15 ივნ, 2022
აზარტული თამაშები მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს, რასაც ამ ბიზნესთან დაკავშირებული სტატისტიკური მონაცემებიც თვალნათლივ ადასტურებს. ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, მსოფლიოს მოსახლეობის 51% წელიწადში ერთხელ მაინც მონაწილეობს გართობის მიზნით ამ ტიპის თამაშებში. სათამაშო ბიზნესის მთავარი მახასიათებელი ის არის, რომ ის ადამიანებს აძლევს გართობის შესაძლებლობას და გართობისას მას შეუძლია ფულის მოგებაც და ეს შესაძლებლობა აგებულია შემთხვევითობის პრინციპზე. აზარტული თამაშები ბევრი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ეკონომიკისთვის მნიშვნელოვანი დარგია, ეს არის სფერო, რომელსაც თან ახლავს გარკვეული უარყოფითი დამოკიდებულება საზოგადოების მხრიდან, რაც ნაკლები ინფორმირებულობითა და სტერეოტიპული წარმოდგენებითაა ნაკარნახევი. ამიტომ მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში და მათ შორის საქართველოშიც დიდი რესურსი იხარჯება, რომ საზოგადოება იყოს სწორად ინფორმირებული და შეიქმნას ან კიდევ უფრო დაიხვეწოს პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპები. აზარტული თამაში – ეს არის თამაში, რომელსაც ფულზე თამაშობენ და რომელშიც მოგება თუ წაგება შემთხვევითობის პრინციპს ექვემდებარება. სავსებით შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული.
შეიძლება ითქვას, რომ ადამიანები, რომლებიც ყველა მოთამაშეს თამაშდამოკიდებულს უწოდებენ და დისკრიმინაციის შემცველ იარლიყებს აკრავენ, მხოლოდ და მხოლოდ სტიგმის გავრცელებას უწყობენ ხელს. სინამდვილეში, შესაძლოა ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული. გადაიზრდება თუ არა პერიოდული თამაში დამოკიდებულებაში, როგორც ფსიქოლოგები და ფსიქიატრები ამბობენ, ძალიან კომპლექსური საკითხია და დამოკიდებულია მთელ რიგ ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ, ოჯახურ და სოციალურ ფაქტორებზე.
„პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1210 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 16 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1194.
თუ გადავხედავთ მსოფლიოში თამაშდამოკიდებულთა სტატისტიკას ქვეყნების მიხედვით, ვნახავთ, რომ პრობლემური მოთამაშეების პროცენტული წილი 0,5-5%-მდე მერყეობს (პრობლემური გემბლინგი 2020 წლის მონაცემები ამერიკა - 2.5 % ბრიტანეთი 2,7% ბელგია - 1.6% დანია- 0.9% ესტორნეთი - 2.6 % საფრანგეთი - 0.4% გერმანია-0.64%) შესაბამისად საქართველოში გავრცელებული პოპულისტური მოსაზრებები რომ დამოკიდებულთა რიცხვი ასობით ათასი ადამიანია, ცალსახად მცდარია და არ ეფუძნება არანაირ კვალიფიციურ კვლევასა თუ სტატისტიკურ მონაცემს. ამას ადასტურებენ საქართველოში წამყვანი ფსიქიატრები და ფსიქოლოგები, ასევე არცერთ კვლევით ორგანიზაციას არ ჩაუტარებია კვალიფიციური კვლევა პრობლემური გემბლინგის მიმართულებით, შესაბამისად, ნებისმიერი პირის მხრიდან მსგავს სტატისტიკაზე საუბარი მხოლოდ სპეკულირება და რიცხვებით მანიპულირებაა სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. რადიკალურად განწყობილი არასამთავრობო ორგანიზაციების მტკიცებით დღემდე ამ სიაში ასიათასობით პირი უნდა დარეგისტრირებულიყო, თუმცა დარეგისტრირებულ ადამიანთა რაოდენობა ცხადა აჩვენებს მათ არაკომპეტენტურობას აღნიშნული საკითხის შესწავლაში.
