02 დეკ, 2021
სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გათვლებს, რომ საქართველოდან 1,5 მილიარდი ლარი უცხოური კომპანიების ანგარიშებზე "მიედინება", არასწორს უწოდებს.
პრემიერის საპასუხოდ, გიორგი მამულაიშვილი BMG-სთან ინტერვიუში სათამაშო ბიზნესში მომუშავე უცხოური კომპანიების საქართველოში საქმიანობის შედეგებს განმარტავს.
"არასწორია ეს თანხები. მე შემიძლია გითხრათ, რომ საკმაოდ დიდი ინვესტიციები შემოდის საქართველოში ზუსტად იმ უცხოელი პარტნიორებისგან და ინვესტიცია იმას ითვალისწინებს, რომ როცა ადამიანი ფულს დებს, ის ფული უკან უნდა ამოიღოს. დღესდღეობით, უფრო მეტია შემოსული, ვიდრე - საზღვარგარეთ გასული. ინვესტიცია დოტაცია და გრანტი არ არის, რომ ფული ჩადოს და ამისთვის არაფერი მიიღოს.
სათამაშო ბიზნესის საინვესტიციო აქტივობები შეგვიძლია ვნახოთ საქსტატის ვებგვერდზეც. 2018 წელს ეს იყო 70 მილიონ ლარზე მეტი სხვა ბიზნესებში, რომელიც საქართველოშია. 2019 წელს 30 მილიონზე მეტი იყო, 2020 წელს კი 36 მილიონზე მეტი. ასევე, 2020 წელს ერთ-ერთი ადგილობრივი კომპანიის სრულად შესყიდვა მოხდა და საკმაოდ მსხვილი თანხა იყო გადახდილი და ეს ფული დარჩა ქვეყანაში. ასევე მინდა გითხრათ, რომ უცხოელი ინვესტორი, რომელიც შემოდის ქვეყანაში, ტოვებს ადგილობრივ სტაფს, რომელიც საკმაოდ მაღალანაზღაურებადია. დღესდღეობით, სათამაშო ბიზნესში 11 ათასზე მეტი კაცი მუშაობს და მათი საშუალო ხელფასი 2500 ლარზე მეტია, როცა სხვა ბიზნესებში საშუალო ხელფასი 1500 ლარია. ასე რომ, გასათვალისწინებელია ის მიბმული ბიზნესები, რომლებიც მუშაობენ სათამაშო ბიზნესთან ერთად და სრულ თანაკვეთში არიან, ასეთი ბევრია. ჩვენს გადასახადებში არ არის გათვალისწინებული ის კომპანიები, რომლებიც აწვდიან თამაშებს აზარტული თამაშების კომპანიებს. ისინიც საკმაოდ დიდ გადასახადებს იხდიან.
დღესდღეობით, ყველა მომწოდებელი კომპანია საქართველოშია დარეგისტრირებული, არიან საქართველოს რეზიდენტები, საკმაოდ დიდ გადასახადს იხდიან და ეს არ არის ოპერატორების მიერ გადახდილ გადასახადზე ნაკლები", - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
ცნობისთვის: პრემიერ-მინისტრმა აზარტულ თამაშებზე რეგულაციების დაანონსებისას განაცხადა, რომ 1,5 მილიარდი ლარი უცხოური კომპანიების ანგარიშზე მიედინება და ეს სოციალურად დაუცველებისა და პენსიონერების ხარჯზე ხდება.
რაც შეეხება მოსალოდნელ რეგულაციებს, ამ მიზნით მთავრობა სესაბამის კანონპროექტს პარლამენტს მიმდინარე თვის განმავლობაში წარუდგენს. ფინანსთა სამინისტროს მიერ აზარტული თამაშების შეზღუდვაზე მომზადებული საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, 1 მილიონ ადამიანს თამაშის უფლება ეკრძალება. მათ შორისაა 25 წლამდე პირები, საჯარო მოხელეები და სოცდაუცველი მოქალაქეები.