25 სექ, 2022
კანონმდებლობა არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი ნებისმიერი ბიზნეს სექტორის წარმატებული განვითარებისთვის. კანონმდებლობა უნდა იყოს მოქნილი და ორიენტირებული ბიზნესის განვითარებაზე და არა ბიზნეს სექტორის უფლებების დარღვევაზე. იქიდან გამომდინარე, რომ სექტორი იპყრობს საზოგადოების დიდ ყურადღებას და ჯერ კიდევ არსებობს უამრავი მითი და სტიგმა აზარტული თამაშების ირგვლივ, საზოგადოებისა და სათამაშო ინდუსტრიის თავსებადობა კანონმდებლობით უნდა დარეგულირდეს. არსებობს რამდენიმე ასპექტი, რომელიც მთავრობამ უნდა გაითვალისწინოს ამა თუ იმ საკანონმდებლო აქტის მიღებისას და განხორციელებისას.
1. რეგულაციამ უნდა გახადოს ბიზნესი გამჭვირვალე.
2. კანონის იმპლემენტაციის პროცესი მარტივი უნდა იყოს არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის, არამედ ოპერატორებისთვისაც.
3. შეუძლებელი უნდა გახდეს კორუფციული გარიგებების დადება და განხორციელება.
4. მიღებული კანონმდებლობის ადმინისტრირების შესაძლებლობა.
5. ადმინისტრირების ღირებულება.
6. გაითვალისწინოს ბიზნესისა და საზოგადოების ინტერესები
რატომ არის მნიშვნელოვანი კანონის ადმინისტრირების შესაძლებლობისა და ღირებულების გათვალისწინება მისი მიღების პროცესში? თუ ადმინისტრირების ღირებულება სახელმწიფოსთვის მაღალია, სახელმწიფო ყოველთვის ეცდება თავისი ტვირთი ბიზნესზე გადაიტანოს. იქიდან გამომდინარე, რომ დამატებითი ხარჯები ყოველთვის აფერხებს ბიზნესის განვითარებას, ბიზნესი, თავის მხრივ, ყოველთვის შეეცდება მასზე გადმოსული ტვირთი მომხმარებელზე გადაიტანოს.
შედეგად ყოველთვის დაზარალდება მომხმარებელი და გადასახადის გადამხდელი. თამაშით დაინტერესებული ადამიანი დაიწყებს ახალი ალტერნატივებისა და ბაზრების ძიებას, სადაც მინიმალური დანაკარგებით შეძლებს თამაშს. აღნიშნული კი გამოიწვევს ბიზნესის შემოსავლის და შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილი გადასახადის შემცირებას.
თუ გადავხედავთ რეგიონში არსებულ სხვადასხვა საკანონმდებლო შეცდომებს, მაგალითად, საქართველოში, თურქეთში, აზერბაიჯანში, სომხეთსა და უკრაინაში. ცხადი გახდება, რომ ადამიანები კვლავ თამაშობენ თუმცა არასწორი კანონმდებლობის გამო, დაიწყეს ახალი ბაზრების ძებნა.
თურქეთი - თურქეთში აზარტული თამაშები მოთხოვნადი და პოპულარულია, მაგრამ თურქეთის მოქალაქეების დიდი რაოდენობა, დაახლოებით 79%, თამაშობს სხვადასხვა ბაზარზე, მათ შორის საქართველოშიც.
მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა სამართლებრივი შეზღუდვების გამო, თურქეთში არ არის სახმელეთო კაზინოს ცენტრები ან სამორინეები. თუმცა ყველა ონლაინ კაზინოს პლატფორმა დაშვებულია თურქეთში ვებ სერვისების საშუალებით. თუ თურქეთის მოქალაქეებს სურთ სახმელეთო ცენტრებში თამაში, ისინი ძირითადად სტუმრობენ მეზობელ ქვეყნებს, რაც თავისთავად მეტ ხარჯთანაა დაკავშირებული, ამიტომ თურქების უმრავლესობა უპირატესობას ანიჭებენ ონლაინ კაზინოებს.
