებიდან ადამიანები თანაბრად თამაშობენ. შესაძლოა, ადამიანს ჰქონდეს იდეა რომ გადაარჩინოს და მეტი შესძინოს ოჯახს, თუმცა ვერ ვიტყვით კონკრეტულად რომელმა ტრავმამ გამოიწვია მიჯაჭვა. ტრავმას ყველა ადამიანი იღებს ცხოვრებაში, ერთი საკითხია რამდენად ხდება ტრავმის გამოტირება. ხშირად ვერგადალახული და გამოუტირებელი ტრავმა რჩება ადამიანში და შემდეგ ის ყველანაირად ცდილობს ჩაანაცვლოს საკუთარი ტკივილი. შესაძლოა, ალკოჰოლის მიმართ გახდეს დამოკიდებული. ტრავმა კრიზისულ მდგომარეობებში იჩენს თავს, თუმცა თამაშზე ნაკლებად ხდება ტრავმის გადატანა, ალკოჰოლითა და ნარკოტიკით უფრო ხშირად ხდება ჩანაცვლება.
აქ კიდევ ერთი საინტერესო მომენტია, ადამიანებმა, ვინც თამაშს დაანებეს თავი, სხვა ისეთი აქტივობით ჩაანაცვლეს ის, სადაც ისინი გახდნენ წარმატებულები. ასევე არსებობენ ადამიანები რომლებიც დაბადებულები არიან მოთამაშეებად. ეს არ ითვლება პათოლოგიად, რადგან ისინი სიამოვნებას იღებენ, დიდი ფსონებს არც აკეთებენ, თუმცა მოსწონთ ისეთი თამაშები, რომელიც მოითხოვს გონების დაძაბვას და მეტი გონებრივი რესურსის ჩადებას.
ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახი გაიგებს რომ მათი შვილი მეუღლე ან დედმამიშვილი თამაშობს და აბრალებს სხვა ადამიანს ან სათამაშო ბიზნესს, გადააქვს აქცენტი იმაზე, რომ „ის“ რომ არ ყოფილიყო, არც დაიწყებდა თამაშს, თუმცა ასეთი მიდგომა მკაცრად არასწორია, რადგან თუ არ იქნებოდა აზარტული თამაშები, აუცილებლად იქნებოდა სხვა რამ, რითაც ადამიანი ჩაანაცვლებდა მათ. ასეთ დროს, ადამიანის სურვილთან ერთად, რომ შეცვალოს საკუთარი, ოჯახის ჩარევაც აუცილებელია. როგორც არასრულწლოვნებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში ძალიან დიდ როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება ოჯახს. მაგალითად, არსებობს უამრავი შემთხვევა, როდესაც არასრულწლოვნები, სწორედ, უფროსის ხელშეწყობით არიან ჩართულნი აზარტულ თამაშებში და ზრდასრულები უხდიან მათ ფულს სათამაშოდ. ძალიან ხშირია შემთხვევა, როდესაც ოჯახის წევრი ამბობს, რომ – ცუდად არ გახდეს ჩემი ბავშვი – და ურიცხავს ფულს სათამაშოდ. ასეთ დროს სჯობს შვილს ან შვილიშვილს აწყენინო და არ შეუწყო ხელი სათამაშოდ. რაც შეეხება ზრდასრულებს, უნდა ჩატარდეს ბევრი კონსულტაცია და თერაპია ოჯახთან ერთად, რაც შემდეგ უკვე მათ სრულ სურათს მისცემს თუ როგორ დაეხმარონ საყვარელ ადამიანს ქცევის შეცვლაში.
სირცხვილის გრძნობის გაღვიძებით არაფერი არ გამოვა, როდესაც ახლობლებმა იციან, რომ ადამიანი თამაშობს იქნება სტიგმა ვიწრო სოციალურ გარემოში, რომ ეს ადამიანი არის ოჯახისთვის საფრთხე და მათი დამაქცევარი, რაც კატეგორიულად უნდა შეიცვალოს, ეს არის მცდარი მიდგომა, ამით ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დავეხმარებით ადამიანებს.
ზოგადად სხვა დამოკიდებულებებთან შედარებით ითვლება, რომ თამაშზე დამოკიდებულება უფრო მსუბუქია. აკვიატებული ქმედების გარდა, რომელიც ფსონის დადებასთანაა დაკავშირებული თამაში შეგვიძლია განვიხილოთ უფრო ნაკლებ საშიშად. როცა გასართობად თამაშობს ადამიანი, ამას ვერ განვიხილავთ სხვა დაავადებებთან ერთად.
ასევე, უბრალო მოწოდებები რომ ავკრძალოთ კაზინო ან არ შეხვიდეთ და არ ითამაშოთ ფუჭია, რადგან თუ ავკრძალავთ აზარტულ თამაშებს, ადამიანები მაინც იპოვიან თამაშის სხვა გზას ან ის ჩანაცვლდება სხვა ადიქციური ქცევით.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები, მათ შორის, თავი შევიკავოთ ზედაპირული და პოპულისტური განცხადებებისგან, რათა მეტი პრობლემა რომ არ დავუმატოთ ადამიანებს, ვისაც ეს აშლილობა აწუხებთ. უმჯობესია, თავი შევიკავოთ სტიგმის შემცველი ტერმინებისგან, როგორიცაა ‘’ლუდომანია’’, რომელიც შეიცავს „მანიას“ და საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს ადამიანების მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული.