01 მარ, 2022
აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელის მიხედვით, დღეიდან, ონლაინ სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციები შედის ძალაში.
კერძოდ, აიკრძალება სათამაშო ბიზნესის სატელევიზიო და გარე რეკლამა, ასევე - რეკლამის განთავსება ქართულ ვებგვერდებზე.
სათამაშო ბიზნესის ოპერატორებისთვის დასაშვები იქნება მხოლოდ სპონსორობის ხელშეკრულების გაფორმება.
ამასთან, დღეიდან, აზარტულ თამაშებში მონაწილეობის მიღება აეკრძალებათ 25 წლამდე მოქალაქეებს, სახელმწიფო შემწეობის მიმღებ სოციალურად დაუცველ პირებს, საჯარო მოხელეებს, პირებს, რომლებიც მიმართავენ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურს თვითშეზღუდვის მექანიზმის გამოყენების მოთხოვნით, ასევე მათ, ვინც მოხვდებიან ე.წ. „შავ სიაში“ სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე ან ოჯახის წევრების მოთხოვნით.
გარდა ამისა, დღეიდან, მკაცრდება კონტროლის მექანიზმებიც.
შეგახსენებთ: აზარტული თამაშების რეგულირების ახალი მოდელის მიხედვით, 1-ელი იანვრიდან ონლაინ პროვაიდერებისთვის საგადასახადო დასაბეგრი ბაზა გაფართოვდა.
იანვრიდანვე, განაწილებული მოგების გადასახადის სისტემა შეიცვალა GGR-ის 10%-ის დაბეგვრის წესით; თუკი აქამდე ონლაინ-აზარტული თამაშების ფირმები იხდიდნენ ისეთივე განაკვეთის და სტრუქტურის მოგების გადასახადს, რაც სხვა სექტორებისთვისაა დაწესებული, ახალი მოდელით დაიბეგრება მათ მიერ ფსონების სახით მიღებულ თანხასა და გაცემულ მოგებებს შორის სხვაობის (GGR) 10%, რასაც ისინი ბიუჯეტში გადაიხდიან.