11 ივნ, 2018
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელი სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ ბერუაშვილმა და საქართველოს სტატისტიკის სამსახურის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოაწერეს.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის, ზურაბ ბერუაშვილის თქმით, გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში მათი ორგანიზაცია საქსტატს მისი წევრი კომპანიებიდან მნიშვნელოვანი და ხარისხიანი ინფორმაციის მოპოვებაში დაეხმარება, რაც ხელს შეუწყობს საზოგადოებაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლებისა და ბიუჯეტში გადახდილი თანხების შესახებ სწორი აზრის შექმნას.
“ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე ქვეყანაში სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია ტექნოლოგიურად ისე განვითარდა, რომ მის მიმართ სტატისტიკური ციფრთა წარმოების მეთოდოლოგია თითქმის აღარ შეესაბამება არსებულ მოთხოვნებს, რაც ბიზნესის ოპონენტთა მხრიდან იწვევს ციფრებით არასწორ აპელირებას და მანიპულირებას. საუბრობენ მილიარდებზე, რაც თითქმის ათჯერ აღემატება ბიზნესის რეალურ შემოსავლებს”, _ აცხადებს ბერუაშვილი და დასძენს, რომ საქართველოს სათამაშო ბიზნესის ინდუსტრია იყო, არის და იქნება ყოველთვის ტრანსფარანტული და გამჭვირვალე.
“საქსტატი და სათამაშო ბიზნესის ასოციაცია შეიმუშავებენ სტატისტიკურ ციფრთა ახალ, გაუმჯობესებულ მეთოდოლოგიას და მის საფუძველზე წარმოებული ციფრები ყოველთვის ხელმისაწვდომი იქნება საზოგადოებისთვის, რაც საბოლოოდ წერტილს დაუსვამს ციფრებით არასწორად მანიპულირების მცდელობებს”, _ აღნიშნავს ბერუაშვილი.
საქსტატის აღმასრულებელი დირექტორის, გოგიტა თოდრაძის თქმით, მართლაც მნიშვნელოვანია მსგავსი ტიპის თანამშრომლობა, რადგან ის ხელს შეუწყობს საჭირო სტატისტიკური ინფორმაციის დროულ მიწოდებას დაინტერესებული მხარისთვის.
ღონისძიებაზე საქსტატის აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ მოწვეულ სტუმრებს პრეზენტაციის სახით ოფიციალური სტატისტიკის წარმოების ძირითადი მიმართულებებიც გააცნო.