19 ოქტ, 2022
საიდუმლო არ არის, რომ მარეგულირებლები მკაცრად ითხოვენ ოპერატორებისგან დაიცვან პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპები და მინიმუმამდე დაიყვანონ ფულის გათეთრების რისკები. ერთის მხრივ, ეს სწორია, რადგან ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად ყოველდღიურად იზრდება სხვადასხვა ტიპის საფრთხეები, მაგალითად ფიშინგი და სხვა თაღლითური მანიპულაციები, მომხმარებელთა პირად ინფორმაციასა და თანხებზე უკანონო წვდომის მოსაპოვებლად. ეს არის მოკლე ჩამონათვალი იმისა, რა რეალობის წინაშეც შეიძლება დადგნენ ოპერატორები და მომხმარებლები.
საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ბევრი მომხმარებელი უგულებელყოფს პირადი ინფორმაციის შენახვის ელემენტარულ წესებს, რაც თავის მხრივ უადვილებს თაღლითებს მონაცემებზე უკანონო წვდომას, მაგრამ ეს არ იძლევა იმის საფუძველს, რომ ოპერატორმა უგულებელყონ თავიანთი მოვალეობები და მთლიანად გადაიტანონ პასუხისმგებლობა მომხმარებელზე.
გარდა ამისა, ფულის გათეთრების რისკები იძლევა საფუძველს, აზარტული თამაშების ოპერატორებმა განახორციელონ სტანდარტული „იცნობდე შენს კლიენტს“ (KYC) შემოწმებებისა და ფულის გათეთრების საწინააღმდეგო (AML) პროცედურები და მკაცრად დაიცვან ისინი თითოეული მოთამაშისთვის. აღნიშნული ტვირთი სულ უფრო მძიმე ხდება ბიზნესოპერატორებისთვის, რადგან მარეგულირებლები მუდმივად ამკაცრებენ პროცედურებს.
აზარტული თამაშების თანამედროვე ინდუსტრიაში დაწესებულია დიდი ოდენობის ჯარიმები მათთვის, ვინც არღვევს მარეგულირებელი ორგანოების მიერ დადგენილ წესებს. ეს იწვევს იმას, რომ ოპერატორებს უწევთ უფრო მეტი ხარჯების გაღება, რათა დაიცვან მარეგულირებელის მოთხოვნები და არ დაჯარიმდნენ. თუმცა, მარეგულირებელსა და ოპერატორებს შორის სწორი ურთიერთობის დამყარებით, შესაძლებელია ამ რისკებისა და ხარჯების მინიმუმამდე დაყვანა.
გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ სხვადასხვა პრობლემები, რომელიც შეიძლება ოპერატორებს შეექმნათ ინფორმაციის მოპოვებისას, მათ შორის ის, რომ ოპერატორამდე მივიდეს სწორი ინფორმაცია მის მომხმარებელზე. არასწორად მისული ინფორმაცია და მონაცემები ოპერატორებისთვის ხდება დიდი პრობლემა. საქართველოში ეს პრობლემა გადაიჭრა იმით, რომ ოპერატორებს მისცეს მოსახლეობის ერთიან მონაცემთა ბაზის რეესტრთან წვდომა, სადაც ოპერატორს შეუძლია გადაამოწმოს მომხმარებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები და ამ მონაცემების ვალიდურობა. უკანასკნელი ნამდვილად დიდი გადადგმული ნაბიჯი იყო სათამაშო სექტორის ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად.
საბოლოო ჯამში, ოპერატორებმა თავისი სამუშაო გეგმა უნდა დასახონ ისე, რომ მარეგულირებელს ნაკლები შესაძლებლობა ჰქონდეს, გაამტყუნოს ოპერატორი და დაუწეროს მას ჯარიმა. ასევე მნიშვნელოვანია, ოპერატორმა უზრუნველყოს, რეგისტრაციის, იდენტიფიცირება-ვერიფიცირებისა და მონაცემების გადამოწმების პროცესების სრული ავტომატიზაცია. ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურები საჭიროა AML და KYC წესების შესასრულებლად. მაქსიმალურად უნდა მოხდეს ადამიანური ფაქტორისა და შეცდომის გამორიცხვა. ასევე მნიშვნელოვანია ამ მონაცემების შემდგომი აუდიტი.