„საკმაოდ რთულია მივხვდეთ ადამიანი თამაშზე დამოკიდებული თუ არა, ზოგიერთ ადამიანს თამაში პროფესიადაც აქვს ქცეული, ძალიან რთულია ადამიანს შეატყო არის თუ არა დამოკიდებული, შესაძლოა, რაღაცის გამო თავს იკავებდეს და არ თამაშობდეს, თუმცა სურვილი ჰქონდეს.
ხშირად ადამიანები საკუთარ სისტემებს იგონებენ, გამოთვლებს აკეთებენ და კონკრეტული მათემატიკური ფორმულებით თამაშობენ. ასევე, შესაძლოა, ადამიანები არც თამაშობდნენ თუმცა მაინც შედიოდნენ ტოტალიზატორში, რათა გაიგონ შიდა სიტუაცია და კონკრეტული განწყობები. თამაში პრობლემური ხდება მაშინ, როდესაც ადამიანების აზრით ფორტუნა მათ მხარესაა და ადრე თუ გვიან ისინი მაინც მოიგებენ თანხას. აქ ჩნდება საშიშროება, რომ ეს თამაში გადაიქცეს აკვიატებად. ცრურწმენები ისადგურებს ადამიანის ცნობიერში და თითოეულ გარემო ფაქტორს უკვე მაგიურ ნიშნად განიხილავს და ფიქრობს, რომ ამ დღეს აუცილებლად მოიგებს. მსგავსი შემთხვევები, შესაძლოა, დღეში ხუთჯერაც განმეორდეს.
მსოფლიოს მასშტაბით, უმეტეს ქვეყნებში, აზარტული თამაშები ლეგალური ბიზნესია და არ აქვს მნიშვნელობა ქვეყანაში როგორი ეკონომიკური ფონია, მაგალითად, ლატარიებს და აზარტულ თამაშებს ამერიკისა და ევროპის მასშტაბით ძალიან ბევრი მომხმარებელი ჰყავს.“ -განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციასთან ინტერვიუში რევაზ ჯორბენაძემ, ფსიქოლოგმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა.
ასოციაცია ასევე ესაუბრა ფსიქიატრ ავთანდილ ვანაძეს:
„საქართველოში არ არსებობს კვალიფიციური კვლევა, არასდროს ჩატარებულა, შემიძლია დარწმუნებით გითხრათ, ადამიანები, რომლებიც კონკრეტულ რიცხვებს ასახელებენ თამაშდამოკიდებული ადამიანების რაოდენობაზე და კვლევებზე საუბრობენ, მხოლოდ და მხოლოდ ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ.
სხვა ქცევითი აშლილობები, როგორიცაა, შოპინგი, ვიდეო თამაშები, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება, ყველაფერი, რაც ადამიანის ორგანიზმში ადრენალინის გამომუშავებას იწვევს, მსგავსია თამაშდამოკიდებულებისა. ასევე „ბაიკერები“, მთამსვლელები, გააჩნია ვინ როგორ აკონტროლებს საკუთარ ადრენალინს. თამაშდამოკიდებულებას მხოლოდ ერთი ჭრილით და ერთი ფაქტორით ვერ განვიხილავთ, ვერ ვიტყვით, რომ სათამაშოდ წასული ადამიანი არის მაინცდამაინც თამაშდამოკიდებული. არ არსებობს ისეთი ცნებები როგორიცაა ჩათრევა, დაძალება, რადგან დამოკიდებულების წინაპირობა ადამიანის პიროვნებასა და ფსიქიკაში უნდა არსებობდეს. იმისი თქმა, რომ სათამაშო ბიზნესის აკრძალული რომ ყოფილიყო, ის ადამიანი არ გახდებოდა თამაშდამოკიდებული, არასწორია. ღრმად უნდა შუქდებოდეს და ინფორმირებული უნდა იყოს ახალგაზრდა, რა შეიძლება მოუტანოს მას აზარტულმა თამაშებმა, დისკუსია უნდა გაიშალოს. არ უნდა გადადიოდეს აღნიშნული საუბრები კამათში, მწვავე ურთიერთდაპირისპირებასა და ლანძღვა-გინებაში, რაც სამწუხაროდ დღეს ხდება. აზარტული თამაშების შესახებ ინფორმაცია უნდა იყოს ბევრი, რა არის მანია და რა არის ნორმა უნდა განირჩეოდეს.
