06 ივლ, 2023
3 ივლისს, თბილისში, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციასა და ყაზახეთის სათამაშო ბიზნესის ასოციაციას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ორმხრივ დოკუმენტს ხელს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა და ყაზახეთის ასოციაციის ხელმძღვანელი გალიმჯან დუამბეკოვი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ როგორც საქართველოს მთავრობის, ასევე ყაზახეთის სამთავრობო დელეგაციის წარმომადგენლები.
ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავებისა და მჭიდრო კავშირების დასამყარებლად საქართველოს სამუშაო ვიზიტით გალიმჯან დუამბეკოვთან ერთად ესტუმრნენ მირაზ ტულებაევი (ყაზახეთის კულტურისა და სპორტის მაღალჩინოსანი) ჟულდიზ ერკიმბაევა ყაზახეთის ფინანსთა სამინისტროს მონიტორინგისა და ანალიზის დეპარტამენტის ხელმძღვანელი. ყაზახეთის დელეგაციამ საქართველოში 2 დღის განმავლობაში გამართა სამუშაო შეხვედრები ასოციაციის წევრ კომპანიებთან.
ასევე, საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ და ყაზახეთის დელეგაციამ სამუშაო შეხვედრები გამართეს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან. მათ შორის ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურის მაღალჩინოსნებთან.
მემორანდუმის მთავარ მიზანს ორმხრივად სასარგებლო პროექტების განხორციელება და პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპების მხარდაჭერა და სხვადასხვა მექანიზმების შემუშავება წარმოადგენს.
მემორანდუმის მიზნებიდან გამომდინარე, ხელმომწერი მხარეები გამოხატავენ მზადყოფნას, კოორდინირებული ძალისხმევით იმუშაონ სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებულ ერთობლივ პროექტებზე, ხელი შეუწყონ ბიზნეს გარემოს გაუმჯობესებას როგორც ყაზახეთსა და საქართველოში, ასევე მთელს რეგიონში. მემორანდუმი ასევე ითვალისწინებს ერთობლივი კონფერენციების, ლექციებისა და სხვა საგანმანათლებლო ღონისძიებების გამართვას.
მემორანდუმი უწყებებს შორის ურთიერთთანამშრომლობის სურვილის საფუძველზე შეიქმნა, რომელსაც საფუძველი ჩაეყარა ყაზახეთში გამართულ კონფერენციაზე, სადაც საქართველოს ასოციაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი ერთ-ერთი სპიკერი იყო. ყაზახეთისა და საქართველოს ასოციაციებს შორის გაფორმებული ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმის საგანია მხარეთა თანამშრომლობა და პარტნიორობა, ორმხირივი მუშაობის გაძლიერება და ხელშეწყობა საერთო ინტერესებისა და მიზნების მისაღწევად, კერძოდ:
კომუნიკაცია და თანამშრომლობა სათამაშო ბიზნესის ასოციაციების ოპერატორებთან;
მხარეთა პრინციპებისა და მისიების ხელშემწყობი ღონისძიებების შემუშავება და მომზადება;
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებაში თანამშრომლობა კანონის დაცვის სფეროში;
საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზების მხარდაჭერა, მათ შორის პასუხისმგებელი თამაშის წესების შესახებ;
აზარტული თამაშების ბაზრის ოპერატორებისთვის რეკომენდაციების გაცვლა;
საერთაშორისო დონეზე სათამაშო ბიზნესის ბაზრის ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნაში დახმარება;
მხარეებს შორის გამოცდილების გაცვლა.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის გიორგი მამულაიშვილის თქმით, მემორანდუმი ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას, ასევე გაცვლითი სამუშაო ვიზიტები ორ ასოციაციას შორის კიდევ უფრო რეგულარულ სახეს მიიღებს და მჭიდრო თანამშრომლობა ორივე ქვეყანაში შექმნის კიდევ უფრო ჯანსაღ ბიზნესგარემოს და დაეხმარება ორივე მხარეს პასუხისმგებლიანი და გამჭირვალე თამაშის პრინციპების გაძლიერებაში.