24 ივნ, 2022
„ბოლო პერიოდის განმავლობაში სათამაშო ბიზნესის შემოსავლები, დაახლოებით 18% -ით შემცირდა, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა“, - ამის შესახებ „კომერსანტთან“ „სათამაშო ბიზნესის ასოციაციის“ ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილმა ისაუბრა, რითაც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის 22 ივნისის განცხადებას გამოეხმაურა, სადაც პრემიერი საუბრობდა, რომ აზარტულ თამაშებზე დაწესებული რეგულაციის შედეგად თამაში 1 500 000 ადამიანს შეეზღუდა.
გიორგი მამულაიშვილი ამბობს, აკრძალულ პირთა სიაში დარეგისტრირებულია 940 000 ადამიანი, თუმცა რეალურად დადასტურებული ფაქტები არსებობს იმაზე, რომ ეს ადამიანები გადაბარგდნენ უცხოურ ბაზრებზე, მაინც აგრძელებენ თამაშს და ამის გამო საქართველოს ბიუჯეტი კარგავს თანხებს.
„ბევრი დადასტურებული ფაქტი არსებობს იმაზე, რომ ეს ხალხი საქართველოს ბაზრიდან უცხოურ ბაზარზე გადაბარგდა და ჩვენ უხეში დათვლებით დაახლოებით წელიწადში ორ მილიარდ ლარამდე გავა ქვეყნიდან.
ქართულ ბაზარზე ძალიან ბევრი უცხოური საიტის არალეგალური რეკლამა გამოჩნდა, ამის შესახებ კომუნიკაცია ყოველდღიურად მაქვს შემოსავლების სამსახურთან, პირადად მე ვუგზავნი სქრინებს, რომ ეს რეკლამა და ეს შემოთავაზება უკონტროლოდ შემოდის ჩვენთან. საერთოდ ბაზარზე ძალიან ცუდი სოციალური ფონი შეიქმნა იმ კუთხით, რომ დაწესებულმა შეზღუდვებმა არალეგალური საიტების და კრიმინალური ელემენტების გააქტიურება გამოიწვია და რეალურად ის ხალხი, ვინც ქართველ ოპერატორებთან ვეღარ თამაშობს ჩართულები არიან უწესრიგო, არაკონტროლირებად თამაშებში, რომლებიც საქართველოს ბიუჯეტში თანხებს არ იხდიან და არანაირ კანონებს არ ექვემდებარებიან.
ამის შეზღუდვა საკმაოდ რთული პროცესია და მსფოლიო პრაქტიკამაც დაგვანახა ის, რომ ეს დღესდღეობით შეუძლებელია და მისი დაბლოკვა დიდმა ქვეყნებმაც ვერ შეძლეს. მთელი ცივილიზებული მსოფლიო გადავიდა იმაზე, რომ ჯობია სათამაშო ბიზნესი იყოს ჩასმული ჩარჩოში და ლეგალური, სქართველოს სათამაშო ბიზნესი ყოვეთვის კარგად იყო განვითარებული, ჩვენგან მაგალითს იღებდნენ ჩვენი მეზობელი ქვეყნები, თუმცა მას შემდეგ რაც ახალი კანონმდებლობა ძალაში შევიდა, ყველა გაკვირვებულია, გვეუბნებიან, რომ ფაქტობრივად მოწესრგიგებული სისტემა დავანგრიეთ და არალეგალურ სისტემად ვაქციეთ“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
მამულაიშვილი „კომერსანტთან“ აღნიშნავს, რომ საქართველოში შექმნილია ძალიან ბევრი ფორუმი, სადაც იმ პირებს ვისაც თამაში შეზღუდული აქვთ, შეუძლიათ user-ების და საბანკო ანგარიშების ქირაობაც.
„ძალიან ბევრი ფორუმია, ხელზე ფსონების დადების, ე.წ. გამაზვის“ პრაქტიკა დაბრუნდა, რამდენიმე შემთხვევა გავიგე, ფორუმები არის სადაც კლიენტები აქირავებენ თავს საბანკო ანგარიშებს და user- ებს, თუ საბანკო გადარიცხვებს დაუბლოკავენ ჩვეულებრივ კრიპტოვალუტით გააგრძელებენ თამაშს, თუმცა საბანკო გადარიცხვების დაბლოკვაც ძალიან რთულია, იმიტომ რომ ეს ადამიანები ძალიან მარტივად იცვლიან მერჩანტს, ეს პრაქტიკა არსებობს და შეიძლება აზარტული და მომგებიანი თამაშების mcc კოდი საერთოდ არ ჰქონდეს მომხმარებელს და ჰქონდეს დავუშვათ ტურიზმის ან უძრავის ქონების კომპანიის კოდი“, - აღნიშნა გიორგი მამულაიშვილმა.
მამულაიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მოუხედავად იმისა, რომ საქართველომ აზარტულ თამაშებს სპორტის სპონსორობა შეუზღუდა, უცხოური კომპანიები მაინც ახერხებენ ამა თუ იმ გუნდის სპონსორობას. მისივე თქმით მას შემდეგ, რაც აზარტული თამაშები რეგულაციების ქვეშ მოექცა, ქვეყნიდან უცხოური ვალუტის გადინება და უკონტროლო თამაშები გაიზარდა.