02 დეკ, 2021
2 დეკემბერს, რედისონ ბლუ ივერია თბილისში, გაიმართა პრეს-კონფერენცია, რომლის მიზანიც იყო სათამაშო ბიზნესის შესახებ კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებების თაობაზე პრემიერ მინისტრისა და ფინანსთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით სექტორის წარმომადგენელთა პოზიციის დაფიქსირება.
სათამაშო ბიზნესის ასოციაცია და მთელი ინდუსტრია არის სრულ გაურკვევლობაში აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით. სამწუხაროდ, მთავრობა საუბრობს მხოლოდ მედიის საშუალებით, ისე, რომ არ ითვალისწინებს სექტორში მონაწილე სუბიექტების პოზიციებს, ადგილობრივ, აგრეთვე უცხოურ კომპანიებს, რომლებმაც საქართველოს ეკონომიკაში უმსხვილესი ინვესტიციები განახორციელეს. მართალია, მთავრობის მხრიდან გაჟღერდა ბიზნესთან კონსულტაციის დაპირებები, თუმცა სექტორის არაერთი მცდელობის მიუხედავად, დღემდე ასეთი კონსულტაცია არ შემდგარა.
კატეგორიულად მიუღებელია ამგვარი მატერიალური ცვლილებების მიღება დაჩქარებული წესით, საჭიროა წინასწარი კონსულტაციები, გაანგარიშებები და მოდელირება, თუ რა სახის ეკონომიკურ ეფექტს გამოიწვევს ეს ცვლილები.
კიდევ უფრო შემაშფოთებელია განცხადების ფორმა, რომელიც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს სექტორში ოპერირებად კომპანიებს. საგულისხმოა, რომ აღნიშნული კომპანიების ნაწილი წარმოადგენს მსოფლიოში უმსხვილესი ჯგუფებს, რომელთა აქციები განთავსებულია საერთაშორისო საფონდო ბირჟებზე. განცხადებაში მოცემულია მცდარი ფაქტები, რომელთა გაჟღერება წარმოშობს რეპუტაციულ რისკებს და აისახება ასეთი კომპანიების აქციების ფასზე.
აქვე აღსანიშნავია, რომ განცხადებაში აქცენტი გაკეთდა სექტორისთვის საგადასახადო ვალდებულებების გაზრდის საჭიროებაზე და ეს იმ პირობებში, როდესაც არსებული საგადასახადო ტვირთი კანონმდებლობით ისედაც მძიმეა სექტორისთვის - შეადგენს 40%-ს, რაც დაახლოებით 30%-ით მეტია სხვა ბიზნესებთან შედარებით. ამასთან, დაანონსებული საკანონმდებლო ცვლილება, რომლითაც ონლაინ ინდუსტრიის საგადასახადო ტვირთი გაიზრდება დაახლოებით 70%-მდე, შეუძლებელს ხდის ბიზნესის შემდგომ საქმიანობას, რაც განსაკუთრებით საგულისხმოა იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სექტორში მონაწილე სუბიექტები მნიშვნელოვან გავლენას ახდენენენ სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტის ფორმირებაზე.
საგადასახადო კანონმდებლობაში მოსალოდნელი ცვლილებები ასევე ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრულ გარანტიებს და არღვევს დიდ ბრიტანეთთან და შვედეთთან გაფორმებულ „ინვესტიციების დაცვის შესახებ“ ხელშეკრულებებით დადგენილ პირობებს.
მნიშვნელოვანია, რომ გაცხადებული ცვლილებები უდიდეს უარყოფით გავლენას იქონიებს საქართველოს ეკონომიკის არაერთ სექტორზე. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ სპორტი, მედია, ტელეკომუნიკაცია, ფინანსური და აიტი სექტორი. ეკონომიკური მაჩვენებლების გაუარესებასთან ერთად გაიზრდება უმუშევართა რაოდენობა როგორც სათამაშო ბიზნესის სფეროში, ისე მასთან დაკავშირებულ ინდუსტრიებში, რაც კრიტიკულია იმ პირობებში, რომ ქვეყანაში უმუშევრობის მაჩვენებელი 22%-ია. საუბარია ათასობით დასაქმებულსა და ათეულობით ათას მათზე დამოკიდებულ ადამიანზე.