არსებობს ბევრი მცდარი და სტიგმის შემცველი მოსაზრება, რომ თუ თამაშდამოკიდებული ხარ, უნდა იპარავდე კიდეც ან მეორე ვერსიაა, რომ უნდა გქონდეს ალკოჰოლის მიმართ მიდრეკილება. მსგავსი სტერეოტიპები მცდარი და ზედაპირულია. ასევე სტიგმატიზირება ხდება თავად სათამაშო ბიზნესისა და ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანების. ამ ყველაფერს უნდა ვებრძოლოთ მაქსიმალური ინფორმირებით. საზოგადოებამ სწორად უნდა მიიღოს და აღიქვას ინფორმაცია და შემდეგ სწორად უნდა დამუშავდეს აღნიშნული ინფორმაცია. აკრძალვითა და ანტიპროპაგანდით შეუძლებელია 21-ე საუკუნეში თამაშდამოკიდებულებას ვებრძოლოთ.“
ფსიქოლოგიის პროფესორმა და სიდნეის უნივერსიტეტის ტვინის კვლევის ცენტრის თანა-დირექტორმა სალი გეისნბერგმა გამოაქვეყნა კვლევის ანგარიში, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ვირტუალურ გარემოში თამაშს ეხება. Southern Cross უნივერსიტეტში (ავსტრალია) ჩატარებული კვლევის შედეგები აშკარად აჩვენებს, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი მიზეზები არ არის ონლაინ კაზინოებში.
„ჩემი კვლევა ფოკუსირებულია აზარტული თამაშების ფსიქოლოგიისა და სხვა ქცევითი დამოკიდებულებების გააზრებაზე, რაც განსაკუთრებით ეხება განვითარებად ტექნოლოგიებს, მათ შორის ონლაინ თამაშს. ჩემი კვლევის მიზანია ზიანის შემცირების სტრატეგიების შემუშავება და კეთილდღეობის გაუმჯობესება.“
გეინსბერის კვლევის შედეგები გამოქვეყნდა სათაურით “ონლაინ აზარტული თამაშების დამოკიდებულება: კავშირი ონლაინ თამაშებსა და უწესრიგო თამაშობებს შორის” . კვლევამ აჩვენა რომ არსებობს მყარი მტკიცებულება და არგუმენტი იმისა, რომ ონლაინ აზარტული თამაშები არ წარმოადგენს მნიშვნელოვან პრობლემას. ამავე დროს, პროფესორი აგრძელებს კვლევას და ეძებს დამოკიდებულების გამომწვევ მიზეზებს. სალი გეინსბერი ფიქრობს, რომ შესაძლოა, აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების ძირითადი წყარო უფრო ტრადიციული კაზინოები იყოს.
აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პროფესიონალების რჩევები, მათ შორის, თავი შევიკავოთ ზედაპირული და პოპულისტური განცხადებებისგან, რათა მეტი პრობლემა რომ არ დავუმატოთ ადამიანებს, ვისაც ეს აშლილობა აწუხებთ. უმჯობესია, თავი შევიკავოთ სტიგმის შემცველი ტერმინებისგან, როგორიცაა ‘’ლუდომანია’’, რომელიც შეიცავს „მანიას“ და საზოგადოებას ნეგატიურ განწყობას უჩენს ადამიანების მიმართ. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ შესაძლებელია ადამიანი თამაშობდეს აზარტულ თამაშებს და არ იყოს მათზე დამოკიდებული.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის აზრით, უმჯობესია, ძალისხმევა მივმართოთ კონკრეტული პრობლემატიკის აღმოფხვრისკენ ვიდრე შემოვიღოთ რაიმე აკრძალვები და შეზღუდვები. ადმინისტრაციული რესურსი უნდა მივმართოთ პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპების შემუშავებაზე და არა დამატებითი რეგულაციების დაწესებაზე. მსოფლიო პრაქტიკამ აჩვენა, რომ აკრძალვა იწვევს არაჯანსაღი გარემოს ფორმირებას, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსახლეობის უწესრიგო და უკონტროლო თამაშებში კიდევ უფრო მეტ ჩართულობას.