09 ივნ, 2025
აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვის შეფასებისას ხშირად ვხვდებით მცდარ პარალელებს ვაჭრობის სექტორთან. როგორც გიორგი მამულაიშვილი განმარტავს, სათამაშო ბიზნესის ბრუნვა რადიკალურად განსხვავდება სხვა სფეროების ბრუნვისგან და მათი შედარება არასწორია.
„საქსტატი ხშირად ბრუნვასა და რეალურ შემოსავლებს ერთმანეთში ურევს. მაგალითად, 2023 წელს აზარტული თამაშების სექტორის ბრუნვა 63 მილიარდ ლარს შეადგენდა, თუმცა რეალური შემოსავალი – ე.წ. 'პროდუქციის გამოშვება' – მხოლოდ 2.8 მილიარდი იყო. ეს უკანასკნელი სწორედ იმ თანხას ასახავს, რაც რეალურად შემოვიდა სექტორში და წარმოადგენს კომპანიის შემოსავალს“, — აღნიშნავს გიორგი მამულაიშვილი.
მისი თქმით, ვაჭრობაში მომხმარებელი ყიდულობს პროდუქციას, ხოლო აზარტულ თამაშებში მოთამაშის მიერ გადახდილი თანხა შესაძლოა მრავალჯერ „გადაბრუნდეს“ და ხელახალი ფსონების სახით ბრუნვა მნიშვნელოვნად გაზარდოს. შედეგად, შესაძლოა შექმნილი მაღალი ბრუნვა სრულიად აცდენილი იყოს რეალურ შემოსავალს.
სექტორში განსაკუთრებით გააქტიურდა შიდა ბრუნვა სხვადასხვა სპორტული მოვლენების ფონზე, თუმცა გიორგი მამულაიშვილის შეფასებით, წლიური ზრდა ჯერჯერობით არ ფიქსირდება და მხოლოდ ივლისისთვის იქნება შესაძლებელი 2025 წლის ზრდის შეფასება წინა წელთან შედარებით.
გადახდების ნაწილში ის მიუთითებს მნიშვნელოვან ცვლილებაზე: „2023 წელს 15%-იანი გადასახადი 2025 წელს 20%-მდე გაიზარდა, რის გამოც ერთი ონლაინ კაზინო უკვე დაიხურა და რამდენიმე სლოტ-კლუბმაც საქმიანობა შეწყვიტა. მიუხედავად ამისა, სახელმწიფო ბიუჯეტში სექტორის კონტრიბუცია გაიზარდა – პირველ კვარტალში სექტორმა 434 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც 100 მილიონით აღემატება წინა წლის მაჩვენებელს“.
გიორგი მამულაიშვილი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ დღემდე არ განხორციელებულა საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც უცხოურ ვალუტებსა და კრიპტოვალუტაში ოპერირების შესაძლებლობას მისცემდა ლიცენზიანტებს. მისი შეფასებით, თუ ეს საკითხი არ დარეგულირდა, ახალი უცხოელი მოთამაშეები ქართულ ბაზარზე აღარ შემოვლენ. ამის ნათელი მაგალითია თურქი ინვესტორი, რომელმაც ზემოხსენებული გაურკვევლობებისა და მაღალი გადასახადების გამო ბათუმის ბაზარზე შემოსვლაზე უარი თქვა.
„შეზღუდვებით აზარტული თამაშების გაუქმებას ვერ მივაღწევთ. პირიქით – ეს მხოლოდ არალეგალური ბაზრის ზრდას უწყობს ხელს. უამრავი საერთაშორისო მაგალითი ცხადყოფს, რომ რეგულირებული ბაზარი უფრო ეფექტიანია როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით“, — განმარტავს გიორგი მამულაიშვილი.
მისი თქმით, საქართველო დღესაც აზარტული თამაშების რეგიონული ჰაბია და უამრავი საერთაშორისო თამაშების მიმწოდებელია სტაბილური გარემოს გამო. თუმცა, ერთი დღე კანონმდებლობით სექტორის წახალისება ხდება, მეორე დღეს კი შემოდის დამბრკოლებელი რეგულაცია — რაც მოქმედ და პოტენციურ ინვესტორებში დაბნეულობას იწვევს.
გიორგი მამულაიშვილი ასევე აღნიშნავს, რომ მომხმარებელთა საშუალო ასაკი 35–40 წელია, ხოლო მათი ხარჯვის უნარი მნიშვნელოვნად აღემატება სხვა სექტორების მომხმარებლებისას. მათგან დაახლოებით 5–10% უცხოელია, ხოლო მიწისზედა კაზინოების სტუმართა დიდი ნაწილი თურქეთისა და ისრაელის მოქალაქეები არიან.
რაც შეეხება პასუხისმგებლიან თამაშს, გიორგი მამულაიშვილი ამბობს, რომ სამივე დიდი საერთაშორისო ჯგუფი – Flutter Entertainment, Entain და Betsson – ოპერირებს საქართველოში და მათ კარგად აქვთ გათავისებული სოციალური პასუხისმგებლობა. აქვთ ჩამოყალიბებული შიდა პოლიტიკური ხედვა, თვითშეზღუდვის მექანიზმები. გიორგი მამულაიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ლეგალური ბიზნესი აქტიურად მონაწილეობს სოციალურ პროექტებში, აფინანსებს სპორტს, განათლებას, საქველმოქმედო საქმიანობას – თუმცა ხშირად ამ ყველაფრის აფიშირებას არ აკეთებს. მისი თქმით, არალეგალურ კომპანიებს ეს პასუხისმგებლობა არ გააჩნიათ, რაც მათგან რადიკალურად განასხვავებს ლეგალურ ოპერატორებს.
„შეზღუდვების გამკაცრება არალეგალურ ბაზარს ასტიმულირებს. სწორედ ამიტომ, საჭიროა რეგულაციების და ბიზნესგარემოს სტაბილიზაცია. 2023 წელს სექტორმა მოახერხა დაბრკოლებების გადალახვა. დღეს ნებისმიერი დამატებითი ზეწოლა აბრკოლებს განვითარებას, ინოვაციებს, მომხმარებლისთვის ახალი შეთავაზებების გაწევას. ამ ყველაფერს კი სათავისოდ ისევ არალეგალური ბიზნესი იყენებს“, – ასე ასრულებს გიორგი მამულაიშვილი შეფასებას სათამაშო ბიზნესის სექტორში არსებული ვითარების შესახებ.