11 მაი, 2015
საქართველოში, ისევე როგორც მრავალ ქვეყანაში, სადაც ლეგალურია აზარტული თამაშები, ხშირია საუბარი კაზინოების აკრძალვაზე. აკრძალვის მომხრეების არგუმენტები: კაზინო ხალხს აღარიბებს, იწვევს თამაშისადმი დამოკიდებულებას, არ ქმნის რეალურ სიმდიდრეს. როდესაც საქმე ეხება რაიმეს აკრძალვას, საჭიროა გავაანალიზოთ არა მხოლოდ რას ვებრძვით, არამედ რას ვკარგავთ ახალი რეგულაციებით, და რა გრძელვადიან შედეგებს ვიღებთ.
აზარტული თამაშები ზოგ ადამიანში მართლაც იწვევს დამოკიდებულებას. თუმცა, უნდა ითქვას, რომ ბევრი მოთამაშის მიზანი გართობაა – ისინი ამაში შეგნებულად იხდიან ფულს (ცხადია, თუ ფულს კაზინოში ტოვებენ და არ იგებენ). როდესაც დამოკიდებულებაზე ვსაუბრობთ, აღსანიშნავია ისიც, რომ დამოკიდებულებას უამრავი რამ იწვევს: ალკოჰოლი, ყავა, ტოტალიზატორი, ინტერნეტი და სხვა პროდუქტები თუ სერვისები. ბევრი ადამიანისთვის შესაძლოა ფასიანი ქაღალდების ბირჟაზე ვაჭრობაც თვისებრივად არ განსხვავდებოდეს კაზინოში თამაშისგან. ორივე შემთხვევაში, მოქალაქეები შედიან აზარტში, მიდიან რისკზე და არსებობს გაკოტრების შემთხვევებიც. თუმცა მსოფლიოში საფონდო ბირჟები სიმდიდრის გამომუშავებისა და ეკონომიკის სტიმულირების ძალიან კარგი ინსტრუმენტებია კერძო სექტორის ხელში და მათი აკრძალვა ეკონომიკისთვის დამანგრეველი შედეგის მომტანი იქნებოდა.
ყველა ადამიანს აქვს უფლება, განკარგოს თავისი საკუთრება ისე, როგორც უნდა, დახარჯოს შემოსავალი რომელ მაღაზიაშიც უნდა და შეიჭრას თმა საყვარელ სტილისტთან. არავინ იცის მფლობელზე უკეთ მისი ქმედების მოტივები, მოსალოდნელი სარგებელი, დანახარჯი და ალტერნატივები.
მორალური კონტრარგუმენტების გარდა, კაზინოების აკრძალვას ეკონომიკური ფასიც აქვს. კაზინო ისეთივე ბიზნესია, როგორიც ყველა დანარჩენი. 2013 წელს საქართველოში აზარტული თამაშების ბიზნესის ბრუნვამ $1.2 მილიარდი ლარი შეადგინა, ეს კი 2013 წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 4.5%-ია. მაგალითად, კანადაში კაზინოები წელიწადში 16 მილიარდ დოლარს (დაახლოებით იმდენივეს, რამდენიცაა საქართველოს მთლიანი ეკონომიკა), 128,000 პირდაპირ სამუშაო ადგილსა და 250,000 ირიბ სამუშაო ადგილს (სხვა ბიზნესში) ქმნის. საქართველოში აზარტული თამაშები, ტურიზმთან ერთად, ერთ- ერთია იმ სექტორებიდან, რომლებმაც მკვეთრი ზრდა გამოავლინა.
აღსანიშნავია ისიც, რომ კაზინოების ლიცენზირებიდან და გადასახადებიდან სახელმწიფოს საბიუჯეტო შემოსავლებში 100 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, რაც შემოსავლების თითქმის 1.5%-ს შეადგენდა. კაზინოების შეზღუდვით საბიუჯეტო შემოსავლებს შესაძლოა მნიშვნელოვანი წილი მოაკლდეს. მნიშვნელოვანია სამუშაო ადგილების ფაქტორიც. 2013 წელს აზარტული თამაშები საქართველოში 5,000–ზე მეტ ადამიანს ასაქმებდა, რაც მთლიანი სამუშაო ძალის 0.3%-ია. აზარტული თამაშების აკრძალვა გაზრდის უმუშევრობას, რომელიც საქართველოში ისედაც მაღალია (14.6%). ქალაქებში, სადაც კაზინოებია განთავსებული, უმუშევრობის დონე კიდევ უფრო მაღალია და 25.6%-ს უდრის.
