13 ივნ, 2022
2022 წელს აზარტული თამაშების სექტორი ახალი რეალობის პირობებში შეხვდა. პირველი მარტიდან 25 წლამდე პირებს და საჯარო მოხელეებს თამაშის უფლება აეკრძალათ, ასევე აიკრძალა აზარტული თამაშების რეკლამირებაც. 1 იანვრიდან შეიცვალა ონლაინ-თამაშების დაბეგვრის წესი. კერძოდ კი ბიზნესოპერატორებს უწევთ მოგების გადასახადის სახით გადაიხადონ მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%.
“ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში ცვლილებები ძალაში 1 მარტიდან შევიდა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით. მანამდე, 1 იანვრიდან, სათამაშო ბიზნესს საგადასახადო წნეხი 70%-მდე გაეზარდა.
შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, აზარტული თამაშების სექტორის მიერ გადახდილი გადასახადების და მოსაკრებლების მოცულობა შემცირდა.
„ რეგულაციებმა მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს პოზიციონირება მსოფლიოში. საქართველო ძალიან მიმზიდველი იყო ინვესტორებისთვის. სულ ექვსი ონლაინ ოპერატორი გვყავს. ექვსი ონლაინ ოპერატორიდან მსოფლიოში სამი უმსხვილესი ოპერატორია Entain, Paddy Power და Betsson Group.
ფინანსური თვალსაზრისით, ბაზარმა დაკარგა მთლიანი შემოსავლის დაახლოებით 18%. თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ხალხმა თამაში შეწყვიტა. ნებისმიერ მომხმარებელს უცხოურ საიტებზე თავისუფლად შეუძლია რეგისტრაცია, მოკლე შეტყობინების საშუალებით ვერიფიკაციის გავლა და ფსონის დადება. ეს მივიღეთ იმ უაზრო კანონის შედეგად, რაც ჯერ პირველი იანვრიდან, ხოლო სრულად - მარტიდან ამოქმედდა. ეს კომპანიები საქართველოს იურისდიქციაში არ არიან, რადგან მათ სახელმწიფო ვერ აკონტროლებს. ძალიან მარტივია ამ საიტებზე რეგისტრაციაც და საბანკო ბარათით გადარიცხვაც. აქედან გამომდინარე, მივიღეთ ის, რასაც ვპროგნოზირებდი, რომ ფული საზღვარგარეთ გაედინება და ამ თანხიდან საქართველოში გადასახადს არავინ გადაიხდის. სრული უკონტროლობაა, ყველა ასაკის ადამიანს შეუძლია თამაში”, - ამბობს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი.
მრავალი წელია, ქართული სათამაშო ბაზარი პოსტსაბჭოთა სივრცისა და კავკასიის რეგიონის ჰაბი იყო. თუმცა, 2021 წლის ბოლოს ხელისუფლებამ დაიწყო ინდუსტრიის რეფორმა და რეგულაციების დანერგვა, რამაც სერიოზულად გააუარესა მისი მდგომარეობა და ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატი. არასწორმა რეგულაციებმა შეამცირა ბიუჯეტში გადახდილი გადასახადი.
2005 წლის შემდეგ, როდესაც ბიზნესი დარეგულირდა, მკაცრ საკანონმდებლო ჩარჩოებში მოექცა და სრული კონტროლი დაწესდა სახელმწიფოს მიერ, დასაქმდნენ ადამიანები, შეივსო ბიუჯეტი გადასახადებისა და ნებართვა-ლიცენზიებით. ჯამში, ქვეყნის მთლიანი ბიუჯეტის 7%-ზე მეტს შეადგენდა სათამაშო ბიზნესიდან შესულ თანხები. ხოლო სათამაშო ბიზნესთან ასოცირებული კომპანიების შემოსავალი (როგორიცაა სარეკლამო კომპანიები, ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ) ჯამში 16% მდე აღწევდა, თუმცა აღნიშნული სტატისტიკა შეიცვალა და მკვეთრად გაუარესდა არაგონივრული რეგულაციების შედეგად და ნაცვლად გადასახადის გაზრდისა, ბიუჯეტში შეტანილი თანხები შემცირდა, ხოლო მოქალაქეები თამაშს კვლავ აგრძელებენ უცხოურ, არალეგალურ საიტებზე.