24 ნოე, 2021
ხელისუფლება ონლაინკაზინოების აკრძალვას აპირებს. ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბერს ჩატარებულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, პირველ ეტაპზე ონლაინკაზინოების მფლობელებისთვის გაიზრდება გადასახადი, აიკრძალება რეკლამა და ასაკობრივი ბარიერი 25-წლამდე აიწევს. შემდეგი ეტაპი ონლაინკაზინოების საქმიანობის შეწყვეტა იქნება, რადგან მომხმარებლების „99% არის გაჭირვებული მოსახლეობა, ისინი, ვინც არ მუშაობენ“. სათამაშო ბიზნესი, რომლისთვისაც მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი იყო, საკითხის მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტას ითხოვს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ონლაინკაზინოების უმრავლესობა დღეს უცხოური კომპანიაა და მათი მეშვეობით ქვეყნიდან 1,5 მილიარდი ლარი გაედინება. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ მთლიანად შეიცვლება აზარტული თამაშების დასაბეგრი ბაზა. კერძოდ, დაიბეგრება GGR (Gross gaming revenue) ანუ შემოსული ფსონები და გაცემული მოგება. ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ გაზრდილი საგადასახადო ტვირთი აზარტულ თამაშებზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს.
რას პასუხობს ბიზნესი ხელისუფლებას
„აკრძალვა არ არის გამოსავალი”, – აცხადებს სათამაშო ბიზნესი. კომპანიები მიიჩნევენ, რომ აკრძალვა არ მოიტანს იმ შედეგს, რისი მიღწევაც ხელისუფლებას სურს. პირიქით, აზარტული თამაშების დიდი ნაწილი ჩრდილოვანი გახდება და იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს, რაც ქვეყანაში დამატებით პრობლემებს შექმნის.
„საქართველოში სათამაშო ბიზნესი ეფექტურად და გამჭვირვალედ რეგულირდება. მუდმივად გვაქვს კონსულტაციები მთავრობის მიერ სექტორისთვის დანიშნულ რეგულატორთან და მზად ვართ დამატებითი კონსულტაციებისთვის. იმედი მაქვს, მთავრობა კონსტრუქციულ დიალოგზე წამოვა, მოისმენს ჩვენს აზრს და სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს”, – აცხადებს Business Feed-თან საუბრისას სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
სათამაშო ბიზნესის შემოსავალი
აზარტული თამაშები ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი ბიზნესია საქართველოში. განსაკუთრებით მზარდია ონლაინ კაზინოების შემოსავლები, რომელსაც პანდემიის პერიოდში მომხმარებლების რაოდენობა კიდევ უფრო გაეზარდა. საქსტატის მონაცემებით, 2020 წელს ამ სექტორის ბრუნვამ 24%-ით მოიმატა და რეკორდულ 32 მილიარდ ლარს მიაღწია. სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბრუნვის ზრდა არ ნიშნავს იმას, რომ მოგებაც პროპორციულად იზრდება. ბრუნვის მოცულობა განისაზღვრება ყოველ ჯერზე დადებული ფსონების ჯამით და ბიზნესისთვის ყველა ჯერზე მოგება არ მოაქვს. სექტორის მონაცემებით, სულ ბიზნესმა გასულ წელს 362,6 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ამ თანხის დიდი ნაწილი ონლაინკაზინოებზე მოდის.
2021 წლისთვის ბაზარზე 133 აზარტული კომპანია მუშაობს. მათი რიცხვი 2019 წელს 145 იყო. ყველაზე დიდი კომპანიებია შპს მარსი, შპს ავიატორ, შპს ბეთლაივი, შპს ფულ ჰაუსი, შპს ჩემპიონები 111, შპს ლიდერ–ბეთ სლოტი. ეს კომპანიები, იმავდროულად, ქვეყანაში არსებული 10 უმსხვილესი კომპანიების ჩამონათვალში შედიან.
ყველაზე დიდი კომპანიები საქართველოში რას იხდის ბიზნესი
გადასახადების სახით სათამაშო ბიზნესს სახელმწიფო ბიუჯეტში 2020 წელს სულ 350 მილიონი ლარი აქვს შეტანილი (2019 წელს 416 მილიონი ლარი ჰქონდა გადახდილი). აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვა 7%-ის განაკვეთით იბეგრება. გარდა ამისა, ბიზნესი იხდის დღგ-ს, მოგების გადასახადს; საშემოსავლო და ქონების გადასახადს. ასევე, მოსაკრებელს სამორინეს, სათამაშო აპარატების სალონის, ტოტალიზატორის, ლოტოს, ბინგოსა და წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვაზე.