სამუშაო ადგილები იქმნება არა მხოლოდ უშუალოდ აზარტული თამაშებით დაკავებულ ობიექტებში, არამედ ისეთ დაკავშირებულ ბიზნესებშიც, როგორიცაა სასტუმროები და რესტორნები. უმეტეს შემთხვევაში, კაზინო შენდება სასტუმროებთან, რესტორნებთან, სავაჭრო ცენტრებთან, ტურისტულ ატრაქციონებთან ერთად ან მათთან ახლოს. კაზინოებს მედიაზეც აქვთ ეკონომიკური გავლენა, რადგან რეკლამებში საკმაოდ დიდ თანხებს ხარჯავენ. ეს ყველაფერი განაპირობებს მჭიდრო კავშირს აზარტული თამაშების ბიზნესსა და სხვა ტიპის ბიზნესებს შორის: რაც დააზარალებს კაზინოებს, დააზარალებს სხვა მრავალ ბიზნესსაც. ამასთანავე, მსგავსი ტიპის ორგანიზაციები ხშირად საქველმოქმედო საქმიანობასაც ეწევიან.
საქართველოში ამ სექტორის განვითარების დამატებითი ფაქტორია მეზობელი ქვეყნების პოლიტიკა: კაზინოები აკრძალულია თურქეთსა და ირანში. მრავალი ლეგალური თუ არალეგალური შეზღუდვაა რუსეთსა და აზერბაიჯანში, რაც ამ რეგიონებიდან იმ ტურისტების შემოდინებას განაპირობებს, რომელთა სტიმული, საქართველოში მოგზაურობის გარდა, აზარტული თამაშებიცაა. როდესაც ქვეყანაში სათამაშოდ ჩამოდიან უცხოელი ტურისტები, ისინი ფულს იხდიან კვებაში, ტრანსპორტირებაში, საცხოვრებელ ადგილსა და მაღაზიებში: ანუ ხეირობს ეკონომიკის მრავალი სექტორი.
საქართველოს მდგომარეობის სარფიანობას, სათამაშო ბიზნესის კუთხით, მოსახლეობების თანაფარდობაც განაპირობებს. თურქეთის, ირანის, რუსეთისა და აზერბაიჯანის მოსახლეობა 300 მილიონ ადამიანზე მეტია, რაც საკმაოდ დიდი ბაზარია ტურისტულ სექტორში, 4.6-მილიონიანი ქვეყნისთვის. უკანასკნელი წლების მანძილზე, მიდგომების გამკაცრებამდე, ვიზიტორების რაოდენობა და ტურიზმიდან შემოსული წმინდა ფულადი ნაკადები მკვეთრად იზრდებოდა. ტურიზმის წილმა მშპ-ში 7%-ს გადააჭარბა, რაც 2 მილიარდ ლარზე მეტია. ქვეყანას ამ მხრივ ჯერ კიდევ აქვს ზრდის პოტენციალი, მაგრამ მისი გამოყენებისთვის მეტი ლიბერალიზაცია და ნაკლები შეზღუდვაა საჭირო. ტურისტებს იზიდავს მაქსიმალურად თავისუფალი ქვეყნები და არა ის ქვეყნები, სადაც გართობის საშუალებების შეზღუდვაზე ზრუნავენ.
კაზინოების აკრძალვას ექნება სხვა უარყოფითი ეფექტებიც: ვინაიდან ამა თუ იმ პროდუქტის ან სერვისის აკრძალვა მოთხოვნას არ აქრობს, ბიზნესი იატაკქვეშეთში გადაინაცვლებს. გაჩნდება ადგილები, სადაც აზარტული თამაშებით არალეგალური ფული გაკეთდება. ეს დამატებითი სტიმულია კრიმინალისთვის და დამატებითი დანახარჯები – სახელმწიფოსთვის, რადგან კრიმინალთან ბრძოლა ნებისმიერ ქვეყანას საკმაოდ ძვირი უჯდება.
