01 მარ, 2022
დღეიდან, ქვეყანაში 2021 წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებები ძალაში შევიდა, რომლის მიხედვით, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით და ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
სათამაშო ბიზნეს ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი მამულაიშვილი აცხადებს, რომ ბიზნესმა მონაცემთა ბაზა, დაახლოებით, 1 კვირის წინ მიიღო, საუბარია 900 000-ზე მეტ ადამიანზე, თუმცა როგორც ასოციაციაში განმარტავენ, სია ხარვეზიანია და მისი რაოდენობა თითქმის ორჯერ აჭარბებს იმ პირთა რიცხვს, ვისაც დღეიდან თამაშის უფლება შეეზღუდა.
„არსებობს რიგი ხარვეზები - ეს არის ჩარჩენილი ხალხი, რომელიც დავუშვათ, ოდესაღაც ნამუშევარია სახელმწიფო სექტორში, ან ოდესღაც იღებდა შემწეობას, შესაბამისად, შემდგომში ეს გამოიწევს გარკვეულ უხერხულობას, რადგან ამ ხალხს მოუწევს შემოსავლების სამსახურის სერვისცენტრებს მიმართოს და სტატუსი შეიცვალოს, თუმცა დაპირება არის, რომ სიები განახლდება.
ამ ეტაპზე სიაში არის 900 ათასზე მეტი ადამიანი, თუმცა ჩვენ ვვარაუდობთ, რომ ეს სია წესით უნდა განახევრდეს. ალბათ 1 თვის ვადაში დარეგულირდება“, - აცხადებს მამულაიშვილი.
დღეიდან აიკრძალა სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა; ასევე, რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე. სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
სექტორი შედეგებზე უკვე საუბრობს და ამბობს, რომ პირველ ეტაპზე ბრუნვა 15-20%-ით, დასაქმებულთა რაოდენობა კი, რომელიც ამ ეტაპზე 12 ათასია, მომდევნო 1-თვიან პერიოდში, დაახლოებით, 25%-ით შემცირდება.
უარყოფით ეფექტებს შორის სახელდება შავი ბაზრის გააქტიურების საფრთხეები. ასოციაციაში ამბობენ, რომ უკვე გაჩნდა არაერთი ყალბი ანგარიშები, გაიზარდა ხელზე ფსონის მიმღებთა რაოდენობა. ასევე რეკლამის შეზღუდვამ გამოიწვია უცხოური ალარეგალური საიტების და ქართული საიტის კლონების გამოჩენა, რომელთან გამკლავებაც ეროვნული ბანკის მხრიდან გადარიცხვების აკრძალვის მიუხედავად, მაინც ვერ ხერხდება.
„პირველ ეტაპზე 15-20%-ით შეგვიმცირდება ბრუნვა, რაც სარეკლამო შეზღუდვებიდან გამომდინარეობს. უცხოურ კომპანიებს მიეცათ საშუალება, საქართველოში რეკლამა გააკეთონ და ჩვენ ოპერატორებს ეზღუდებათ; იმედი გვაქვს, რომ სახელმწიფო საბოლოოდ ამას მიხვდება და ჩვენც მოგვცემს რეკლამის უფლებას, თუნდაც უცხოელების მოზიდვის კუთხით.
ამ მოცემულობით ის თანხები, რომელიც იხარჯებოდა მედიაში, IT სფეროში აღარ გავა, საუბარია ასეულობით მილიონ ლარზე წლიურად და ეს უახლოეს 1 თვეში დაარტყამს მედიაბაზარს და სარეკლამო ბიზნესს. 12 ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, ჩვენი ანგარიშით შემცირება იქნება 20-25%, დანარჩენს ბაზარი გვაჩვენებს.
სადაც არის აკრძალვები, იქ ყოველთვის ვითარდება შავი ბაზარი, საქართველოშიც ასე მოხდა; გაჩნდა ყალბი ანგარიშები, გაქირავების სერვისი, ხელზე ფსონის მიმღები პირები, რომლებიც 20 წლის წინ საკმაოდ ბევრნი იყვნენ. ასევე გამოიწვია უცხოური არალეგალური საიტების გამოჩენა ქართულ ბაზარზე, 133 საიტმა გადათარგმნა თავის კონტენტი ქართულ ენაზე, ბევრი ქართული კომპანიის კლონი გაჩნდა, მაგალითად, "ბეტლაივის". ამის კონტროლი საკმაოდ რთულია, ეროვნულ ბანკს დავალებული აქვს შეზღუდოს გადარიცხვები აზარტული თამაშების MCC კოდზე, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს კომპანიები იყენებენ არა აზარტული თამაშების, არამედ ონლაინმაღაზიების MCC კოდებს ანუ გამოდის ინტერნეტი უდნა ჩაიკეტოს, - აცხადებს მამულაიშვილი.
როგორ გამართა მონაცემთა ბაზა ფინანსთა სამინისტრომ და როგორ აპირებს პერსონალური ინფორმაციის გადამოწმებას, ამ თემაზე bmg-ის მცდელობის მიუხედავად, ფინანსთა სამინისტროსა და შემოსავლების სამსახურში კომენტარს არ აკეთებენ.