17 მარ, 2021
ნებისმიერი თამაში იწყება სხვადასხვა სოციალური მოტივებითა თუ ექსპერიმენტების ან, შესაძლოა, ძლიერი შთაბეჭდილებების მიღების სურვილით – მოტივაცია სხვადასხვაგვარია. სტიგმა, რომელიც საზოგადოებაში მუსირებს „ყველა ადამიანი, რომელიც თამაშობს თამაშდამოკიდებული ხდება“, მცდარია. ადამიანი, რომელიც თამაშობს აუცილებლად თამაშდამოკიდებული არ არის. ხშირ შემთხვევაში ისინი მხოლოდ გართობის მიზნით თამაშობენ. ამას მოწმობს ქვეყანაში ბოლო წლებში ჩატარებული კვლევები, მათ შორის საერთაშორისო გამჭირვალობა-საქართველოს ანგარიშები.
ხშირად სანდო მედიაც ხდება მსგავსი სტიგმის გავრცელების წყარო. მაგალითად, ონლაინგამოცემა „პუბლიკაში“- ში გამოქვეყნებულ სტატიაში აღწერილი ზოგიერთი ინფორმაცია მცდარია. ავტორის მტკიცებით, Google Trend-ის მონაცემებით, საქართველოში ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტში 20 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან 6 არის ონლაინ კაზინო. სინამდვილეში, 2020 წლის ჯამური მონაცემებით 24 ყველაზე ხშირი საძიებო მოთხოვნიდან არა ექვსი, არამედ მხოლოდ ერთია ონლაინ კაზინო.
რაც შეეხება დარეგისტრირებისაა და გაუქმების პროცედურებს, ავტორის მიხედვით, რეგისტრაციისა და ანგარიშის გაუქმების პროცედურები მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან, თუმცა არც ეს შეესაბამება სინამდვილეს. აზარტული თამაშების ვებგვერდებზე რეგისტრაციის პროცესი დიდი ხანია დაიხვეწა. ონლაინ პლატფორმაზე დარეგისტრირების მსურველებმა უნდა გაიარონ კანონით წინასწარ მკაცრად განსაზღვრული იდენტიფიკაციისა და ვერიფიკაციის პროცედურები, რაც გულისხმობს იმას, რომ თითოეული დარეგისტრირებული ადამიანი ვალდებულია რეგისტრაციისას ბიზნესოპერატორს გაუგზავნოს, არა მხოლოდ საკუთარი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, არამედ ამ მოწმობასთან გადაღებული ფოტოსურათი. ასევე სავალდებულო ხდება მოთამაშის მიერ შეყვანილი პირადი მონაცემების შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურაში გადამოწმება, რაც ოპერატორს მისცემს საშუალებას დაზუსტებით იცოდეს თუ ვინ დგას რეალურად მათთან დარეგისტრირებული ექაუნთის უკან. აღნიშნული პროცედურები კიდევ უფრო გაამკაცრებს არასრულწლოვნების ჩართულობის კონტროლს და უფრო პასუხისმგებლიანს გახდის საქართველოში ონლაინ პლატფორმებზე თამაშს.
რაც შეეხება ავტორის წუხილს, რომ ანგარიშების სრულად არ იშლება და მხოლოდ იბლოკება, ეს საქართველოს კანონმდებლობით არის განპირობებული. ყველა ბიზნესოპერატორი ვალდებულია მოთამაშის პერსონალური მონაცემების შენახვის წესის მიხედვით, 3 წლის განმავლობაში, ხოლო ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონის თანახმად, 5 წელი შეინახოს თითოეული დარეგისტრირებული ადამიანის მონაცემი. აღნიშნული განპირობებულია უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე. მსგავსი წესი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში არსებობს.
აუცილებელია, მოსახლეობა იყოს სწორად ინფორმირებული თამაშთან დაკავშირებულ რისკებზე, იმაზე თუ რას ნიშნავს თამაშდამოკიდებულება. ასევე იმის შესახებ, რომ ადამიანი, რომელიც თამაშობს აზარტულ თამაშებს, აუცილებლად მათზე დამოკიდებული არ არის. სწორედ ამ თემებზე ვესაუბრეთ ფსიქიატრ ავთანდილ ვანაძეს. ავთანდილ ვანაძე აღნიშნავს, რომ ყველა ადამიანი, ვინც აზარტულ თამაშებს თამაშობს არ არის დამოკიდებული, „მისი სოციალური დამოკიდებულებებიდან უნდა განვსაზღვროთ’’.
„როცა ადამიანი ხდება თამაშდამოკიდებული, მისი სოციალური ქცევა იცვლება სხვადასხვა მიმართულებით; ოჯახთან დამოკიდებულება, საზოგადოებასთან. კომპლექსურად უნდა იქნას განხილული, მხოლოდ ერთი შეხედვით და მხოლოდ თამაშთან დამოკიდებულებით არ უნდა შემოიფარგლებოდეს. ერთ-ერთი განმაპირობებელია სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორები, სწრაფვა უცებ გამდიდრებისაკენ. ასეთ დროს ოჯახს ენიჭება უდიდესი როლი და პასუხისმგებლობა, ოჯახის მსოფლმხედველობა, როგორი სოციალური კულტურის გარემოცვაში აღიზარდა, რა ღირებულებები და განათლება აქვს ოჯახს.
