05 მაი, 2022
ახალმა კანონმა სათამაშო ბიზნესის შესახებ და დაწესებულმა შეზღუდვებმა ვერ იმუშავა - აზარტული თამაშების ინდუსტრიამ იატაკქვეშ გადაინაცვლა. ქვეყანაში ასზე მეტი არალიცენზირებული ონლაინ კაზინო გაჩნდა. საქართველოდან მოთხოვნა იმდენად დიდი იყო, რომ გაურკვეველი წარმომავლობის საიტებმა სერვისები ქართულ ენაზეც კი დაამატეს.
კანონით 25 წლამდე თამაში აკრძალულია, თუმცა მოქალაქეებმა გამოსავალი იპოვეს. ისინი ონლაინ კაზინოებში ოჯახის წევრების მონაცემებით რეგისტრირდებიან. არალიცენზირებულ კაზინოებზე კი ეს შეზღუდვაც კი არ არსებობს და მას ხალხი უკვე მიაწყდა.
დამტკიცდა ის, რომ ღარიბაშვილის ინიციატივით მომზადებული კანონის მიზანი მხოლოდ დამოუკიდებელი მედია კომპანიების ფინანსური წნეხი იყო.
ახალი კანონის კიდევ ერთი კრახი ის არის, რომ თამაშდამოკიდებულთა ბაზაში ბოლო მონაცემებით, მხოლოდ 518 პირია რეგისტრირებული. ანუ, თითქმის მილიონამდე მოთამაშიდან, სახელმწიფომ თამაშის უფლება მხოლოდ ამდენ ადამიანს აუკრძალა.
ოპოზიცია ახლა კიდევ უფრო მეტად არის დარწმუნებული, რომ მმართველმა პარტიამ ლეგალურ სათამაშო ინდუსტრიას დიდი ბოქლომი იმის გამო დაადო, რომ ტელევიზიებისთვის რეკლამა აეკრძალა. ლუდომანიის პრობლემა კი ქვეყანაში ახლა იმაზე მძიმედ დგას, როგორც არასდროს.