14 აპრ, 2022
მთელ მსოფლიოში აზარტული თამაშების სრული ლეგალიზაცია არის განვითარებული ქვეყნების პოლიტიკა. სფეროს ლეგალიზებას რამდენიმე მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს. ერთ-ერთი მთავარი კი ეკონომიკურია, რადგან აზარტული თამაშების ინდუსტრია ასტიმულირებს ეკონომიკის მონათესავე სექტორების განვითარებას. ამ მხრივ გამონაკლისი არც საქართველოა, სადაც აზარტული თამაშების ბაზრის ზრდას თან ახლდა ბიზნეს აქტივობის ზრდა მრავალ ინდუსტრიაში.
2022 წლის მარტიდან სათამაშო ბიზნესის ახალი კანონპროექტი სრულად ამოქმედდა და შევიდა ძალაში. საკანონმდებლო ინიციატივებმა რეზონანსი გამოიწვია არა მხოლოდ აზარტული თამაშების ინდუსტრიაში, არამედ სპორტის, მასმედიის და ეკონომიკის სხვა სექტორებში. ახალმა კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების შედეგად დაზარალდება ძალიან ბევრი სექტორი. ნაჩქარევმა და არაკონსტრუქციულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანას არაერთი პრობლემა შეუქმნა.
1. რეგულაციებს უარყოფითი გავლენა ექნება ქვეყნის ბიუჯეტზე. მთავრობა სათამაშო სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებები გაზარდა– ეს კი იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი 40%-ს შეადგენს. საკანონმდებლო ცვლილებით (გადასახადის 70%-მდე გაზრდა), ბიზნესის შემდგომი საქმიანობა შეუძლებელი გახდება. ეს კი განსაკუთრებით საგულისხმოა, თუკი გავითვალისწინებით, რომ სექტორში მონაწილე სუბიექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე;
2. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი (მაგალითისთვის, მედიის ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც კრიტიკულია იმ პირობებში, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე;
3. კანონპროექტში გათვალისწინებული არაა იმ საერთაშორისო კომპანიების ინტერესები, რომლებმაც, წლების განმავლობაში, საქართველოში უმსხვილესი ინვესტიცია განახორციელეს – შესაბამისად, ეს იქნება გამაფრთხილებელი გზავნილი იმ კომპანიებისთვის, რომლებიც საქართველოში ინვესტირებას და შესაბამისად, ადგილობრივ ეკონომიკაში ახალი ბიძგის შეტანას გეგმავენ. საგადასახადო კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გარანტიებს და არღვევს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან გაფორმებულ „ინვესტიციების დაცვის შესახებ“ ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს;
4. მთავრობის მიერ შემუშავებული ცვლილებების ნაწილი არაკონსტიტუციურია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ, ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქმედუნარიანობის ასაკი 18 წელია, მოთამაშეთა მინიმალური ასაკის ზღვარის 25 წლამდე გაზრდა სრულად დაუსაბუთებელია. სრულწლოვანი მოქალაქისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებით, იზღუდება მისი უფლება, თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული სახსრები, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების პირდაპირი დარღვევაა.
5.ახალი რეგულაციები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და ადგილობრივი ონლაინ სათამაშო ვებგვერდებისგან განსხვავებით, არ მოქმედებს რეგისტრაცია/ვერიფიკაციის მაღალი სტანდარტები. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, აღნიშნული რისკების აღმოფხვრა შეუძლებელია უცხოურ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის პირობებშიც: 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და უცხოური საფულეების ხელმისაწვდომობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყნის გარეთ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე თამაშისა და შესაბამისად, თანხის გადინების აღმოფხვრა. დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება ე.წ. VPN-ის ბლოკირება, რისი ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი, რომელთაც, მიუხედავად განუსაზღვრელი რესურსისა, მაინც ვერ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ვირტუალურ პირად ქსელებზე წვდომის შეზღუდვა.
6. მსოფლიო გამოცდილებით სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის შეზღუდვისა თუ თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ვინაიდან აკრძალვის პირობებშიც, თამაში გრძელდება არალეგალურ ვებგვერდებსა თუ უკანონო ე.წ. „ხელზე თამაშის“ სახით. უფრო მეტიც, აკრძალვას თან ახლავს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, მათ შორის, კრიმინალის ზრდა. აკრძალვის პირობებში ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა მიუღებელი გადასახადების და აკრძალვით გამოწვეული სხვა ნეგატიური ეფექტების საფუძველზე ისე, რომ არ ხდება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული პრობლემების გადაჭრა.