დამატებით, სახელმწიფოს მხრიდან არაპროგნოზირებადი, გაუაზრებელი საკანონმდებლო ინიციატივები და განცხადებები არსებითად აუარესებს ქვეყნის იმიჯს, საინვესტიციო გარემოს და ნეგატიურად აისახება პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინებაზე, რაც, თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკური სტაბილურობის უმნიშვნელოვანესი გარანტია. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგანგაშოა უცხოური კომპანიების მიერ დივიდენდის სახით განაწილებული მოგების ოდენობის თაობაზე მცდარი მონაცემების გაჟღერება და ასეთი კომპანიების მხრიდან საკუთარი უფლების გამოყენების ბრალდების სახით წარმოჩენა. რომ არაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ სრულიად უგულებელყოფილია ბიზნესის მიერ განხორციელებული პროექტები და მნიშვნელოვანი გავლენა ეკონომიკაზე.
აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სათამაშო ბიზნესი მუდმივად გამოხატავს მზადყოფნას გონივრული რეგულაციების დანერგვის მიმართ, რისი მაგალითიც არის ბიზნესის აქტიური ჩართულობით 2005 წლიდან დღემდე ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული არაერთი ცვლილება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ პროცესში როგორც სათამაშო ბიზნესის ასოციაცია, ისე საქართველოში მოქმედი ყველა მსხვილი ონლაინ ოპერატორი კომპანია აქტიურად იყო ჩაბმული. სწორედ სათამაშო ბიზნესის სექტორის აქტიური მონაწილეობის შედეგია ის, რომ მოხდა საქართველოში სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი კანონმდებლობის დახვეწა და მიახლოება დასავლურ გამოცდილებასთან. საგულისხმოა, რომ მომხმარებლის რეგისტრაციის/ვერიფიკაციის დღეს საქართველოში მოქმედი რეგულაციები წარმოადგენს მსოფლიოში უმაღლეს სტანდარტს. შედეგად, შეუძლებელია არასრულწლოვანთა მონაწილეობა ლიცენზირებული ონლაინ ოპერატორების მიერ მოწყობილ თამაშობებში.
აქვე ხაზგასასმელია, რომ 2020 წელს სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელ კანონმდებლობაში განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მთავრობის გადაწყვეტილებით, ბიზნესის რეგულირების პროცესში ჩაერთო შემოსავლების სამსახურის მიერ შერჩეული პირი - მარეგულირებელი, რომელიც სრულად, პირდაპირი წვდომით, ყოველდღიურ რეჟიმში, აკონტროლებს ბიზნესში არსებულ ტრანზაქციებსა და პროცესებს, რაც წარმოადგენს სათამაშო ბიზნესის სრულად გამჭვირვალობის გარანტს.
ზემოხსენებულის გათვალისწინებით, სათამაშო ბიზნესი დღეს სრულად ლეგალური, გამჭვირვალე და რეგულირებულია საქართველოში, რასაც მოწმობს ის გარემოებაც, რომ საქართველოს ბაზრით დაინტერესებულია, როგორც უმსხვილესი საერთაშორისო კომპანიები, ისე სხვადასხვა ქვეყნის სათამაშო ბიზნესის მარეგულირებელი ორგანიზაციები როგორც რეგიონის, ისე მსოფლიოს მასშტაბით.
რაც შეეხება გადასახადების გაზრდის გარდა მთავრობის წარმომადგენლების მიერ დაანონსებულ სხვა ცვლილებებს, მიგვაჩნია, რომ მათი გავლენა არ არის სათანადოდ შეფასებული. აქვე აღსანიშნავია, რომ ისინი არ ეფუძნება განვითარებული სახელმწიფოების მიდგომას და მოკლებულია სათანადო დასაბუთებას. ცვლილებების ნაწილი არაკონსტიტუციურია. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიტანოთ, ასაკობრივი ზღვრის 25 წლამდე გაზრდა. იმ პირობებში, როდესაც ქვეყანაში ქმედუნარიანობის ასაკი 18 წელია, ხოლო არჩევით თანამდებობაზე დაშვებულია 21 წლის ასაკიდან პირის არჩევა, რომელსაც უფლებამოსილება აქვს მიიღოს სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილებები, მოთამაშეთა მინიმალური ასაკის ზღვარის 25 წლამდე გაზრდა სრულად დაუსაბუთებელია. სრულწლოვანი მოქალაქისთვის ასაკობრივი ცენზის დაწესებით, იზღუდება მისი უფლება, თავისუფლად განკარგოს მის საკუთრებაში არსებული სახსრები, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული საკუთრების უფლების პირდაპირი დარღვევაა. ამასთან, მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნების უმრავლესობაში მინიმალური ასაკობრივი ზღვარი 18 წელია. ასევე დაუსაბუთებელია რეკლამის აკრძალვის დაანონსებული რეგულაცია. მსოფლიოში ქვეყნების აბსოლუტურ უმრავლესობაში რეგულირებული სათამაშო ბიზნესის და ლიცენზირების პირობებში დასაშვებია რეკლამაც.
საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული აკრძალვები განსაკუთრებით თვალშისაცემია იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო უდიდეს ქვეყნებს აღებული აქვთ საპირისპირო კურსი, მაგალითად, აშშ-ში პერიოდულად იზრდება იმ შტატების რაოდენობა, სადაც დაშვებულია ონლაინ გემბლინგი/თამაშები, გაიხსნა და დარეგულირდა უკრაინის და ბელარუსიის ბაზარი. ხსენებული საერთაშორისო კურსი გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ მსოფლიო გამოცდილებით სათამაშო ბიზნესის აკრძალვა არ წარმოადგენს თამაშის შეზღუდვისა თუ თამაშდამოკიდებულების აღმოფხვრის საშუალებას, ვინაიდან აკრძალვის პირობებშიც თამაში გრძელდება არალეგალურ ვებ-გვერდებზე თუ უკანონო ე.წ. „ხელზე თამაშის“ სახით. უფრო მეტიც, აკრძალვას თან ახლავს მთელი რიგი უარყოფითი შედეგები, მათ შორის, კრიმინალის ზრდა. აკრძალვის პირობებში ზარალდება ქვეყნის ეკონომიკა მიუღებელი გადასახადების და აკრძალვით გამოწვეული სხვა ნეგატიური ეფექტების საფუძველზე ისე, რომ არ ხდება საქართველოს მთავრობის მიერ გაჟღერებული პრობლემების გადაჭრა.
უფრო მეტიც, ჩვენი შეფასებით, დაანონსებული ცვლილებები გამოიწვევს მომხმარებლების გადინებას უცხოურ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე, სადაც ასაკობრივი ზღვარი 18 წელია და არ მოქმედებს რეგისტრაცია/ვერიფიკაციის მაღალი სტანდარტები. აღნიშნული ფაქტობრივად გამორიცხავს მათი უფლებების დაცვის კონტროლს სახელმწიფოს მხრიდან. დამატებით საყურადღებოა ასეთი გადინების შედეგად ვალუტის კურსსა და ეკონომიკაზე მოსალოდნელი უარყოფითი ეფექტი. ქვეყნის გარეთ რეგისტრირებული სათამაშო ბიზნესის კომპანიების სასარგებლოდ შესრულებული ოპერაციების მოცულობა ყოველწლიურად აღემატება 120 მლნ. ლარს, რაც გაცხადებული შეზღუდვებისა და აკრძალვების საფუძველზე, ჩვენი გათვლებით, სულ მცირე 10-ჯერ გაიზრდება. აღნიშნული რისკების აღმოფხვრა შეუძლებელია სახელმწიფოს მიერ დაანონსებული საერთაშორისო გადახდებისა და უცხოურ ვებ-გვერდებზე წვდომის შეზღუდვის პირობებშიც. 21-ე საუკუნეში ტექნოლოგიური შესაძლებლობებისა და უცხოური საფულეების ხელმისაწვდომობის პირობებში ფაქტობრივად შეუძლებელია ქვეყნის გარეთ, არალიცენზირებულ ვებ-გვერდებზე თამაშისა და შესაბამისად, თანხის გადინების აღმოფხვრა. დღესდღეობით მსოფლიოში არ არსებობს ისეთი ტექნოლოგია, რომლის მეშვეობითაც მოხდება ე.წ. VPN-ის ბლოკირება, რისი ნათელი მაგალითია აშშ და ჩინეთი, რომელთაც, მიუხედავად განუსაზღვრელი რესურსისა, მაინც ვერ მოახერხეს მომხმარებლებისთვის ვირტუალურ პირად ქსელებზე წვდომის შეზღუდვა.
დღევანდელი მოცემულობით, თუ მთავრობა შეინარჩუნებს ცალმხრივ პოზიციას და არ წამოვა ბიზნესთან კონსტრუქციულ დიალოგზე, იძულებული ვიქნებით, შესაბამისად მოვახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია, უარი ვთქვათ მთელ რიგ სოციალურ, თუ სხვა პროექტებზე, მათ შორის, სპონსორობაზე, და ვინაიდან გაცხადებული ცვლილებებით აზრი ეკარგება ბიზნესის სპორტულ ნაწილს, ბიზნესი იძულებული გახდება, განიხილოს სპორტის პროდუქტის, ონლაინ ტოტალიზატორის გათიშვის საკითხი.