13 ივლ, 2022
“2022 წლის მარტის შემდეგ, სატელევიზიო რეკლამაზე დავხარჯეთ 0 ლარი,” - ამის შესახებ BMG-ის აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, 2022 წლის პირველ კვარტალში, სანამ კანონი აზარტული თამაშების რეკლამის შესახებ ამოქმედდებოდა, სექტორმა სატელევიზიო აქტივობაში 170 მლნ ლარი დახარჯა, მარტის შემდეგ კი მედიაში სარეკლამო ინტეგრაცია შეწყდა.
“მარტიდან ტელევიზიაში არცერთი კომპანიიდან თეთრი არ შესულა და არც შევა იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი პირდაპირი შეზღუდვა, რომელიც რეკლამის შესახებ კანონშია და რეალურად ამითი მე შემიძლია, ვთქვა, რომ სარეკლამო სექტორი მთლიანად დაზიანდა ისევე, როგორც სატელევიზიო სექტორი იმიტომ რომ სათამაშო ბიზნესი საკმაოდ დიდ კონტრიბუციას აკეთებდა. რა თქმა უნდა, ამით ტელევიზია დაკარგავს შემოსავალს, ასევე სექტორი მოგების გადასახადს ნაკლებს გადაიხდის, ამით კი სახელმწიფოს საკმაოდ დიდი ზიანი მიადგა”, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსმა პარალელი სხვა ქვეყნებთან გაავლო, სადაც აზარტული თამაშების რეკლამირება შეიზღუდა და თქვა, რომ ვიდრე უკრაინა აზარტული თამაშების ლეგალიზებაზე დაიწყებდა მუშაობას, ქვეყანაში ე.წ. “შავი ბაზარი” იყო და სახელმწიფო ვერაფერს იღებდა, უშველებელ თანხებს კარგავდა”.
“იგივე მოხდა კენიაშიც - გაზარდეს გადასახადები და მთლიანად ინდუსტრია “შავი ბაზარი” გახდა. იმის მიუხედავად, რომ კენიამ დღესდღეობით გადასახადი შეამცირა, ლეგალურ ოპერატორს მაინც არ აქვს დიდი სურვილი, რომ ბაზარზე დაბრუნდეს იმიტომ რომ ცვალებადი ბაზარი არცერთ ინვესტორს და მსხვილ კომპანიას არ აწყობს.
საქართველო ყოველთვის იყო კავკასიის რეგიონში ძლიერი ბაზარი აზარტული თამაშების კუთხით, კანონმდებლობაც საკმაოდ კარგად იყო დახვეწილი, ჩვენ ძალიან ბევრი კონტრაქტები გვქონდა იმასთან დაკავშირებით, რომ აინტერესებდათ საქართველოში როგორ იყო ეს ყველაფერი რეგულირებული და ცდილობდნენ ჩვენი მაგალითი გადაეღოთ. 2021 წლის ნოემბერში, როდესაც ხელისუფლებამ გადაწყვიტა, შეზღუდვა შემოეღო, ფაქტობრივად, საქართველოს ბაზარი გაფუჭდა, მასთან ერთად გაფუჭდა ინვესტორის ინტერესი. ეს აისახა ყველა დარგზე, რომელიც თანკვეთაში იყო სათამაშო ბიზნესთან, მათ შორის, ტელევიზიაზეც,” - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
ცნობისთვის, IPM-ის კვლევის მიხედვით, 2021 წელს სექტორის წარმომადგენლებმა ტელევიზიაში სულ განათავსეს 206 421 სარეკლამო რგოლი, ქრონომეტრაჟით 3 233 739 წამი, გაწეულმა ინვესტიციამ კი შეადგინა - 258 159 318 ლარი.