თამაშისას ადამიანი გამოიმუშავებს ადრენალინს, ისევე როგორც, მაგალითად, „ბაიკერები“, რომლებიც მაღალ სიჩქარეს ავითარებენ, ხომ ვერ ვიტყვით ამ ადამიანებზე, რომ დამოკიდებულნი არიან და უნდა ავკრძალოთ მოტოციკლეტები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რაიმე ქცევა მანიაა თუ ნორმის ფარგლებში ჯდება. ზღვარი გადის, ქცევასა და დამოკიდებულებაში, კონკრეტულ გარემოებებსა და კონტექსტში. თუ მოთამაშე ახდენს თამაშს გამო ყველაფრის დედუქციასა და გათიშვას და მხოლოდ თამაში რჩება მის ცხოვრებაში და სხვა ღირებულებების ადგილი აღარაა, მხოლოდ ამ შემთხვევაში შეგვიძლია ჩავთვალოთ მისი ქცევა პრობლემურად.
საქართველოში არ არსებობს კვალიფიციური კვლევა, არასდროს ჩატარებულა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რიცხვებს ასახელებენ თამაშდამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე და კვლევებზე საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
სხვა ქცევითი აშლილობები, როგორიცაა, შოპინგი, ვიდეო თამაშები, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ყველაფერი, რაც ადამიანის ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას იწვევს, მსგავსია თამაშდამოკიდებულებისა. ასევე „ბაიკერები“, მთამსვლელები, გააჩნია ვინ როგორ აკონტროლებს საკუთარ ადრენალინს. თამაშდამოკიდებულებას მხოლოდ ერთი ჭრილით და ერთი ფაქტორით ვერ განვიხილავთ, ვერ ვიტყვით, რომ სათამაშოდ წასული ადამიანი არის მაინცდამაინც თამაშდამოკიდებული. არ არსებობს ისეთი ცნებები როგორიცაა ჩათრევა, დაძალება, რადგან დამოკიდებულების წინაპირობა ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაში უნდა არსებობდეს. იმისი თქმა, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალული რომ ყოფილიყო, ის ადამიანი არ გახდებოდა თამაშდამოკიდებული, არასწორია. ღრმად უნდა შუქდებოდეს და ინფორმირებული უნდა იყოს ახალგაზრდა, რა შეიძლება მოუტანოს მას აზარტულმა თამაშებმა, დისკუსია უნდა გაიშალოს. არ უნდა გადადიოდეს აღნიშნული საუბრები კამათში, მწვავე ურთიერთდაპირისპირებასა და ლანძღვა-გინებაში, რაც სამწუხაროდ დღეს ხდება. აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ბევრი, რა არის მანია და რა არის ნორმა უნდა განირჩეოდეს.
არსებობს ბევრი მცდარი და სტიგმის შემცველი მოსაზრება, რომ თუ თამაშდამოკიდებული ხარ, უნდა იპარავდე კიდეც ან მეორე ვერსიაა, რომ უნდა გქონდეს ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. მსგავსი სტერეოტიპები მცდარი და ზედაპირულია. ასევე სტიგმატიზირება ხდება თავად სათამაშო ბიზნესისა და ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების. ამ ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ მაქსიმალური ინფორმირებით. საზოგადოებამ სწორად უნდა მიიღოს და აღიქვას ინფორმაცია და შემდეგ სწორად უნდა დამუშავდეს აღნიშნული ინფორმაცია. აკრძალვითა და ანტიპროპაგანდით შეუძლებელია 21-ე საუკუნეში თამაშდამოკიდებულებას ვებრძოლოთ.
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ერთი მხარე როდესაც აგრესიითაა განწყობილი და მუდმივად ცილისმწამებლურ რეჟიმშია, მეორე მხარემ, ამ შემთხვევაში, სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლებმა, სრული გახსნილობითა და გამჭირვალობით უპასუხონ. აუცილებელია, ბიზნესმა იმონაწილეოს მეტი კვლევის დაფინანსებაში, გახსნას კარები და დაელაპარაკოს საზოგადოებას, აუხსნას, რომ არის ჩვეულებრივი ბიზნესი და თავად ბიზნესის მიზანი არაა ადამიანები ეკონომიკურად და სოციალურად დააზარალოს.’’
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ყველა მოთამაშეს თამაშდამოკიდებულს უწოდებენ და დისკრიმინაციის შემცველ იარლიყებს აკრავენ, მხოლოდ და მხოლოდ სტიგმის გავრცელებას უწყობენ ხელს. სინამდვილეში, შესაძლოა ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული. გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში დამოკიდებულებაში, როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამბობენ, ძალიან კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ოჯახურ და სოციალურ ფაქტორებზე.