28 ოქტ, 2026
საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირების ჩატარების შემთხვევაში კაზინოებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესება იგეგმება.
კანონპროექტის თანახმად, თუ საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირის საპრიზო ფონდი 3 მილიონ ლარს (1 155 000 აშშ დოლარს) აღემატება, ორგანიზატორი გათავისუფლდება კლუბის მაგიდაზე გადასახდელი სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლისგან და უფლება ექნება, მიიღოს ტურნირიდან მიღებული შემოსავალი.
ამასთან, უცხო ქვეყნის მოქალაქეები ასეთ ტურნირებში მიღებული შემოსავლის საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლდებიან.
კანონპროექტის მიხედვით, სალიცენზიო პირობების დარღვევისთვის ჯარიმა 50 000 ლარი (19 270 აშშ დოლარი) იქნება, ხოლო საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირის უნებართვოდ ორგანიზებისთვის ჯარიმა 150 000 ლარს (58 000 აშშ დოლარს) შეადგენს.
საერთაშორისო აზარტული თამაშების ტურნირის ორგანიზების წლიური სალიცენზიო მოსაკრებელი 100 000 ლარი (38 600 აშშ დოლარი) იქნება.
საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ამინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი მამულაიშვილის განცხადებით, ასოციაცია უკვე დიდი ხანია სახელმწიფოსა და კანონმდებლებთან ერთად განიხილავს საქართველოს საერთაშორისო ბაზარზე გასვლის საკითხს.
„ეს იგივე ცვლილებებია, რაც ივლისში განხორციელდა, როდესაც საქართველომ საერთაშორისო ლიცენზია შემოიღო. ეს არ გულისხმობს განსხვავებული რეჟიმის დაწესებას და არც რაიმე ახალი შეღავათის შემოღებას.
2024 წლიდან მსგავსი შეღავათი ონლაინკაზინოებისთვის უკვე მოქმედებდა. ამან სახელმწიფოს აჩვენა, რომ საქართველოს ბაზრის მიმართ უცხოელი მოთამაშეების ინტერესი არსებობს. შესაბამისად, რადგან ონლაინსივრცეში ამ ცვლილებებმა გაამართლა, კანონმდებელმა გადაწყვიტა, მსგავსი მიდგომა სახმელეთო ობიექტებზეც გაევრცელებინა.
ეს ცვლილება საქართველოს საერთაშორისო მიმართულებით განვითარების მეტ შესაძლებლობას მისცემს და ქვეყანას დამატებითი შემოსავლის მიღების საშუალებას შეუქმნის.
უცხოელების მხრიდან საქართველოში პოკერის ტურნირებში მონაწილეობის დიდი ინტერესი არსებობს. თუ განვითარებული ქვეყნების გამოცდილებას გადავხედავთ, ვნახავთ, რომ პოკერი სპორტის ერთ-ერთი მიმართულებაა. ამ სფეროში არა მხოლოდ ტურნირები ტარდება, არამედ სპეციალური სკოლებიც ფუნქციონირებს.
შესაბამისად, ეს ინიციატივა სასარგებლოა როგორც ქვეყნისთვის, ისე ბიზნესისთვის. არასწორია მისი იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს აუცილებლად ხელისუფლების ინიციატივაა და მას რაიმე კონკრეტული ინტერესი ამოძრავებს. ეს ბუნებრივი გაგრძელებაა იმ ცვლილებებისა, რომლებიც 2024 წლის დეკემბერში განხორციელდა და რომელთა შემდგომი შედეგიც 2026 წლის ივლისში მიღებული ცვლილებებია.
ამ ცვლილებების შემდეგ საქართველოს მიმართ ინტერესი მნიშვნელოვნად გაიზარდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის სტაბილურობა, კარგად განვითარებული საბანკო სისტემა და ბიზნესგარემოა.
საქართველოსთვის ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რადგან ქვეყანა დღეს ევროპასა და აზიას შორის აზარტული თამაშების ჰაბად მიიჩნევა.
ჩვენს ბიზნესს რატომღაც შავ ხვრელად და შავ ჭირად წარმოაჩენენ, თუმცა რეალურად ასე არ არის — ჩვენ ჩვენი წვლილი შეგვაქვს ქვეყნის ეკონომიკაში. ძალიან სამწუხაროა, რომ ხშირად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია და ხდება ციფრებით მანიპულირება. მსგავსი მიდგომა ჩვენთვის მიუღებელია.
