26 ნოე, 2021
ონლაინ თამაშების რეკლამის პირველ ეტაპზე აკრძალვასთან და გრძელვადიან პერსპექტივაში მათ სრულ აკრძალვასთან დაკავშირებულმა ინიციატივამ შეიძლება გამოიწვიოს ზოგიერთი დამოუკიდებელი მედიის დახურვა, რომელიც დიდწილად დამოკიდებულია ონლაინ კაზინოს რეკლამის შემოსავალზე, განაცხადა საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.
მისი თქმით, აზარტული თამაშების ინდუსტრიასთან ასოცირდება მრავალი სახის ბიზნესი და კომპანია, მათ შორის: – სარეკლამო, მედია, სპორტული პროგრამები, ბანკები, ფინანსური ინსტიტუტები.
„შეიძლება ბევრს არ მოსწონს აზარტული თამაში, მაგრამ ეს არ უნდა იყოს მისი აკრძალვის მიზეზი. ჩვენ მზად ვართ მივიღოთ სახელმწიფოსგან ეფექტური და გონივრული რეგულაციები, მზად ვართ დიალოგისა და ნებისმიერი კონსულტაციისთვის“, - განაცხადა მან.
მამულაიშვილის თქმით, ონლაინ აზარტული თამაშების დაწესებულებების აკრძალვით ყველაზე მეტად მედია დაზარალდება და, პირველ რიგში, სპორტული გადაცემები, რომლებიც დღეს მედიასივრცეში ბევრია.
„სპორტული გადაცემები ძირითადად აზარტული თამაშების რეკლამით არსებობს და ამის დანახვა მარტივად შეიძლება რომელიმე ტელეარხზე მსგავსი ტიპის გადაცემიდან ერთ-ერთის ჩართვით. გარდა ამისა, სპორტული არხები, მაგალითად, სეტანტა და რამდენიმე სხვა, ბევრად უფრო მეტად არის დამოკიდებული აზარტული თამაშების რეკლამაზე“, - განაცხადა გიორგი მამულაიშვილმა.
მისი თქმით, აზარტული თამაშების კომპანიებმა ბოლო ორი წლის განმავლობაში გამოიჩინეს სოციალური პასუხისმგებლობა და თავად თქვეს უარი გარე რეკლამაზე, სკოლებთან თუ სხვა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
ასოციაციის ხელმძღვანელი ასევე შიშობს, რომ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დადგება უცხოური ინვესტიციები სათამაშო ბიზნესში, მათ შორის ის, რაც ამ დროისთვის ხორციელდება.
„მსხვილი კომპანიები, რომლებიც ინვესტირებას ახდენენ სათამაშო ბიზნესში, ძალიან მგრძნობიარენი არიან სახელმწიფოს ნებისმიერი ქმედების მიმართ, მათ შორის რეგულაციებისა და შეზღუდვების მიმართ. შეიძლება აღმოჩნდეს, რომ საქართველოში ინვესტირების ინტერესი დაკარგონ მსხვილმა ბიზნესებმა. ბოლო სამი წლის განმავლობაში აზარტული თამაშების სექტორში ძალიან დიდი უცხოური ინვესტიციები განხორციელდა. 2018 წელს ბიზნესის განვითარებაში განხორციელდა 71 მილიონი ლარის რეინვესტირება, 2019 წელს 30 მილიონი, 2020 წელს – 32 მილიონ ლარზე მეტი“, - განაცხადა სათამაშო ბიზნესის ასოციაციის ხელმძღვანელმა, გიორგი მამულაიშვილმა.