აზერბაიჯანი - ქვეყანაში დაშვებულია სპორტული ფსონები ერთი ოპერატორის - ტოპაზის მეშვეობით, ასევე სხვადასხვა ლატარიები, რომლებიც ორგანიზებულია Azərlotereya-ს მიერ. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი უცხოური კომპანიის მენეჯმენტში გადავიდა. აზერბაიჯანელმა პარლამენტარებმა გადაწყვიტეს გააძლიერონ კონტროლი და სანქციები ქვეყანაში თითქმის არარსებული ინდუსტრიის - აზარტული თამაშების მიმართ. თუმცა აკრძალვის მიუხედავად, აზერბაიჯანელები ბევრს თამაშობენ, მათ შორის საქართველოშიც.
სომხეთი - გამკაცრდა აზარტული თამაშების კანონი. ბევრი სათამაშო დაწესებულება დაიხურება, სანდო წყაროების მიხედვით, 2000-ზე მეტი ადამიანი უმუშევარი დარჩება და ბიუჯეტიც 2 მილიონ დოლარს დაკარგავს.
უკრაინა - ლეგალიზაციის მიუხედავად, 2 წელია ვერ არეგულირებს მიღებულ კანონს (თუმცა, სამწუხაროდ, ამჟამად უკრაინაში ომია). ბევრი პრობლემაა უცხოელ ინვესტორებთან მიმართებაში. საგადასახადო კანონმდებლობას აქვს თავისი უარყოფითი მხარეები, ბევრი კორუფციაა და მოთამაშისთვის არახელსაყრელი გარემო. მიუხედავად ბევრი გამოწვევისა უკრაინას აქვს შესაძლებლობა პოზიციონირდეს როგორც რეგიონში ერთ-ერთი უდიდესი ცენტრი.
საქართველო - საქართველოს შესახებ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ აზარტული თამაშების კანონმდებლობის ისტორია დაიწყო 2005 წელს, პირველი მნიშვნელოვანი ცვლილების შემდეგ დიდი სისწრაფით დაიწყო სათამაშო ინდუსტრიის განვითარება. პარალელურად განვითარდა რეგიონებიც, სადაც გაიხსნა ახალი სათამაშო დაწესებულებები. ბათუმის, ყაზბეგის, წყალტუბოს და სხვა რეგიონები ნაწილობრივ განვითარდა სათამაშო სექტორის განვითარებით. ამ დრომდე 8 დიდი რაიონული მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი ძირითადად აზარტული თამაშების სალიცენზიო მოსაკრებლებით ივსება.
მეორე მნიშვნელოვანი ცვლილება კანონმდებლობაში 2011 წელს მოხდა, რამაც კიდევ უფრო გააუმჯობესა ბიზნეს გარემო და ამ ცვლილებებმა მალევე გამოიღო ნაყოფი. უცხოელმა ინვესტორებმა დაიწყეს ქართულ ბაზარზე შემოსვლა. ქართული ბაზრით დაინტერესდნენ ისეთი მსხვილი კორპორაციები, როგორიცაა Betson Group, Entein და Flater.
2011 წლის შემდეგ აზარტული თამაშების კანონმდებლობა არაერთხელ დაიხვეწა და მის გაუმჯობესებაში აქტიური მონაწილეობა მიიღო საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ. ასოციაციის მონაწილეობით გაუმჯობესდა სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვის მეთოდი, რამაც ხელი შეუწყო დარგის მეტ გამჭვირვალობას. კანონი ფულის უკანონო ბრუნვის შესახებ, კანონი მომხმარებელთა იდენთიფიკაციის და ვერიფიკაციის შესახებ (სხვათა შორის, ამ კანონით მინიმუმამდე დავიდა ფულის უკანონო ბრუნვის შესაძლებლობა) და მრავალი სხვა.