აზარტული თამაშების ბიზნესი აფინანსებს სპორტსმენებს და საქველმოქმედო ღონისძიებებსაც ახორციელებს. ამ სფეროს მხარდაჭერით არაერთმა ადამიანმა შეძლო საერთაშორისო ასპარეზზე გასვლა. დღეს საქართველოზე საუბრობენ, როგორც ქვეყანაზე, რომელმაც აზარტული თამაშების სფეროში თანამედროვე საკანონმდებლო ჩარჩო ჩამოაყალიბა და ამასთან ერთად, სხვა მიმართულებების განვითარებასაც შეუწყო ხელი.
აზარტული თამაშების სექტორის განვითარება მხოლოდ ერთი კონკრეტული სფეროს განვითარებას არ ნიშნავს. ეს პროცესი მოიცავს ისეთ მიმართულებებსაც, როგორიცაა IT, საერთაშორისო გადარიცხვები, საგადახდო სისტემები და კვალიფიციური კადრების განვითარება.
თუ ადრე ამ სფეროში საქართველოს შესახებ საერთაშორისო მასშტაბით თითქმის არავინ იცოდა, დღეს უკვე საქართველოთი ინტერესდებიან და კითხულობენ, როგორ შეძლო ქვეყანამ ევროპასა და აზიას შორის დამაკავშირებელი ხიდის ფუნქციის შესრულება. დღეს საქართველო ამ ორი უდიდესი რეგიონის დამაკავშირებელი ქვეყანაა.
ამ უპირატესობის გამოყენება ხელს შეუწყობს ახალი ინვესტიციების მოზიდვასა და სამუშაო ადგილების შექმნას. საქსტატის მონაცემების მიხედვით, თუ სხვა სექტორებში საშუალო ხელფასი 2 500 ლარია, აზარტული თამაშების სექტორში ის 3 500 ლარიდან იწყება.
შესაბამისად, ამ სფეროში დასაქმებული ადამიანები შედარებით მაღალ ანაზღაურებას იღებენ, რაც მათ მსყიდველუნარიანობას ზრდის და ეკონომიკაში მეტი თანხის დაბრუნებას უწყობს ხელს.
სიტყვებით მანიპულირება მიუღებელია, რადგან ბრუნვა არ არის შემოსავალი. რატომღაც, ამ ორ ცნებას შორის განსხვავება არავის აინტერესებს.
მაგალითად, 1 ლარით შეიძლება მივიღო 1 მილიონი ლარის ბრუნვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ აზარტული თამაშების კომპანიის შემოსავალი 1 მილიონი ლარია. შემოსავალი იქნება ის თანხა, რომელიც მოთამაშის წაგების შემდეგ კომპანიას დარჩება — ამ შემთხვევაში, 1 ლარი.
საქსტატის მონაცემებში გარკვევით წერია, რომ აზარტული თამაშების კომპანიების მიერ შექმნილი პროდუქციის მოცულობა 3 მილიარდი ლარია. ეს არის GGR, რომლისგანაც კომპანიებს სხვადასხვა ხარჯის გაწევა უწევთ, მათ შორის ხელფასების გადახდა, სარეკლამო აქტივობების დაფინანსება და სხვადასხვა მომსახურების საფასურის გადახდა. საბოლოოდ, სწორედ ამ ხარჯების გათვალისწინებით მივდივართ იმ რეალურ მოგებამდე, რომელიც აზარტული თამაშების კომპანიებს რჩებათ და არა 88 მილიარდ ლარამდე, როგორც ეს არაერთმა ტელევიზიამ და ოპონენტმა გააჟღერა.
საქსტატის მონაცემებში ასევე გარკვევით წერია, რომ 2025 წელს აზარტული თამაშების კომპანიების მაჩვენებელი 3,5 მილიარდი ლარი იყო. ეს მონაცემი 88 მილიარდ ლართან ახლოსაც კი არ არის.
სწორედ ამიტომ, ციფრებით მანიპულირება მიუღებელია. მნიშვნელოვანია, ერთმანეთისგან განვასხვაოთ ბრუნვა, შემოსავალი და მოგება, რათა საზოგადოებას ზუსტი და რეალობასთან შესაბამისი ინფორმაცია მივაწოდოთ.”
#საქართველოსსათამაშობიზნესისასოციაცია #აზარტულითამაშები #სათამაშობიზნესი #სათამაშოინდუსტრია #საერთაშორისოტურნირები #პოკერი