მსგავსი შედეგი დადგა ამერიკის შეერთებულ შტატებში მე-20 საუკუნის 20-იან წლებში, ე.წ. „აკრძალვების ხანაში“ (Prohibition Era), როდესაც, პატერნალისტური არგუმენტებით, აზარტული თამაშების უმეტესობა, ალკოჰოლი და სხვა მრავალი სამომხმარებლო პროდუქტი თუ სერვისი აიკრძალა. 1930-იანი წლებიდან შეზღუდვები მთლიანად ან ნაწილობრივ მოიხსნა, რადგან დიდი დეპრესიის გამო ქვეყანას აღარ ჰქონდა ფუფუნება, უშედეგოდ ებრძოლა იატაკქვეშეთში გადასულ ბიზნესთან და უარი ეთქვა სიმდიდრის გენერირების დამატებით საშუალებებზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ტექნოლოგიური პროგრესი კაზინოების აკრძალვას კიდევ უფრო არაეფექტიანს ხდის. მსოფლიოში მრავალი ონლაინკაზინოა, სადაც ნებისმიერ მსურველს შეუძლია შევიდეს და ითამაშოს. ამ დროს ქვეყნიდან ფული მხოლოდ გაედინება, რადგან ონლაინკაზინოები ძირითადად ისეთ ქვეყნებშია რეგისტრირებული, სადაც ამა თუ იმ მთავრობას ნაკლები კონტროლი აქვს. გამოსავლად შეიძლება ინტერნეტცენზურის დაწესება განიხილებოდეს, რაც ყოველთვის რთული და მტკივნეული პროცესია ქვეყნისთვის. ეს გზა უამრავ დამატებით პრობლემას ქმნის და ძველ პრობლემასაც ვერ აგვარებს: თუ შეზღუდვები ზედმეტად ფართო არ იქნება, ინტერნეტის მომხმარებელი ყოველთვის იპოვის ისეთ ონლაინკაზინოს, რომელიც ჯერ დაბლოკილი არაა. რთული წარმოსადგენია, როგორ წარიმართება ადამიანების პასუხისგებაში მიცემა იმის გამო, რომ საკუთარი ფულით ინტერნეტში პოკერს ან სხვა აზარტულ თამაშს თამაშობენ.
შევაჯამოთ: აკრძალვის მომხრეები ყველა ქვეყანაში არსებობენ, სადაც აზარტული თამაშები ლეგალურია, თუმცა აკრძალვის ყველა მორალურ თუ ეკონომიკურ არგუმენტს ძლიერი კონტრარგუმენტები აქვს. კაზინოები ქმნიან სიმდიდრეს, ქმნიან სამუშაო ადგილებს – როგორც პირდაპირს, ისე არაპირდაპირს – დანარჩენ სექტორებში, როგორიცაა სასტუმროები, რესტორნები და სხვა ტურისტული ადგილები. ამით ხელი ეწყობა მთლიანად ეკონომიკის ფუნქციონირებას. აზარტული თამაშების აკრძალვას მოაქვს მრავალი დანახარჯი როგორც საზოგადოებისთვის, ისე მთავრობისთვის. აკრძალვა ბიზნესს გადაიტანს არალეგალურ სექტორში, სადაც კრიმინალები იბატონებენ და შემოსავლის დამატებითი წყარო გაუჩნდებათ. ეს კრიმინალს გაზრდის, ხოლო მთავრობას ახალი სააგენტოებისა და რეგულაციების შექმნისკენ უბიძგებს, რასაც დამატებითი ფინანსების მოზიდვა დასჭირდება. საერთო ჯამში, ეს პროცესები თითოეული მოქალაქის ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას დაარტყამს.
წყარო:https://forbes.ge/azartthan-brdzolis-mavne-a/