მაგრამ 2021 წლის ბოლოს, მთავრობის პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, სათამაშო ბიზნესის კანონმდებლობის გამკაცრდა, რასაც მოჰყვა შემდეგი
1. გადასახადების მომატება
2. რეკლამის აკრძალვა
3. 25 წლამდე თამაშის აკრძალვა
4. სოციალური დახმარების მიმღებ პირთათვის თამაშის აკრძალვა
5. საჯარო მოხელლებისთვის თამაში აკრძალვა
6. მოგებული თანხის განაღდების გადასახადი
შედეგად, აღნიშნული ცვლილებებისგან, საქართველომ მიიღო უკუფექტი რაც არაერთხელ ვიწინასწარმეტყველე ამ კანონპროექტის განხილვისას. მაგრამ, სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, რაციონალური არგუმენტები არ იქნა გათვალისწინებული. შეიძლება ითქვას, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კლასიკური მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება დაზარალდეს სექტორი, სახელმწიფო, საზოგადოება, არასწორი კანონმდებლობის მიღებით. რა მიიღო დღეს საქართველომ ახალი კანონმდებლობის მიღების შემდეგ
1. მოთამაშეები, რომლებსაც აეკრძალათ თამაში, გადავიდნენ უცხოურ საიტებზე ან იყენებენ ნათესავებისა და ახლობლების მონაცემებს.
1.1 - სახელმწიფომ დაკარგა კონტროლი ასეთ მოთამაშეებზე
1.2 სახსრების გადინება სახელმწიფოდან
1.3 გაჩნდა აზარტულ თამაშებზე წვდომის უკანონო საშუალებები.
1.4 ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი შემცირდა
1.5 დანაშაულის სტატისტიკა გაიზარდა
1.6 ბაზარზე გაჩნდა ბევრი არალეგალური ოპერატორი
2. - ბიზნესი
2.1 - დაკარგული მომხმარებლები
2.2 შემცირებული მთლიანი მოგება
3. დაკავშირებული ინდუსტრიები.
3.1 შემცირდა დამატებითი შემოსავალი
რეკლამის აკრძალვა
უკანონო რეკლამა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლა შეუძლებელია იმის გამო, რომ უცხოური ოპერატორები არ არიან საქართველოს იურისდიქციის ქვეშ.
აღმოჩნდა, რომ ბიზნესი არ არის კონკურენტულ გარემოში, რადგან რეკლამით ვერ გაუწევს კონკურენციას არალეგალურ ოპერატორებს
მონათესავე დარგები - სარეკლამო და სატელევიზიო ბაზარმა 400 მილიონი ლარის შემოსავალი დაკარგა, ხოლო სპორტულმა ბაზარმა სპონსორები 30 მილიონი ლარის ოდენობით. შედეგად, დღეს საქართველოს აზარტული თამაშების ბაზარი განიცდის სერიოზულ ნეგატიურ ცვლილებებს, რაც იწვევს არახელსაყრელ ბიზნეს გარემოს და საზოგადოებაში უკონტროლო მდგომარეობას. ადგილობრივ ოპერატორებს მოუწევთ კონცენტრირება მოთამაშეების შენარჩუნებაზე.
რაც შეეხება რეგიონს, იგივე შეცდომას უშვებს რუმინეთი, რომელსაც სურს აზარტული თამაშების ახალი კანონის ინიცირება და მოგებაზე გადასახადის დაწესება. ეს გამოიწვევს იმას, რომ ადგილობრივი მოთამაშეები უბრალოდ გადაინაცვლებენ სხვა ბაზრებზე. სახელმწიფო, არალეგალური ოპერატორების შემოდინების აკრძალვის სურვილის მიუხედავად, ვერ შეძლებს ბაზრის დარეგულირებას IT სფეროში სწრაფი ტექნოლოგიური განვითარების გამო. ნებისმიერი აკრძალვის თავიდან ასაცილებლად მრავალი გზა არსებობს. ამიტომ, არალეგალურ ბაზართან საბრძოლველად საუკეთესო საშუალებაა ადგილობრივი ოპერატორების განვითარება - და ამისთვის საჭიროა სწორი კანონმდებლობის მიღება და ამ კანონმდებლობის ადმინისტრირების სისტემის დანერგვა. რა თქმა უნდა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ადმინისტრაციას აქვს თავისი ფასი და ის არ უნდა იყოს ძვირი, როგორც ფინანსურად, ასევე სოციალურად.