მარეგულირებლის როლი აღნიშნული პროცესში არანაკლებია. მას უნდა ჰქონდეს სურვილი ითანამშრომლოს ოპერატორთან, არ იყოს ორიენტირებული მის დაჯარიმებაზე. მარეგულირებელსა და ბიზნესს შორის თანამშრომლობას ყოველთვის უფრო მეტი პოზიტიური შედეგი მოაქვს. მაგალითად, საქართველოში ბიზნესი მჭიდროდ თანამშრომლობს მარეგულირებელთან და კომუნიკაციაში შუამავლის როლს ასრულებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია.
საქართველო აღნიშნულ საკითხს მიუდგა შემდეგნაირად.
პირველ რიგში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების სურვილი გაუჩნდა როგორც სახელმწიფოს, ასევე ოპერატორებს.
მეორე - ოპერატორების, სახელმწიფო უწყებების და სამართადამცავი უწყებების მჭიდრო თანამშრომლობა.
მესამე - მოხდა მნიშვნელოვანი ცვლილებები კანონმდებლობაში. შევიდა ცვლილებები მომხმარებელთა ვერიფიკაციის და იდენტიფიკაციის შესახებ კანონში. კერძოდ ბიზნესისა და სახელმწიფოს მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად, რომლებიც მუშაობდნენ აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივის ცვლილებებზე, შესაძლებელი გახადა მიღებული საკანონმდებლო აქტების უნიფიცირება.
მეოთხე – შევიდა ცვლილებები ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ კანონში. თუმცა მანამდეც არსებობდა აღნიშნული კანონი, მაგრამ ოპერატორებისა და ასოციაციის ჩართულობით მოხდა კანონმდებლობის გაუმჯობესება და დახვეწა.
მეხუთე - ოპერატორების მხრიდან სამართალდამცავ ორგანოებთან და ფინანსური მონიტორინგის სამსახურთან მჭიდრო თანამშრომლობის სურვილი. რაც ბუნებრივია, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ოპერატორებს იყვნენ უფრო გამჭვირვალე.
მეექვსე - ფინანსური ინსტიტუტების და ოპერატორების თანამშრომლობა, გადახდების სისტემაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვის მიზნით.
ამ ცვლილებებითა და სახელმწიფოს, მარეგულირებლისა და ბიზნესის მჭიდრო თანამშრომლობით, საქართველომ მიიღო კომპლექსური შესაძლებლობა გააკონტროლოს ფულადი ტრანზაქციები და ფულადი ტრანზაქციის საბოლოო მიმღები.
ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ მოსაზრებას, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ადგილობრივი ოპერატორების განვითარებას. ბუნებრივია, რომ არალეგალური ოპერატორები, არ დაემორჩილებიან არცერთ წესს. მარეგულირებლები მათ წინაშე უძლურები არიან, რადგან არალეგალური ოპერატორები მათ იურისდიქციაში არ ექცევიან. უკანონო ოპერატორებთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური მეთოდია ადგილობრივი ბაზრის განვითარება.
ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ადგილობრივი ოპერატორებისა და სამთავრობო უწყებების თანამშრომლობა, როგორიცაა ფინანსური მონიტორინგის სამსახური და სამართალდამცავი უწყებები. საკუთარი მომხმარებლების ცოდნით შეიძლება დიდი სარგებელის მიღება. თუნდაც იმ ფაქტის გავითვალისწინებით, რომ ძალზედ რთულია დანაშაულებრივი ქმედებებისაგან მიღებული შემოსავლების ხარჯვის და შემდგომი გათეთრების გარჩევა.
დანაშაულებრივი შემოსავლის გამოვლენა სინამდვილეში გაცილებით რთულია ვიდრე ეს ჩვენ წარმოგვიდგენია. ეს ის სფეროა, რაზეც დღეს სექტორი ფოკუსირებული უნდა იყოს. ზოგადად, აზარტული თამაშების ინდუსტრიაში დახვეწილი სისტემების მეშვეობით შესაძლებელია მოხდეს მომხმარებლის ქცევის მეშვეობით ამოცნობა თუ რას ემსახურება მისი ქმედება. ასევე ამ პროცესში მნიშვნელოვანი როლი ენიჭება კვალიფიციურ პერსონალს. არ უნდა დავივიწყოთ ის ფაქტიც, რომ საბოლოოდ სამართალდამცავ ორგანოებზეა დამოკიდებული საქმის საბოლოო გამოძიება.
