17 სექ, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებულმა სამუშაო ჯგუფმა „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ კანონის“ პროექტი მოამზადა, რომელიც აღნიშნული სექტორისთვის რეგულაციებს ითვალისწინებს.
კანონპროექტის განხილვა სათამაშო ბიზნესის ასოციაციაში გაიმართა. როგორც კონფერენციიდან გახდა ცნობილი, ერთ-ერთი სიახლე, რაც კანონპროექტს შემოაქვს, თამაშებში მონაწილეობის ასაკობრივი ზღვარის 25 წლამდე გაზრდაა.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის წარმომადგენლები ასაკობრივი ზღვარის გაზრდას ეწინააღმდეგებიან, რადგან მათი განმარტებით, 25 წლამდე მოქალაქეები, ვისაც თამაშის სურილი აქვთ, ან უცხოური ვებ-გვერდით ისარგებლებენ, ან ხელზე თამაშის პრაქტიკა დამკვიდრდება.
„კანონპროექტში ძალიან ბევრი ხარვეზია, რაც უკვე დარეგულირებულ სფეროს ზიანს შეუქმნის. მაგალითად, წლოვანების ზღვარის აწევა არ შექმნის იმის პრეცედენტს, რომ არ 25 წლამდე ასაკის მოსახლეობამ არ ითამაშოს. ძალიან ბევრი მოთამაშე წავა უცხოურ საიტებზე, რაც ეკონომიკაში პრობლემებს გამოიწვევს – ვალუტის გადინებას ქვეყნიდან და სრულ უკონტროლობას ამ ბაზარზე, ის მომხმარებელი კი, რომელიც რაღაც პერიოდის განმავლობაში სხვა ბაზარზე იქნება, საქართველოში არ დაბრუნდება და გრძელვადიან პერსპექტივაში, ეს დარგი ზარალისკენ წავა, რაც მე მგონია, რომ ქვეყნისთვის მომგებიანი არ არის, რადგან დღეს დარგი საკმაოდ დიდ გადასახადებს იხდის, საკმაოდ ბევრ დამოკიდებულ ბიზნესებთან არის კონტაქტში, საიდანაც ასევე შესდის სახელმწიფოს გადასახადები“, – განმარტა სათამაშო ბიზნეს ასოციაციის გამგეობის წევრმა გიორგი მამულაიშვილმა.
მისივე თქმით, ასოციაციას აქვს საკუთარი ხედვა, თუ როგორ შეიძლება, იდენტიფიცირება-ვერიფიცირების პროცესების კიდევ უფრო გამკაცრება.
„შეზღუდვა პრობლემის გადაჭრის მეთოდი არ არის. ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, იმდენად არის განვითარებული როგორც ფინანსური, ისე ტექნოლოგიური ბაზარი, რომ სახელმწიფოს სხვა ბაზარზე გასვლის შეფერხების რესურსი არ აქვს, ასევე, ვერ ჩაკეტავს ფინანსურ ინსტრუმენტებს – ელექტრონულ საფულეებს და ა.შ. შესაბამისად, მომხმარებლებს რჩებათ წვდომა უცხოურ პროდუქტებთან მიმართებაში. ამით სახელმწიფო ზარალდება, მით უმეტეს, როცა მასიურად დაიწყება უცხოური პროდუქტების მოხმარება, მათ შორის, არასრულწლოვნების მიერ, რომლებიც დღეს სათამაშო ბიზნესის სფეროში ვერ იღებენ იმ სერვისს, რაც სრულწლოვანს შეუძლია, რადგან ამას ყველა კომპანია ზღუდავს და ცდილობს, ასეთი პრეცედენტები არ იყოს, თუ უფროსის ხელშეწყობა არაა“, – აღნიშნა მამულაიშვილმა.
აღნიშნული კანონპროექტი ჯერ სამუშაო ჯგუფის ფორმატში განიხილება, ამიტომ უცნობია, გადაეგზავნება თუ არა პარლამენტს წარმოდგენილი რეგულაცია უცვლელი სახით დასამტკიცებლად.
შეგახსენებთ, რომ ამ ეტაპზე ონლაინ-თამაშებში მონაწილეობა 18 წლის მოქალაქეს შეუძლია, უშუალოდ სამორინესა და აზარტულ კლუბში შესვლა კი – 21 წლის.
წყარო: https://commersant.ge/ge/post/25-wlamde-moqalaqeebistvis-azartuli-tamashebi-aikrdzaleba