კომპანია Random Systems, რომელიც მთავრობამ სათამაშო ბიზნესის სექტორის ზედამხედველობის განსახორციელებლად დაიქირავა, აცხადებს, რომ ამ სექტორს ზრდის პოტენციალი აქვს და ისინი ამ მიზნით მთავრობასთან მუშაობენ. მათი ერთ-ერთი რეკომენდაცია ამ სფეროს რეგულირების გამკაცრებასაც გულისხმობს.
რას აძლევს სათამაშო ბიზნესი ეკონომიკას
Random Systems-ის მონაცემებით, ამჟამად სათამაშო ბიზნესი ქვეყნის ეკონომიკის 2%-ს ქმნის და სექტორის განვითარების შემთხვევაში მისი წილი მოიმატებს. საქართველოში ამ სექტორის განვითარებას ხელი შეუწყო მეზობელი ქვეყნების – თურქეთისა და ირანის პოლიტიკამ, სადაც კაზინოები აკრძალულია. აგრეთვე, შეზღუდვების არსებობამ აზერბაიჯანსა და რუსეთში, რამაც ამ რეგიონებიდან ტურისტების შემოსვლას შეუწყო ხელი. მათი საქართველოში ვიზიტის მიზანი, მოგზაურობის გარდა, აზარტული თამაშებიც არის, რასაც ქვეყანაში დამატებითი ეკონომიკური შემოსავლები მოაქვს. აზარტული თამაშების ლეგალურობამ განაპირობა საქართველოში მსხვილი უცხოური აზარტული კომპანიების შემოსვლა, მათ შორის ამერიკული IGT-ის, შვედური Betsson-ის, რაც დამატებითი ინვესტიციებისა და სამუშაო ადგილების შექმნას ნიშნავს. Random Systems-ის ინფორმაციით, ქვეყანაში შემოსვლას სხვა ცნობილი კომპანიებიც გეგმავენ. თუმცა, რეგულაციების გამკაცრებამ მათ გადაწყვეტილება შესაძლოა, შეცვალონ.
რა მოაქვს აკრძალვას
როგორც სათამაშო ბიზნესის წარმომადგენლები აცხადებენ, ონლაინკაზინოების აკრძალვამ არსად გაამართლა. აკრძალვის შემდეგ ბიზნესი ჩრდილოვანი და უკონტროლო გახდა. გარდა ამისა, იმ ქვეყნებმა, სადაც ონლაინთამაშები აიკრძალა, მნიშვნელოვანი შემოსავლები დაკარგეს, რადგან აზარტულმა მოთამაშეებმა ფსონების დადება ოფშორულ საიტებზე დაიწყეს. სტატისტიკა აჩვენებს, რომ ეს ინდუსტრია საერთაშორისო მასშტაბით ვითარდება. 2020 წელს ევროპაში ონლაინ აზარტული თამაშების ბაზარი 28%-ით გაიზარდა, რასაც კოვიდპანდემიამაც შეუწყო ხელი.
გერმანიაში ონლაინ კაზინოების აკრძალვის შემდეგ, უამრავი გერმანელი არალეგალურად მონაწილეობდა ონლაინ თამაშებში ამერიკისა თუ აზიის ბაზრებზე. იმის მიუხედავად, რომ აზარტული თამაშები გერმანიაშიც პრობლემური საკითხია (როგორც პოლიტიკურად, ასევე მორალურად), ქვეყანამ წელს ონლაინ აზარტული თამაშების ლეგალიზაცია მოახდინა, ოღონდ მკაცრი ზედამხედველობის ქვეშ. ონლაინკაზინოები კომპლექსური სამართლებრივი შეზღუდვების პირობებში ფუნქციონირებენ.
პანდემიის პერიოდში შემოსავალი 3-ჯერ გაეზარდათ ონლაინკაზინოებს აშშ-ში. მაგალითად, იუტა არის აშშ-ის ორი შტატიდან ერთ-ერთი (ჰავაისთან ერთად), რომელიც კრძალავს აზარტული თამაშების ყველა ფორმას. იუტაში მცხოვრები მოთამაშეები ოფშორულ ონლაინსაიტებზე თამაშობენ. მოთამაშეები სასაზღვრო ქალაქებში არსებულ კაზინოებში გადადიან და თანხა გაედინება მეზობელ შტატებში, სადაც აზარტული თამაშები დაშვებულია.