ერთადერთი გზა ოპერატორისთვის, რომ დაიცვას თავი იმისგან რომ მისი კლიენტი არ თამაშობდეს უკანონოდ და დანაშაულებრივი გზით მოპოვებული შემოსავლებით არის ზუსტად იმის გაგება, თუ ვინ არის მისი კლიენტი და რას აკეთებს. ის, რაც ცნობილია კლიენტის შესახებ, რეგულარულად უნდა შეფასდეს და შესაბამისი ჩანაწერები შენარჩუნდეს. აქ, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს AML და CRM დეპარტამენტების გუნდური მუშაობა, რომელიც იკვლევს მომხმარებლის ქცევას და ეჭვის გაჩენის შემთხვევაში ანგარიშს აწვდის ფინანსური მონიტორინგის სამსახურს. რომელიც, რა თქმა უნდა, შემდგომ გამოძიებას ატარებს. ასეთი ეჭვები შეიძლება წარმოიშვას მომხმარებელთა გაზრდილი აქტივობის, არარეგულარული ტრანზაქციების, P2P თამაშისას და მრავალი სხვა გზით. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ნათლად განვსაზღვროთ ამოცანა, რომელიც მომავალში დაიცავს კომპანიას ზედმეტი სანქციებისა და ზარალისგან.
ჯანსაღი ბიზნესგარემო და გამჭირვალე პროცესები კიდევ უფრო ზრდის მსხვილი უცხოური კომპანიების ინტერესს. ინვესტორებისთვის ცალსახად უფრო მიმზიდველია ისეთი ბაზრები, სადაც არამხოლოდ ლიცენზირებული ოპერატორები იცავენ თამაშის წესებს, არამედ ადგილობრივი ოპერატორები და სამთავრობო უწყებები, როგორიცაა ფინანსური მონიტორინგის სამსახური და სამართალდამცავი ორგანოები მჭიდროდ თანამშრომლობენ ერთმანეთთან დანაშაულის გამოსარიცხად.
ასევე, მთავარი პრინციპია ოპერატორების სრული გამჭვირვალობა და მათი მომხმარებლების ინფორმირების სურვილი. ვინაიდან ინფორმირებული მომხმარებელი უფრო დაცულია სხვადასხვა მანიპულაციებისგან. სწორი კომუნიკაცია და ინფორმირებულობა საშუალებას აძლევს ოპერატორებს მომავალში უფრო მჭიდროდ იმუშაონ თავიანთ კლიენტებთან.
პასუხისმგებლიანი თამაშის პრინციპები
პასუხისმგებლიანი თამაში - რატომ არის ის მნიშვნელოვანი და მომგებიანი როგორც აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის, ასევე რეგულატორებისთვის.
რა არის სოციალური პასუხისმგებლობა?
სოციალური პასუხისმგებლობა არის ეთიკური ჩარჩო, რომელშიც ინდივიდები ან კორპორაციები პასუხისმგებლობას იღებენ თავიანთი სამოქალაქო მოვალეობებზე და შედეგად მათ ქმედებებს სარგებელი მოაქვთ მთლიანად საზოგადოებისთვის. არსებობს სამი ძირითადი თეზისი, რომელიც აზარტული თამაშების ყველა ოპერატორმა უნდა შეასრულოს:
1. დანაშაული უნდა გამოირიცხოს აზარტული თამაშებიდან.
2.თამაში უნდა წარიმართოს გამჭირვალედ და ღიად.
3. ბავშვები და სხვა მოწყვლადი პირები დაცული უნდა იყვნენ აზარტული თამაშების შედეგად გამოწვეული ზიანისგან ან ექსპლუატაციისგან.
აზარტული თამაშებით დაინტერესებული ადამიანების უმეტესობა გართობის მიზნით თამაშობს და შესაბამისად, ისინი არ ზიანდებიან, მაგრამ ზოგიერთისთვის აზარტული თამაშები შეიძლება არაჯანსაღი გართობის საშუალება გახდეს, რაც შეიძლება გადაიზარდოს აზარტულ დამოკიდებულებაში. დამოკიდებულებით გამოწვეული ზიანი არ შემოიფარგლება მხოლოდ მოთამაშით, მას ასევე გრძნობენ ოჯახები, მეგობრები, სოციუმი და დამსაქმებლები.
