06 აპრ, 2022
უკანასკნელ წლებში საქართველოში აზარტული თამაშების ინდუსტრია მაღალი ტემპით იზრდება, და ერთ-ერთი ყველაზე განვითარებულ და შემოსავლიან სფეროს წარმოადგენს, რომლის მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი მთლიანი შიდა პროდუქტის 4%-ს აჭარბებს. 3 წელიწადში დაფიქსირებული თითქმის 430%-იანი ზრდა საკმაოდ მაღალი მაჩვენებელია, რომელიც, ძირითადად, ონლაინ კაზინოებზე გაზრდილი მოთხოვნითაა განპირობებული. მთავრობამ კი აზარტული თამაშების სწორედ ამ ახალი და მზარდი სეგმენტის შეზღუდვას დაისახა მიზნად, რაც პირდაპირ აისახება საქართველოს ეკონომიკაზე, ქართულ სპორტსა და მედიაზე.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სათამაშო ბიზნესი ერთ-ერთი ყველაზე მკაცრად დარეგულირებული სფერო იყოს ყოველთვის, აზარტული თამაშების კომპანიები არაერთი სახის გადასახადს იხდიან, კერძოდ, მოგების, საშემოსავლოს, დღგ-ს, ქონების და სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელს. საერთო ჯამში, გადასახადებითა და ჯარიმებით აზარტული თამაშების კომპანიებიდან სახელმწიფო ბიუჯეტში ყოველწლიურად, დაახლოებით, 300-400 მილიონი ლარი შედის.
გარდა ამისა, აზარტული თამაშების სექტორი საქართველოში 11 000-მდე მოქალაქეს ასაქმებს, დაქირავებულთა საშუალო ხელფასი კი 2 000 ლარზე მეტია. მიუხედავად იმისა, რომ 2017 წლიდან დღემდე ბიზნესის ბრუნვა თითქმის 430%-ით გაიზარდა, გადასახადებიდან მიღებული თანხის მოცულობა არსებითად არ შეცვლილა, რაც რიგი ფაქტორებითაა გამოწვეული. გამკაცრებული რეგულაციები აზარტული თამაშების კომპანიების შემოსავლიანობაზე ნეგატიურად აისახება, და შესაბამისად ბიუჯეტში გადახდილ გადასახადებზე. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი კი 18-დან 24 წლამდე მოსახლეობისთვის თამაშის უფლების შეზღუდვაა, რადგან ამ ასაკის მოქალაქეთა რაოდენობა საქართველოში 280 000-ს აღწევს.
მიუხედავად ამისა, ლაშა ხუციშვილი ფიქრობს, რომ სახელმწიფო ბიუჯეტს ზარალი არ მიადგება, რადგან კომპანიების შემცირებულ შემოსავლებს გაზრდილი გადასახადები დააბალანსებს. რაც თავისთავად არასწორი მსჯელობაა.
აკრძალვისა და რეგულაციების შედეგად მომხმარებელთა დიდი ნაწილი საერთაშორისო ონლაინ კაზინოებს მიმართავს და ის თანხა, რომელსაც ქართული კომპანიები და ქვეყნის ბიუჯეტი იღებდა, VPN-ის საშუალებით სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს, ამით კი აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების პრობლემა არ გადაიჭრება, საქართველოს ეკონომიკა კი დაზარალდება.
„აზარტული თამაშების შესახებ“ კანონში შესული ცვლილებების გავლენით აზარტული თამაშების სექტორი 15%-ზე მეტით შემცირდა. ქართული ბიზნეოპერატორებისგან განსხვავებით, მთავრობა არ ზღუდავს უცხოური სათამაშო კომპანიების რეკლამას ქართულ ბაზარზე, შესაბამისად ქართველ მომხმარებლებს სმს-ის გაგზავნით შეუძლიათ უცხოურ საიტებზე ვერიფიკაციის გავლა, თანხის ჩარიცხვა და მიღება.
„ცვლილებებიდან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ამ ეტაპზე სექტორს აქვს 15%-ზე მეტი კლება. გამოდის, რომ ამ სახსრების გადანაცვლება მოხდა უცხოურ საიტებზე, რადგან გამოიკვეთა ტენდენცია, რომ უცხოური საიტები აქტიურად არეკლამებენ საკუთარ პროდუქტებს ქართულ ბაზარზე, შემოსავლების სამსახური ამონიტორინგებს საქართველოში რეგისტრირებული ბიზნეოპერატორების რეკლამას, თუმცა იმავეს არ აკეთებს უცხოური კომპანიების მიმართ.
