01 სექ, 2025
მარეკ პლოტა არის RM Legal Law Firm-ისა და Gaming in Poland-ის დამფუძნებელი და იურიდიული გუნდის ხელმძღვანელი. ის უზრუნველყოფს მრავალდისციპლინურ და მრავალიურისდიქციულ მხარდაჭერას წამყვანი საერთაშორისო აზარტული თამაშების ოპერატორებისთვის პოლონეთის, ევროკავშირის და აფრიკის ბაზრებზე. მისი საქმიანობა აზარტული თამაშების სფეროში მოიცავს მარეგულირებელ მხარდაჭერას ლიცენზირებამდე და შემდგომ ეტაპებზე, IT-სა და საგადასახადო მომსახურებას, ასევე უნიკალურ სერვისს — აზარტული თამაშების წარმომადგენლის ფუნქციის შესრულებას. RM Legal არის ერთადერთი იურიდიული კომპანია პოლონეთში, რომელიც ლეგალურად მოქმედ ოფშორულ კომპანიებს წარმოადგენს პოლონეთის სათამაშო ბაზარზე. აზარტული თამაშების გარდა, მარეკი სპეციალიზებულია კორპორატიულ კომერციულ სამართალსა და საერთაშორისო საინვესტიციო პროექტებში.
ზრდის გზაზე მყოფი ბაზარი
პოლონეთის რეგულირებული აზარტული თამაშების ინდუსტრია ცენტრალური ევროპის ერთ-ერთი ყველაზე დინამიკური ბაზარია. 2024 წელს რეგულირებული ონლაინ სექტორის მთლიანი შემოსავალი (GGR) დაახლოებით €900 მილიონს მიაღწია, რაც წინა წელთან შედარებით 25%-იანი ზრდას წარმოადგენს. სპორტული ფსონები კვლავაც ამ ზრდის მთავარი მამოძრავებელი რჩება, რასაც განამტკიცებს ძლიერი ლიცენზირების სისტემა და დაახლოებით 76%-იანი ჩენელიზაციის მაჩვენებელი (მოთამაშეების ხარჯების 76% მიდის ლეგალურ ოპერატორებთან, ხოლო 24% მაინც ბნელ ბაზარზე რჩება).
ონლაინ-კაზინოს სეგმენტი სხვა სურათს აჩვენებს. პოლონეთის კანონმდებლობის თანახმად, მხოლოდ სახელმწიფო ოპერატორს – Totalizator Sportowy–ს აქვს უფლება აწარმოოს ონლაინ კაზინო თამაშები. მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა საკუთარ პლატფორმაში, მისი საბაზრო წილი შეზღუდულია სტრუქტურული ბარიერებით, განსაკუთრებით მკაცრი რეკლამის რეგულაციებით. შედეგად, სეგმენტის დაახლოებით 40% უკანონო ოფშორულ ოპერატორებს ეკუთვნით. ეს ორმაგი რეალობა ქმნის პარადოქსს: ლეგალური ბაზრის ზრდას პარალელურად ფუნქციონირებს ისეთივე მოცულობის „ბნელი ბაზარი“, რომლის უკანონო წლიური ბრუნვა 65 მილიარდ პოლონურ ზლოტს აღწევს.
საგადასახადო მოდელის სიმძიმე
პოლონეთის აზარტული თამაშების პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი დებატი საგადასახადო სტრუქტურას უკავშირდება. 12%-იანი ბრუნვის გადასახადი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია და ხშირად აკრიტიკებენ, როგორც დემოტივატორს ლეგალური ოპერატორებისთვის. ინდუსტრიის წარმომადგენლები უკვე დიდი ხანია ითხოვენ გადასვლას GGR-ზე დაფუძნებულ მოდელზე, რომელიც უკეთ ასახავს რეალურ მოგებას და შეესაბამება ევროპის სტანდარტებს.
მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ GGR-ზე გადასვლა გაზრდიდა ბაზრის გამჭვირვალობას, ლეგალიზაციის მაჩვენებელს და საბოლოოდ – სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავალსაც. კრიტიკოსები კი მიუთითებენ სექტორის მყარ ზრდაზე და ამბობენ, რომ ცვლილება საჭირო არაა. მოკლევადიან ფისკალურ სარგებელსა და გრძელვადიან სტრუქტურულ ჯანმრთელობას შორის ეს დაძაბულობა კვლავ დებატების ცენტრშია.
რეგულატორული ცვლილებები და ინსტიტუციური რეფორმები
მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო რეფორმა ჯერ არ განხორციელებულა, ბოლო 18 თვეში მნიშვნელოვანი სტრუქტურული ცვლილებები შევიდა ძალაში. 2024 წლის ოქტომბერში ფინანსთა სამინისტრომ შექმნა აზარტული თამაშების ბაზრის რეგულირების და საგადასახადო დეპარტამენტი, რომელიც enforcement-სა და პოლიტიკის შემუშავებაზეა პასუხისმგებელი. ეს ცენტრალიზაცია დიდი ხნის ნანატრი ნაბიჯია პროფესიონალიზებული ზედამხედველობისკენ, რომელიც მანამდე ფრაგმენტული იყო.
დამატებითი ბიძგი 2025 წლის აპრილში გაჩნდა, როცა შეიქმნა მთავრობათაშორისო ჯგუფი „ბნელი ზონის წინააღმდეგ“. მისი მანდატი მოიცავს უკანონო საქმიანობის მონაცემებზე დაფუძნებულ მონიტორინგს და საკანონმდებლო თუ ტექნოლოგიური საშუალებების შემუშავებას. განიხილება ისეთი ინიციატივები, როგორიცაა გადახდების ბლოკირების გაუმჯობესებული მექანიზმები ბანკებთან და ფინტექ-კომპანიებთან პარტნიორობით, უკანონო რეკლამის დაბლოკვაზე ციფრულ პლატფორმებთან მჭიდრო თანამშრომლობა და უფრო სწრაფი, დახვეწილი დომენის ბლოკირების სისტემები.
პოლიტიკური პოლარიზაცია და რეფორმების ჰორიზონტი
2025 წლის ივნისის საპრეზიდენტო არჩევნებმა საფუძველი ჩაუყარა დაპირისპირებულ ურთიერთობას ახალარჩეულ პრეზიდენტ კაროლ ნავროცკის (კონსერვატიული PiS-ის მხარდაჭერით) და პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის „სამოქალაქო კოალიციის“ მთავრობას შორის. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო რეფორმის ბარიერი სავარაუდოდ გახდება პრეზიდენტის ვეტო, რომლის გადალახვაც პარლამენტის ამჟამინდელ შემადგენლობას არ შეუძლია.
ეს ჩიხი კიდევ უფრო მძიმდება 2009 წლის „აზარტული თამაშების სკანდალის“ გახსენების შემდეგ, რაც ლიბერალიზაციას გარკვეული პარტიებისთვის პოლიტიკურად მგრძნობიარე თემად აქცევს. ამიტომ ინდუსტრიის ბევრმა წარმომადგენელმა რეფორმის მოლოდინი 2027 წლის არჩევნებზე გადაიტანა, როცა კოალიციის გადალაგება შეიძლება პოლიტიკურ კალკულაციას შეცვალოს. ერთ-ერთ შესაძლო სცენარს წარმოადგენს ტაქტიკური ალიანსი ან კოალიცია ლიბერტარიანული „Konfederacja“-სთან, რომელიც აზარტული თამაშების რეფორმის ერთადერთი ღიად მომხრე ძალაა.
