16 სექ, 2018
15-16 სექტემბერს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით კონფერენცია თემაზე „სათამაშო ბიზნესის გამჭვირვალობის ამაღლება და ანგარიშგებათა სრულყოფა“ გაიმართა.
კონფერენციაში მონაწილეობას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური, საქართველოს ფინანსური მონიტორინგის სამსახური, საქართველოს ბიზნესომბუდსმენის ოფისი, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური და დარგში დასაქმებული კომპანიის წარმომადგენლები იღებდნენ.
კონფერენციის მონაწილეებმა განიხილეს სათამაშო ბიზნესის სექტორში დაგეგმილი ახალი რეგულაციები, რომელიც ფინანსთა სამინისტროსთან არსებულ სამუშაო ჯგუფში მომზადდა.
„კონფერენციის მიზანია დაგეგმილ რეგულაციებთან დაკავშირებით არსებული პოზიციების შეჯერება ბიზნესსა და აღმასრულებელ ხელისუფლებას შორის“, – განაცხადა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარემ ზურაბ ბერუაშვილმა.
„მნიშვნელოვანია, დეტალურად ვიცნობდეთ ინდუსტრიის თითოეული მოთამაშის პოზიციას. ვთვლით, რომ რეგულაციები საჭიროა, მაგრამ ის უნდა იყოს ცხადი, რაციონალური და ოპტიმალური, რომ მისი აღსრულება შეუსრულებელ მისიად არ დარჩეს. ასევე მნიშვნელოვანია, ახალი რეგულაციების ამოქმედებამდე გაკეთდეს რეგულირების გავლენის შეფასება, რათა უფრო ნათლად დავინახოთ ამ ცვლილებების შედეგი ეკონომიკასა და ბიზნესზე“, – აღნიშნა ბიზნესომბუდსმენმა ირაკლი ლექვინაძემ.საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლებმა კი ყურადღება აზარტული თამაშებით დაკავებული კომპანიების აღრიცხვის მეთოდებსა და სტატისტიკის წარმოების თავისებურებებზე გაამახვილეს და მონაწილეებს ამ მიმართულებით არსებული ადგილობრივი და საერთაშორისო პრაქტიკა გააცნეს.