აზარტული თამაშები ყოველთვის იყო საჯარო განხილვის საგანი და რიგი პოპულისტი პოლიტიკოსებისთვის დამატებითი ელექტორატის მოზიდვის ინსტრუმენტი. ცალკეული სუბიექტები, ყოველთვის ცდილობენ სათამაშო ბიზნესის დისკრედიტაციას. რა თქმა უნდა, რეალური ვითარება რადიკალურად განსხვავებულია, მაგრამ ეს არავის და განსაკუთრებით ოპერატორებს და სახელმწიფოს არ ათავისუფლებს არსებული პრობლემისგან.
დღეს შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა ჯერ კიდევ არსებობს, რადგან ამას თავად ადამიანის არსი ქმნის. მიუხედავად იმისა რომ სტატისტიკურად დამოკიდებული მოთამაშეების წილი სხვადასხვა ქვეყანაში ძალიან მცირეა, მასშტაბის არქონის მიუხედავად, ყველამ უნდა აიღოს თავისი პასუხისმგებლობის წილი, როგორც სახელმწიფომ, საზოგადოებამ, ასევე ოპერატორებმა. გამომდინარე იქიდან, რომ არც ერთი ოპერატორს არ სურს დამოკიდებული და არაკეთილსინდისიერი მოთამაშები იყვნენ მათი მომხმარებლები, იდენტიფიცირებისა და გადამოწმების პროცედურების შემდეგ, ოპერატორი უნდა აკონტროლებდეს და აანალიზებდეს მოთამაშეების ქცევას.
ოპერატორი ვალდებულია გაანალიზოს და თავიდან აიცილოს მოთამაშეების გადაჭარბებული ხარჯვა, რაც მნიშვნელოვნად აზიანებს დამოკიდებულ პირს და პრობლემური აზარტული თამაშის დამახასიათებელი ნიშანია. გადახდის თითოეულ ტიპს, ნაღდ ანგარიშსწორებასა თუ საკრედიტო ბარათებს, აქვს განსხვავებული სტრუქტურული მახასიათებლები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს აზარტული მოთამაშის ქცევაზე. აზარტული თამაშების ოპერატორები, ფინანსური ინსტიტუტები, მარეგულირებლები და ადამიანები, რომლებიც თამაშობენ - ყველა მნიშვნელოვან როლს ასრულებენ დამოკიდებული პირის ფინანსური ზიანის მინიმუმამდე შემცირებაში.
თავისთავად მნიშვნელოვანი კომპონენტია ოპერატორსა და მომხმარებელს შორის კომუნიკაცია. კლიენტს, რომელიც გადაწყვეტს გადადგას „თვითდაბლოკვის“ ნაბიჯი, უნდა შეეძლოს ამის გაკეთება დაუყოვნებლივ და არ უნდა დაელოდოს ბიუროკრატიული პროცედურების გავლას. ბუნებრივია, ეს პროცესი შეიძლება ავტომატიზირებული იყოს ონლაინ ინდუსტრიაში, მაგრამ ოფლაინ ინდუსტრიაში უნდა არსებობდეს საშუალება, რომელსაც შეუძლია გადაჭრას მოთამაშის პრობლემა მყისიერად.
ასევე მნიშვნელოვანია პერსონალის მომზადება, რათა გამოავლინონ პოტენციური მოწყვლადი მომხმარებლები, რომლებიც ვერ აკონტროლებენ თამაშის პროცესს. ასეთ სიტუაციაში ოპერატორებისთვის საუკეთესო იარაღია მომხმარებლების ცნობიერების ამაღლება. არსებობს სპეციალური პროგრამები, რომელსაც შეუძლია დაადგინოს, დებს თუ არა ადამიანი შეუსაბამოდ დიდ ფსონებს. რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ორიენტირებულია მოგებაზე, მაგრამ არავინ უნდა აარიდოს თავი სოციალურ პასუხისმგებლობას.
მაღალი სტანდარტების დანერგვა მნიშვნელოვანი კომპონენტია მომხმარებელთა დაცვის საკითხში. ეს საკითხი ყოველთვის უნდა განიხილებოდეს ოპერატორებს, მარეგულირებლებს, კანონმდებლებს, მომხმარებელთა დამცველებსა და საზოგადოებას შორის.