08 ნოე, 2021
საქართველოს სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით ქალაქ თელავში 4-5 ნოემბერს ჩატარდა კონფერენცია თემაზე: „როგორ მანიპულირებენ რიცხვებით სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ - აზარტული თამაშების საქმიანობებით დაკავებული საწარმოების სტატისტიკის მეთოდოლოგიური თავისებურებანი “
კონფერენცია გახსნა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა, რომელმაც ისაუბრა სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ფორმირებაზე IFRS სტანდარტების მიხედვით. ასევე, კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის პარტნიორი ორგანიზაცის საქსტატის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე, რომელმაც სათამაშო ბიზნესის მაჩვენებლების დათვლის მეთოდოლოგიურ თავისებურებებზე ისაუბრა. კონფერენციის დასკვნითი ნაწილის სპიკერები იყვნენ Random Systems-ის (რომელიც ასევე სათამაშო ბიზნესის პარტნიორი ორგანიზაციაა) იურიდიულ და ანალიტიკური დეპარტამენტების ხელმძღვანელები - გიორგი წამალაიძე და შოთა ბათილაშვილი
ციფრულმა მედიამ ინფორმაციის გავრცელების დღის წესრიგი და დინამიკა შეცვალა. სოციალურ მედიაში ხშირად სათამაშო ბიზნესზე არასწორი ფაქტები და მონაცემები ვრცელდება, რაც ბუნდოვანებას და სპეკულაციის საფუძველს ქმნის. არასწორად დამუშავებული და მოპოვებული სტატისტიკით ხშირად მანიპულირებენ სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ. აზარტული თამაშების საქმიანობით დაკავებული საწარმოების საქმიანობის შეფასება დაიწყო ახალი მეთოდოლოგიით, რამაც მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა შესაბამისი სექტორის საწარმოების ბრუნვის მოცულობაზე.
2018 წლიდან ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით. სათამაშო ბიზნესის წინააღმდეგ მცდარი სტატისტიკა წარმოიშობა და რიცხვებით მანიპულაცია ხდება. კონფერენციის მიზანი იყო მედიის სფეროს წარმომადგენლებს ჰქონოდათ ამომწურავი და ზუსტი ინფორმაცია დათვლის ახალი მეთოდოლოგიაზე და ასევე ბრუნვის მოცულობასა და შემოსავალს შორის მკვეთრ განსხვავებაზე. კონფერენციის შედეგად, მედიის სფეროს წარმომადგენლები უფრო ეფექტურად შეძლებენ სათამაშო ბიზნესის საქმიანობით დაკავებული საწარმოების სტატისტიკური მონაცემების მოძიებას, დამუშავებასა და შესაბამისად გამოქვეყნებას. აღნიშნული, მომავალში აღმოფხვრის გადაუმოწმებელი და არასწორი ფაქტების გავრცელებას.