შესაძლებლობები შეზღუდვების ფონზე
სირთულეების მიუხედავად, პოლონეთის აზარტული თამაშების ბაზარი ლიცენზირებული ოპერატორებისთვის სულ უფრო მიმზიდველი ხდება. „ბნელი ბაზრის“ წინააღმდეგ ბრძოლის მზარდი ეფექტიანობა კონკურენტულ გარემოს გარდაქმნის. მაღალი გადასახადები და ონლაინ კაზინოს მონოპოლია ჯერ კიდევ აჩენს კითხვებს მომგებიანობაზე, თუმცა უკანონო ოპერატორების თანმიმდევრული შეზღუდვა ახალ შესაძლებლობებს ხსნის მათთვის, ვისაც გრძელვადიანი ხედვა აქვს.
სპეციალიზებული ზედამხედველობის ორგანოების შექმნა, გადახდის სერვის-პროვაიდერებთან თანამშრომლობის გაძლიერება და უკანონო რეკლამისა თუ დომენების ბლოკირების მექანიზმების განვითარება თანდათან ზრდის გამჭვირვალობასა და პროგნოზირებადობას. ლიცენზიის შედარებით დაბალ ღირებულებასთან (დაახლოებით 175,000 ევრო) ერთად, ახლა მისი მოპოვება სტრატეგიულად გონივრული ნაბიჯია, თუნდაც ოპერატორმა სრული საქმიანობა მხოლოდ მოსალოდნელი საგადასახადო რეფორმებისა ან მონოპოლიის ლიბერალიზაციის შემდეგ დაიწყოს.
ბაზარი გზაჯვარედინზე
პოლონეთი გარდამტეხ ეტაპზეა: ბაზარი იზრდება, თუმცა 1.2 მილიონზე მეტი მოთამაშე კვლავაც იყენებს არალიცენზირებულ პლატფორმებს. ახლად შექმნილი ზედამხედველობის სტრუქტურები, უფრო თამამი პოლიტიკური დებატები და მზარდი აღიარება, რომ არსებული მოდელი არამდგრადია, მიანიშნებს, რომ ცვლილება შესაძლებელია, თუმცა მისი მასშტაბი და დრო პოლიტიკურ დინამიკაზე იქნება დამოკიდებული.
ბოლო დროს გატარებული საკანონმდებლო ზომები უკვე აჩვენებს, რომ ბაზრის პოტენციალი იხსნება. პოლონეთის ფინანსური ზედამხედველობის ორგანოს (UKNF) რეკომენდაციის შემდეგ ადგილობრივმა გადახდის პროვაიდერებმა შეწყვიტეს უკანონო აზარტულ ოპერატორებთან თანამშრომლობა. პოპულარული გადახდის მეთოდები, მათ შორის BLIK (რომელსაც ლიცენზირებული ოპერატორების მომხმარებლების დაახლოებით 80% იყენებს), უკანონო საიტებიდან ამოიღეს. ეს არა მხოლოდ პოლიტიკური სიგნალია, არამედ რეალური ბარიერი „ბნელი ბაზრისთვის“, რომელიც აუმჯობესებს ბაზრის ლეგალიზაციის მაჩვენებელს ,ამკაცრებს AML-სტანდარტებს და ზრდის აღსრულების ეფექტიანობას.
საერთაშორისო ოპერატორებისთვის ეს ის მომენტია, როცა პოლონეთი უფრო პროგნოზირებად და უკეთ რეგულირებულ გარემოდ ყალიბდება. ახლა ლიცენზიის მოპოვება, თუნდაც სრული ოპერაციები მხოლოდ მოსალოდნელი საკანონმდებლო ცვლილებების შემდეგ დაიწყოს, სტრატეგიულ უპირატესობას იძლევა ბაზარზე, რომელიც შეიძლება მალე სწრაფი ტრანსფორმაციის ფაზაში შევიდეს.
გრაფიკები აჩვენებს პოლონეთის ონლაინ აზარტული თამაშების ბაზრის სეგმენტებს 2024 წელს:
სეგმენტი სტაბილურად იზრდება მთელი წლის განმავლობაში და საერთო შემოსავალი კაზინოს სეგმენტზე გაცილებით მაღალია.