12 სექ, 2018
საქართველოს ფინანსთა სამინისტროში არსებული სამუშაო ჯგუფი სათამაშო ბიზნესისთვის ახალი რეგულაციების დაწესებას გეგმავს. ამ მიზნით ჯგუფმა კანონპროექტი მოამზადა, რომელშიც გათვალისწინებულ სიახლეებს სათამაშო ბიზნესის ასოციაცია არ იზიარებს.
კანონპროექტი დარგის რეგულირების არაერთ მექანიზმს ითვალისწინებს, მათ შორის აზარტულ თამაშებში ჩართულთა რეესტრის შექმნას.
სათამაშო ბიზნესის ასოციაციის გამგეობის წევრი გიორგი ქათამაძე განმარტავს, რომ მოთამაშეთა ბაზები კომპანიებისთვის ძვირადღირებული არამატერიალური აქტივია, რომლის კონკურენტებისთვის გაზიარებაც მათთვის მიუღებელია.
„ამ ბაზების შეგროვებაში უამრავი ინვესტიციაა განხორციელებული და ეს ამ კომპანიების ერთმანეთის მიმართ კონკურენციის მნიშვნელოვანი ნაწილია. ერთიანი ბაზის შემთხვევაში კონკურენციის ნაწილი მნიშვნელოვნად იქნება შეზღუდული“, – განმარტავს ქათამაძე.
მისივე თქმით, სათამაშო ბიზნესის სექტორს მთავრობისთვის, ამ ერთიანი რეესტრის სანაცვლოდ, შეთავაზება აქვს.
„ჩვენ მათ ვთავაზობთ თავიანთი მიზნის მიღწევის ალტერნატიულ საშუალებას – მოცემულ შემთხვევაში, ბიზნესი, სახელმწიფო და სხვა დაინტერესებული პირების ინტერესებიც იქნება დაცული, რაც გულისხმობს კომპანიებისთვის უფლების მინიჭებას, რათა მათ მოახდინონ რეგისტრაციის პროცესში პირების იდენტიფიკაცია, სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რაც შემდეგ მათ იმის უფლებას მისცემთ, რომ ნამდვილად დარწმუნდნენ, თუ ვინ დარეგისტრირდა ვებგვერდზე. ამ შემთხვევაში ყველა ოპერატორს ექნება თავისი ბაზა და ეს ოპერატორებს შორის კონკურენციას ხელს შეუწყობს“, – განმარტა გიორგი ქათამაძემ.
გარდა ამისა, გიორგი ქათამაძის განცხადებით, მომზადებული კანონპროექტის თანახმად, მოთამაშე პირთა რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურმა უნდა განახორციელოს, რაც მისი აზრით, კარგი ინციატივა არ არის, რადგან ისედაც გადატვირთული სახელმწიფო უწყებისთვის ამ პროცესის ადმინისტრირება რთული იქნება.