11 დეკ, 2020
მოძრაობა „ხალხისთვის’’ ლიდერმა, ანა დოლიძემ, არაერთხელ განაცხადა, რომ სურს, ლუდომანია დაავადებათა სიაში ჩაიწეროს და შეიქმნას დაავადებულთა სტატისტიკა. თუმცა, არ აკონკრეტებს რა მექანიზმით უნდა მოხდეს ერთიანი სიის წარმოება, როგორი უნდა იყოს ადმინისტრირებისა და აღნიშნულ სიაში მოხვედრის პროცედურები, რაც ასევე საკმაოდ საფრთხილო და მნიშვნელოვანი საკითხია. დოლიძე არ განმარტავს, რა მიზნის მიღწევას ემსახურება სინამდვილეში ეს სიები. მისი მოთხოვნა არ ეფუძნება აზარტული თამაშების სფეროში არსებულ საუკეთესო მსოფლიო პრაქტიკას. ანა დოლიძე ყოველგვარი ემპირიული კვლევის გარეშე საუბრობს, რომ უმძიმესი რეალობა დადგება. სინამდვილეში, აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. ხშირ შემთხვევაში, ადამიანები არ არიან აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულნი, ისინი მხოლოდ გართობის მიზნით თამაშობენ. ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშები.
პერიოდული თამაში გადაიზრდება თუ არა დამოკიდებულებაში, მთელი რიგი ბიოლოგიური, ფსიქოლოგიური, სოციალური და ოჯახური ფაქტორებით და ამ ფაქტორების ურთიერთქმედებით განისაზღვრება. ადამიანთა უმრავლესობას აქვს გარკვეული სახის ჩვევები და აკვიატებები, რომლებიც ჩვეულებრივი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მსგავსი ქცევითი ადიქციების სია საკმაოდ გრძელია და მოიცავს: შოპინგზე, კომპიუტერსა და ინტერნეტზე დამოკიდებულებას, ასევე კვებით აშლილობებს. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვორკაჰოლიზმი და ვარჯიშზე დამოკიდებულებაც ქცევითი ადიქციების ამავე ჯგუფს მიეკუთვნება. ზოგადად, რაიმე ჩვევა ქცევით აშლილობად და დამოკიდებულებად კლასიფიცირდეს, ძალიან ბევრ მკაცრად გაწერილ პუნქტს უნდა აკმაყოფილებდეს. შესაბამისად, ზედაპირულად, ყოველგვარი პროფესიონალური შეფასების გარეშე, შეუძლებელია იმის თქმა, ადამიანებს ახასიათებთ თუ არა გარკვეული ადიქციური ქცევა.
თუმცა, როდესაც საქმე გვაქვს დადასტურებულ ფსიქოლოგიურ პრობლემასთან, ადამიანებმა თვითონ ან/და თავიანთი ახლობლების რჩევით უნდა გადაწყვიტონ კვალიფიციური ფსიქოლოგის მომსახურებით სარგებლობა. წარმოუდგენელია, სახელმწიფო ჩაერიოს ადამიანთა პირად ცხოვრებაში მათზე ზრუნვის მოტივით, აკრძალოს კომპიუტერები ან დასაჯოს ადამიანები იმის გამო, ბევრს მუშაობენ თუ საყიდლებზე დადიან. ზუსტად ასეთივე აბსურდულია ზრდასრული ადამიანისთვის აზარტულ თამაშებში მონაწილეობის აკრძალვა, მეტიც, მათი ავადმყოფებად მოხსენიება. ამიტომაც, სახელმწიფოს არ უნდა ჰქონდეს ქმედუნარიანი პირის პირად ცხოვრებაში ჩარევის შესაძლებლობა, მითუმეტეს, როგორც ანა დოლიძე გვთავაზობს, სრულად ჯანმრთელი ადამიანების ავადმყოფებად შერაცხვის უფლება. სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს ზრდასრული ადამიანების ქცევაში მანამ, სანამ ისინი ზიანს არ აყენებენ სხვა ადამიანების სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან საკუთრებას.
რაც შეეხება თამაშზე დამოკიდებულებასა და ამერიკის მაგალითის გათვალისწინებას, რაზეც დოლიძე საუბრობს, ამერიკის ფსიქიატრთა ასოციაციის დაავადებათა კლასიფიკაციაში 2013 წლამდე შესაბამისი დიაგნოზის სახელწოდება იყო „პათოლოგიური გემბლინგი“, მაგრამ რამდენადაც სიტყვა „პათოლოგიური“ სტიგმას აყალიბებს, უკვე 2013 წლიდან, ახალ კლასიფიკაციაში, ეს სიტყვა საერთოდ არ გვხვდება. ანა დოლიძის მსგავსი პოპულისტური განცხადებები, რომელიც ვითომ ადამიანებზე ზრუნვის მოტივითა ნაკარნახევი, სინამდვილეში, დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია. ის ხელაღებით თითოეულ ადამიანს, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს, დამოკიდებულს უწოდებს და მოითხოვს, რომ რაციონალური და ჯანსაღი ადამიანები ჯანდაცვის სამინისტრომ აღრიცხოს. ის მოუწოდებს სახელმწიფოს, არა საკუთარი მოქალაქეების დაცვისკენ, არამედ სირცხვილის, სტიგმისა და დისკრიმინაციის წახალისებისაკენ. განსაკუთრებით სტიგმას აყალიბებს ტერმინი ლუდომანია, რომელსაც ანა დოლიძე ხშირად იყენებს განცხადებებსა თუ გამოსვლებში. ნებისმიერი ტერმინი, რომელიც შეიცავს „მანიას“, საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს და იმ ადამიანების დისკრიმინაციის საბაბი ხდება, რომლებიც ამ სტიგმის ქვეშ ექცევიან.
ნებისმიერი რეგულაცია, რომელიც ქმედუნარიან პიროვნებას უზღუდავს მის საკუთრებაში არსებული მატერიალური რესურსის საკუთარი შეხედულების შესაბამისად, მათ შორის აზარტულ თამაშებში დახარჯვის უფლებას, არის კონსტიტუციური უფლებების ხელყოფა და ადამიანის ღირსების შელახვა. გარდა ამისა, სახელმწიფოს მიერ ადამიანზე ზრუნვის მოტივით განხორციელებული მსგავსი რეგულაციებით, ნელ-ნელა იშლება ზღვარი ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და ამ უფლებებში სახელმწიფოს ჩარევის უფლებას შორის. ადამიანზე ზრუნვის მოტივით, სახელმწიფოს მიერ აზარტული თამაშის აკრძალვის შემდეგ, სახელმწიფომ შეიძლება შეგვიზღუდოს, მაგალითად, ცხიმიანი საკვების ჭამა, შოპინგი, კომპიუტერული ტექნიკით დიდხანს სარგებლობა. ყველა ამ შეზღუდვის არ დაცვის შემთხვევაში კი დაგვაჯარიმოს, კრიმინალებად ან/და ავადმყოფებად გამოგვაცხადოს.