22 ნოე, 2021
აზარტული თამაშების ონლაინკომპანიებმა მოსალოდნელი ახალი რეგულაციების დაწესების შესახებ დღეს დილით, მედიის მეშვეობით გაიგეს. 11:00 საათზე პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში თამაშის ასაკობრივი ზღვარი 25 წლამდე უნდა გაიზარდოს, აიკრძალოს რეკლამირება და გაიზარდოს გადასახადები აზარტული თამაშების კომპანიებისთვის.
BMG-სთან საუბარში საქართველოს აზარტული თამაშების ასოციაციის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი მამულაიშვილი განმარტავს, რომ თამაშებისთვის 25 წლის ასაკობრივი ცენზი არცერთ ქვეყანაში არ არსებობს და მისი შემოღება ათიათასობით ადამიანის იატაკქვეშა უცხოურ საიტებზე გადასვლას გამოიწვევს.
მამულაიშვილის თქმით, მთლიანობაში ახალ რეგულაციებს საქართველოს აზარტული თამაშების სექტორის 20 წლით უკან დახევა შეუძლია.
- რამდენად კარგად არის რეგულირებული საქართველოს აზარტული თამაშების სფერო?
მე შემიძლია გითხრათ, რომ დღეს საქართველოს სათამაშო სფერო საკმაოდ გამჭვირვალეა და ის კარგად რეგულირდება. ყველას შეუძლია მოიძიოს ინფორმაცია აზარტული თამაშების ნებისმიერ მაჩვენებელზე, ასევე ახალი გამოწვევებიდან გამომდინარე, პერიოდულად დგება რეგულაციების დახვეწის საჭიროება; მაგალითად, შემიძლია მოვიყვანო 2020 წელი, როდესაც სრულად შეიცვალა აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ კანონი, გამკაცრდა მოთამაშეთა იდენტიფიკაცია- ვერიფიკაციის რეგულაციები.
მსოფლიოს განვითარებული ქვეყნების უმეტესი ნაწილი და ევროპის ქვეყნები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ აკრძალვა არ არის გამოსავალი, რადგანაც ამ დროს პირიქით აქტივობა გადავა მიწისქვეშეთში. შეგვიძლია ჩვენი ახლო წარსულიდან გავიხსენოთ 2000-იანი წლების გამოცდილება, როდესაც სათამაშო ბიზნესი სრულიად უკონტროლო იყო ქვეყანაში. 2005 წლიდან როდესაც დაინერგა პირველი სისტემური რეგულაციები, მას მერე ყოველწლიურად იხვეწებოდა და ვითარდებოდა ჩვენი სფეროს რეგულაციები. მაგალითი ამისა არის ის, რომ უკრაინაში მოხდა ლეგალიზაცია და უკრაინა აქტიურად თანამშრომლობს საქართველოსთან, რათა გაიზიაროს ჩვენი გამოცდილება.
- რას გამოიწვევს ახალი რეგულაციების შემოღება?
ჩვენ არ ვიცით ზუსტად რა ცვლილებებზეა საუბარი, თუმცა 25 წლამდე თამაშის აკრძალვაზე 3 წლის წინ გვქონდა კომუნიკაცია და გავუზიარეთ პარტნიორი ქვეყნების გამოცდილება; მსოფლიოში არსად არსებობს ასეთი მაღალი ასაკობრივი ცენზი და პირიქით, არაერთ ქვეყანაში მათ შორის საფრანგეთსა და იაპონიაში 21 წლიდან 18 წლამდე მოხდა ცენზის დაწევა.
25 წლამდე შეზღუდვა გამოიწვევს იმას, რომ მოხდება ამ ასაკობრივი ჯგუფის უკონტროლო თამაშში ჩართვა. დღეს ყველა მოთამაშის საქმიანობა რეგულირდება და კონტროლდება სახელმწიფოს მიერ; როდესაც ზღვარი აიწევს ამ კატეგორიის ხალხი გადაინაცვლებს უცხოურ საიტებზე, სადაც საქართველოს კონტროლი არ აქვს, რაც არის ბიზნესისთვის დამაზიანებელი.
პრემიერის დღევანდელი გამოსვლა ჩვენთვის მოულოდნელი იყო, ახლა ვცდილობთ ჩავერთოთ აღნიშნულ საკითხებში და კონსულტაციებში და გავიგოთ სახელმწიფოს აზრი აღნიშნული ცვლილებების მიღებასთან დაკავშირებით თუ რამ გამოიწვია ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება.
ჩვენ არ გვქონია აქამდე სახელმწიფოსთან ამ თემაზე კომუნიკაცია; გვქონდა კომუნიკაცია კომპანიასთან, რომელიც სახელმწიფოს მიერ არის დაქირავებული მარეგულირებლად და აკონტროლებს ჩვენს საქმიანობას, თუმცა ფინანსთა სამინისტროსთან ამ საკითხზე არ გვისაუბრია.
თუკი ეს საკითხი და ეს ცვლილებები ამოქმედდა, ჩვენ მივიღებთ იმას, რაც იყო საქართველოში 20 წლის წინ და რაც იყო უკრაინაში 2 წლის წინ. ესაა უკონტროლო ვითარება და მიწისქვეშეთში ანუ უცხოურ სისტემებზე გადასული აქტივობა.
არაერთი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში შემოსვლით და ეს ქვეყნის განვითარებისთვის და ახალი სამუშაო ადგილების შექმნისთვის არის უმნიშვნელოვანესი, თუმცა ეს ცვლილებები ამ ვითარებას უკან დახევს", - განმარტავს გიორგი მამულაიშვილი.