28 იან, 2021
ევროკომისიამ გამოაქვეყნა საკანონმდებლო წინადადება ციფრული მომსახურების შესახებ (DSA), რომელიც ადგენს წესებს და არეგულირებს დიდ ციფრულ პლატფორმებს, უზრუნველყოფს რომ ონლაინ ბაზარი დარჩეს სამართლიანი და კონკურენტუნარიანი.
მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სათამაშო ბიზნესი არ რეგულირდება DSA- ს მიერ, აღნიშნული წინადადება მაინც მნიშვნელოვანია ევროპის ონლაინ სათამაშო სექტორისთვის, რადგან ის ეხება ციფრულ ბიზნესში გაკეთებულ ინვესტიციებს, როგორიცაა სოციალური მედია კამპანიები, ონლაინ რეკლამები და ა.შ.
აღსანიშნავია, ის ფაქტი რომ ევროპის სათამაშო ბიზნესის ასოციაცია აქტიურად არის ჩართული აღნიშნული კანონის განხილვის პროცესში. ევროპის ონლაინ სათამაშო სექტორის შემოსავალი ამ ეტაპისთვის 24,5 მლრდ ევროა. ვარაუდობენ, რომ აღნიშნული შემოსავალი 2025 წლისთვის 37,3 ევრო უნდა იყოს.
”ჩვენ მივესალმებით კომისიის ციფრული მომსახურების აქტს და ვიმედოვნებთ, რომ კომისიის ძალისხმევით მოგვარდება მრავალი გამოწვევა, რომელიც გავლენას ახდენს იმ კომპანიებსა და მომხმარებლებზე, რომლებიც ციფრულ სივრცეში ყიდულობენ და ყიდიან მომსახურებას. ერთ-ერთი გამოწვევა, რომელსაც ევროპის ონლაინ სათამაშო სექტორში ვხედავთ, არის ევროკავშირში უფრო თანმიმდევრული რეგულაციები, განსაკუთრებით, მომხმარებელთა უფლებების დაცვის კუთხით”. – მარტინ ჰაიჯერი, ევროპის სათამაშო ბიზნეს ასოციაციის გენერალური მდივანი.
ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია საქართველოს ბაზარზეც. საქართველოს ბიზნესომბუდსმენის განცხადების მიხედვით, “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.
კანონპროექტის შემუშავებას წინ უსწრებდა განხილვები საქართველოს ფინანსთა სამინისტროში შექმნილი სამუშაო ჯგუფის ფორმატში, სადაც დარგის წარმომადგენლებს არ ჰქონდათ მონაწილეობის შესაძლებლობა და კერძო სექტორის ინტერესს მხოლოდ საქართველოს ბიზნესომბუდსმენის აპარატი წარმოადგენდა.
‘’ვიზიარებთ კერძო სექტორის მოთხოვნებს და მიგვაჩნია, რომ “რეკლამის შესახებ” საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს აზარტული და მომგებიანი თამაშობების რეკლამის გავრცელების აკრძალვას, ხოლო გარე რეკლამის შეზღუდვას, რამდენიმე კრიტიკულ საკითხს შეიცავს.
მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი ცვლილებები გავლენას ახდენს არა მხოლოდ აზარტული და მომგებიანი თამაშობების მომწყობ პირებზე (რეკლამის დამკვეთებზე), არამედ რეკლამის მწარმოებელ და რეკლამის გამავრცელებელ კომპანიებზე და მნიშვნელოვნად ზღუდავს სარეკლამო ბაზრის არეალს.
ბიზნესისათვის ასევე მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის კანონპროექტში მითითებული ცვლილების ამოქმედების მცირე ვადაც (გამოქვეყნებიდან მე-14 დღე). აუცილებლად უნდა იქნეს გათვალისწინებული ის გარემოება, რომ რეკლამის მწარმოებელ და გამავრცელებელ კომპანიებს აქვთ მიმდინარე კონტრაქტები აზარტული და მომგებიანი თამაშობების სფეროში, რომელიც ასეთ მცირე ვადაში ვერ შეწყდება ანდა მათი შეწყვეტა მნიშვნელოვან ზიანს მიაყენებს როგორც ამ კომპანიებს, ისე მათ დამკვეთებს. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილების ამოქმედებისათვის აუცილებელია გონივრული ვადის დაწესება.
კანონპროექტი ასევე არ შეიცავს რაიმე დათქმას ან გარდამავალ პერიოდს აზარტული და მომგებიანი თამაშობების ობიექტებზე განთავსებული აბრების ახალ რეგულაციასთან (აბრის ფართობის შეზღუდვასთან) შესაბამისობაში მოსაყვანად, რაც ასევე მნიშვნელოვან პრობლემას შექმნის პრაქტიკაში.
უნდა აღინიშნოს, რომ პარლამეტში დარეგისტრირებულ კანონპროექტში ასახულია ისეთი საკითხებიც, რომელზეც სამუშაო ჯგუფი არ შეთანხმებულა (მაგალითად, აბრების რეგლამენტირების საკითხი) ან სხვაგვარად შეთანხმდა (მაგალითად, გარე რეკლამის დისტანცირების მანძილი რელიგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვნად მიგვაჩნია საქართველოს პარლამენტის კომიტეტებში აღნიშნულ კანონპროექტზე მუშაობის პროცესში უზრუნველყოფილ იქნას შესაბამისი ბიზნესსექტორების წარმომადგენლების ჩართულობა და განხილვები წარიმართოს დარგის ინტერესების გათვალისწინებით”, – წერია ბიზნესომბუდსმენის განცხადებაში.
წყარო:http://www.egba.eu/news-post/egba-welcomes-european-commission-proposal-for-a-digital-services-act/