10 ივლ, 2019
“მენქიუს წიგნი მაქვს მაგიდაზე, ყოველდღე ვკითხულობ, ოთხი სხვადასხვა სახელმძღვანელო მაქვს ეკონომიკაზე და ყოველდღე ვკითხულობ, ასეთი რეცეპტი, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვით სიღარიბეს მოვაგვარებთ, არ არსებობს, _ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძე “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი” განაცხადა.
თალაკვაძის თქმით, საკითხს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და მხოლოდ რეგულაციები სიღარიბეს ვერ შეამცირებს.
“თამაშზე დამოკიდებულება არის პრობლემა და სათამაშო სფეროში ასეთი ვითარება არის სოციალური ფონის ერთ-ერთი შედეგი და შემადგენელი. ეს პრობლემა შედეგია და არა დასაწყისი. თქვენ როდესაც მეუბნებით, რეგულაციებზე, როგორ ფიქრობთ, სათამაშო ბიზნესს რომ დაარეგულირებ, ამით სიღარიბე შემცირდება? თუ ავკრძალავთ სათამაშო ბიზნესს, სიღარიბე შემცირდება? ამას უნდა შევხედოთ როგორც სოციალურ პრობლემას და მოვაგვაროთ, როგორც სოციალური პრობლემა. როდესაც სათამაშო ბიზნეს ახლავს დამოკიდებულება, ეს დამოკიდებულა შემდეგ იკვეთება სხვადასხვა სოციალურ სფეროებში, ეს არის არასრულწლოვნები, კრიმინალი, არალეგალური და ჩრდილოვანი შემოსავლები და სხვა. ბევრი ასპექტი აქვს ამას. სიღარიბის მოგვარების დაწყება სათამაშო ბიზნესის რეგულირებთ, ასეთი რამ არ ვიცი… მენქიუს წიგნი მაქვს მაგიდაზე, ყოველდღე ვკითხულობ, ოთხი სხვადასხვა სახელმძღვანელო მაქვს თანამედროვე ეკონომიკაზე და ვკითხულობ, ეგეთი რეცეპტი, რომ სათამაშო ბიზნესზე შეზღუდვით სიღარიბეს მოვაგვარებთ, არ არსებობს“, _ განაცხადა თალაკვაძემ.
წამყვანმა პარლამენტის თავმჯდომარეს შეახსენა, რომ პრობლემაა ე.წ. ელიოზის სინდრომი, როდესაც უკიდურეს გაჭირვებაში მყოფ ადამიანებს მოგების ცრუ იმედები აქვთ და ამით უფრო მეტ პრობლემას იქმნიან.
„ ელიოზის აკრძალვით ან მისი საზოგადოებიდან გაყვანით, ელიოზის სინდრომი არ გაქრება. როდესაც არ იქნება ერთი ელიოზი, გამოჩნდება _ მეორე. ამ სფეროს რა სჭირდება იცით? ამ სფეროს კომპლექსური მიდგომა სჭირდება და ეს არის განათლება, მართლმსაჯულება, სამართალდაცვითი კომპონენტი, სათამაშო ბიზნესის ადმინისტრირება და დაბეგვრა, კონკრეტული წესები, რომ 18 წლამდე ბავშვები ამ ბიზნესში არ ჩაერთონ და არავინ მისცეს მათ ამის შესაძლებლობა”, _ აცხადებს თალაკვაძე.
კითხვაზე, მაშინ, როცა დღევანდელი კანონმდებლობა კრძალავს 18 წლამდე პირების სათამაშო ბიზნესში ჩართვას, რატომ არ ხდება კანონის აღსრულება, თალაკვაძე პასუხობს, რომ სავარაუდოდ, კანონის აღსრულებაშია პრობლემა. მისივე თქმთ, რეგულირება საჭიროა და იმ საკითხებზე ისაუბრა, თუ რა ნაბიჯები უნდა გადადგას ხელისუფლებამ.
“უნდა შეფასდეს, რა არის სათამაშრო ბიზნესის როლი ეკონომიკაში, რა არის სათამაშო ბიზნესის როლი სოციალურ სფეროში, რა არის უსაფრთხოების სფეროში. რა ხდება რეგულაციების თვალსაზრისით და შემდეგ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება. ხელაღებით რაღაცის აკრძალვა ან დაშვება არ არის ის, რაც სიღარიბეს შეამცირებს, ან უკეთესს მოუტანს ქვეყანას. საჭიროა კომპლექსურად შეფასება და ღონისძიებებიც კომპლექსურად არის მისაღები. აკრძალვები თუ არსებობს, ამის დარღვევებიც არსებობს, თუ კომპლექსურად არ მივუდექით, აქ როგორც აკრძალავ, ერთ მხარეს ჩაკეტავ, მეორე მხარეს გაგექცევა პროცესი”, _ აცხადებს თალაკვაძე.