02 დეკ, 2021
"მიუღებელია ის ტონი და ფორმა, რომლითაც მთავრობა ბიზნესთან ურთიერთობს", - ამის შესახებ ჟურნალისტებს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა განუცხადა.
მან მედიას სათამაშო ბიზნესის პოზიცია გააცნო და აღნიშნა, რომ მოსალოდნელი რეგულაციები ბიზნესისთვის მიუღებელია.
საქმე ის არის, რომ სათამაშო ბიზნესისთვის მოსალოდნელი რეგულაციები პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე დღის წინ დააანონსა. ფინანსთა სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტის სამუშაო ვერსიის თანახმად, რომელიც პარლამენტს, სავარაუდოდ, მიმდინარე თვეში წარედგინება, დაახლოებით, მილიონ ადამიანს თამაში აეკრძალება, მათ შორის საჯარო მოხელეებს, ასევე სოციალურად დაუცველებს. გარდა ამისა, ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ონლაინ-კაზინოებს გადასახადები უნდა გაიზარდოს; ასევე იზრდება ასაკობრივი ზღვარი და იკრძალება სატელევიზიო რეკლამა, გარდა სპონოსორობისა.
"მოსალოდნელი რეგულაციები სავსებით მიუღებელია, გამომდინარე იქიდან, რომ ბიზნესთან არ გამართულა კონკრეტული კონსულტაციები; მიუღებელია ის ტონი და ის ფორმა, რომლითაც ბიზნესთან ურთიერთობს მთავრობა, თან მედიის საშუალებით. მიუხედავად ჩვენი არაერთი მცდელობისა, რომ გავსულიყავით კონტაქტზე, მთავრობის მხრიდან ჩვენთან შეხვედრაზე არანაირი ინიციატივა არ არის. ეს აზიანებს არა მარტო ქვეყნის იმიჯს, და არა მარტო იმ კომპანიებს, რომლებიც ქართულ ბაზარზე ოპერირებენ, არამედ ეს არის დამაზიანებელი იმ საერთაშორისო კომპანიებისთვის, რომლებიც დღეს წარმოდგენილნი არიან მსოფლიო საფონდო ბირჟებზე“, - განაცხადა მამულაიშვილმა.
ის ფიქრობს, რომ სათამაშო ბიზნესი დღეს ძალიან კარგად არის დარეგულირებული და ამას მოწმობს ის, რომ არაერთი საერთაშორისო კომპანია არის დაინტერესებული ქართული მოდელით, რომ მაგალითები გადაიღოს. „ზუსტად ამიტომ არის მიუღებელი ის ფორმა, რა ფორმითაც ხდება საუბარი ამ რეგულაციებზე“, - ამბობს მამულაიშვილი.
კითხვას - რა მოხდება, თუკი მთავრობა ამ ბიზნესისთვის თამაშის წესებს შეცვლის და გადაინაცვლებს თუ არა დარგი იატაკქვეშ, გიორგი მამულაიშვილი პასუხობს, რომ ამ შემთხვევაში დიდი რაოდენობით მოქალაქეები უცხოურ ბაზარზე გადაინაცვლებენ და იქ ითამაშებენ.
"ეს არის არალიცენზირებული საიტები, რომლებიც არ არიან საქართველოში რეგისტრირებულები. მოხდება საკმაოდ დიდი ოდენობით თანხების გადინება. დღესაც ხდება გადინება ჩვენი მოქალაქეების საზღვარგარეთ და წელიწადში ეს თანხა შეადგენს 120 მლნ ლარს, რაც გაედინება ქვეყნიდან. ამის კონტროლი იქნება შეუძლებელი არსებული ტექნოლოგიების გამო. მიუხედავად იმისა, რომ ამბობენ, თითქოს დაიბლოკება გარკვეული არხები და მათ შორის VPN, ასეთი მაგალითები მსოფლიოში არ არსებობს, თუნდაც აშშ-ის მაგალითი რომ ავიღოთ, ასევე ჩინეთი, თავისი რესურსებით ამის გაკეთება ამ ქვეყნებმა ვერ მოახერხეს და ეჭვი მეპარება, ეს საქართველოს მთავრობამ მოახერხოს“, - განაცხადა მამულაიშვილმა.