კანონის აღსრულებისა და ადმინისტრირების კუთხით ძალიან უსამართლო და არათანაბარი სიტუაციაა ქართული ბიზნესოპერატორებსა და უცხოური ბიზნესოპერატორების მიმართ. უცხოურ საიტებს შეზღუდვა არ აქვთ, სმს-ის გაგზავნით შესაძლებელია ვერიფიკაცია გაიარო და თანხა ჩარიცხო/მიიღო. ასოციაციის ხელმძღვანელი ყოველდღიურად გზავნის სქრინებს სხვადასხვა სტრუქტურებში, რადგან ხელისუფლებას არ აქვს შესაბამისი ბერკეტი აკონტროლოს უცხოური საიტების რეკლამები. გარდა ამისა, ადმინისტრირების კუთხით მთავრობას არანაირი ძალაუფლება არ აქვს შეუზღუდოს უცხოური ბიზნესოპერატორების რაიმე მოქმედება საქართველოს ტერიტორიაზე, მაშინ როცა ქართულ ოპერატორებს ფეისბუქზეც არ შეუძლიათმოკლე ტექსტური შეტყობინება მისწერონ თავიანთ მომხმარებლებს და სარეკლამო შეთავაზება გაუგზავნონ. კანონის აღსრულების მსგავსი სუსტი მექანიზმები ორმაგად აზარალებს ქართულ ბიზნესოპერატორებს და შესაბამისად ქვეყნის ეკონომიკას.
გარდა ამისა 18-25 წლამდე პირებისთვის თამაშის აკრძალვამ მათი არალეგალურ საიტებზე გადართვა და ე.წ. „ხელზე მაზაობის“ პრაქტიკა დააბრუნა. "თუ საქართველოში ლეგალურ ოპერატორებს შევზღუდავთ, მოთამაშე მაინც იპოვის გზას, რომ გადაერთოს სხვა, მათ შორის, არალეგალურ საიტებზე. დაბრუნდება ე.წ. „ხელზე მაზაობის“ პრინციპები, რაც ადრე იყო და ქვეყანამ დიდი გზა გამოიარა ამის აღმოსაფხვრელად.“ - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
მოსახლეობის ნაწილი ჩართულია არალეგალურ თამაშებში. საქართველოდან გაედინება 120 მილიონ ლარი წელიწადში, ახალი კანონმდებლობით კი ეს რიცხვი სულ მცირე ათჯერ გაიზრდება. 18-დან 25 წლამდე ადამიანი, რომელიც არალეგალურ საიტებს და მათ ბონუსებს მიეჩვევა, საქართველოს ბაზარზე არ დაბრუნდება. უცხოურ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და ადგილობრივი ონლაინ სათამაშო ვებგვერდებისგან განსხვავებით, არ მოქმედებს რეგისტრაცია/ვერიფიკაციის მაღალი სტანდარტები. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს საქართველოს მოქალაქეების უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. ამასთან, აღნიშნული რისკების აღმოფხვრა შეუძლებელია უცხოურ ვებგვერდებზე წვდომის შეზღუდვის გარემოებებშიც. ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და უცხოური საფულეების ხელმისაწვდომობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყნის გარეთ, არალიცენზირებულ ვებგვერდებზე თამაშისა და შესაბამისად, თანხის გადინების აღმოფხვრა. დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება ე.წ VPN - ის ბლოკირება, რისი ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი, რომელთაც, მიუხედავად განუსაზღვრელი რესურსისა, მაინც ვერ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ვირტუალურ პირად ქსელებზე წვდომის შეზღუდვა.
აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას რომ რეგულაციების სრული პაკეტის ამოქმედებიდან ერთ თვეში, არ შეიცვალა მოთამაშეთა რაოდენობა, მათ უბრალოდ გადაინაცვლეს უცხოურ საიტებზე, ხოლო საქართველოს ეკონომიკა, ბიზნესგარემო და საქართველოს იმიჯი უცხოელი ინვესტორებისთვის და საერთაშორისო კომპანიებისთვის მკვეთრად დაზარალდა.