26 მარ, 2025
უკრაინის მთავრობა მალე გამოაცხადებს ახალი სახელმწიფო სააგენტოს შექმნას, რომელიც იქნება პასუხისმგებელი აზარტული თამაშების რეგულირებაზე.
უკრაინული მედიის ცნობით, ვერხოვნა რადაში მთავრობის წარმომადგენელმა, ტარას მელნიჩუკმა, გაამხილა გეგმები ახალი „ცენტრალური აღმასრულებელი ორგანოს“ შექმნის შესახებ, რომელიც „სახელმწიფო პოლიტიკას განახორციელებს აზარტული თამაშების, ლატარიების ორგანიზებისა და ჩატარების სფეროში.“
მელნიჩუკის ინფორმაციით, აღნიშნული სააგენტო „PlayCity“-ს სახელწოდებით იმოქმედებს და ჩაანაცვლებს უკრაინის აზარტული თამაშებისა და ლატარიების კომისიას (KRAIL), რომელიც უკვე გაუქმებულია. თუმცა, Telegram-ის გზით გავრცელებულ ინფორმაციაში პირდაპირი დეტალები სააგენტოს ფუნქციებზე მოცემული არ ყოფილა.
„PlayCity“ შეიქმნება მინისტრთა კაბინეტის კოორდინაციით, ხოლო მასზე ზედამხედველობას განახორციელებს მიხაილო ფიოდოროვი, რომელიც ინოვაციების, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების ვიცე-პრემიერი და ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრია.
აზარტული თამაშების საკონსულტაციო კომპანია 4H Agency-მ SBC-ს დაუდასტურა, რომ რადა გეგმავს „ახალი რეგულატორული სააგენტოს ფორმირების კანონპროექტის“ გამოქვეყნებას, რომლის ხელმოწერაც მომდევნო კვირის დასაწყისში იგეგმება.
ახალი სახელმწიფო სააგენტოს მთავარი ამოცანა იქნება აზარტულ თამაშებში კორუფციის აღმოფხვრა. სწორედ ამ მიზეზით გაუქმდა KRAIL იანვარში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებით.
რადა აპირებს, რომ აპრილამდე დანიშნოს ახალი რეგულატორი, ხოლო მინისტრთა კაბინეტი დააჩქარებს 2020 წლის აზარტული თამაშების კანონში შესატან ცვლილებებს, რათა სახელმწიფოს გაძლიერებული კონტროლი და ზედამხედველობა განახორციელოს.
აღნიშნული კანონი ძალაში 2020 წლის ივლისში შევიდა და პრეზიდენტ ზელენსკისა და მთავრობის „ეკონომიკური გაჯანსაღების პროგრამის“ ფარგლებში, 2009 წლიდან მოქმედი აზარტული თამაშების ფედერალური აკრძალვა დაასრულა.
KRAIL-ის სააგენტოს შექმნის მიზანი მიწაზე დაფუძნებული კაზინოების, სათამაშო დარბაზების, ონლაინ პლატფორმებისა და ლატარიის ლიცენზიების ზედამხედველობა. თუმცა, სააგენტო მალევე კორუფციულ სკანდალებში გაეხვა, რაც აზარტული თამაშების ლიცენზიების გაცემის გამოძიებამ გამოავლინა.
KRAIL-ის საქმიანობა, რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე, ქრთამსა და კორუფციასთან დაკავშირებული ბრალდებებით იყო დამძიმებული. საომარ პირობებში უკრაინის აზარტული თამაშების ლიცენზიები ყურადღების ცენტრში მოექცა ეროვნული უსაფრთხოების და თავდაცვის საბჭოს (NSDC) მხრიდან, რომელმაც რამდენიმე ოპერატორს სანქციები დაუწესა და აზარტულ ტრანზაქციებზე მკაცრი შეზღუდვები დააწესა.
2023 წლისთვის, უკრაინელები ყოველდღიურად დაახლოებით 400 მილიონ გრივნას (დაახლოებით 8 მილიონი ევრო) ხარჯავდნენ ონლაინ აზარტულ თამაშებში. ეროვნული ბანკის მონაცემებით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს სამხედრო პერსონალი წარმოადგენდა, რამაც აზარტული თამაშების რეგულაციის მიმართ კრიტიკა გააძლიერა.
ამ ფაქტების ფონზე, აზარტული თამაშების მმართველი ორგანოს მიმართ პოლიტიკური ყურადღება კიდევ უფრო გაძლიერდა. ონლაინ პეტიციამ, რომელიც სამხედრო მდგომარეობის პერიოდში ონლაინ კაზინოებზე შეზღუდვების დაწესებას მოითხოვდა, სწრაფად მოიპოვა 25,000 ხელმოწერა – რაც პრეზიდენტის ჩარევისთვის საჭირო ზღვარია.
მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებები ჯერ საბოლოოდ არ არის დამტკიცებული, მინისტრთა კაბინეტი გადაწყვეტს ახალი ორგანოს სტრუქტურულ მოწყობას. რეგულატორს ექნება უფლებამოსილება, დააწესოს დროის და ფინანსური ლიმიტები აზარტულ თამაშებზე.
გარდა ამისა, ახალ სააგენტოს ექნება პირდაპირი უფლებამოსილება დაბლოკოს არალეგალური სათამაშო ვებგვერდები და გააფართოვოს პირობები, რომელთა საფუძველზეც ლიცენზიების გაუქმება იქნება შესაძლებელი. 4H Agency-ს ინფორმაციით, კანონი თითქმის სრულად აკრძალავს აზარტული თამაშების რეკლამას, მცირე გამონაკლისების გარდა.
ონლაინ რეკლამა ნებადართული იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს მიმართული 21 წლამდე მომხმარებელთა აუდიტორიისკენ, რაც შესაბამისობაშია უკრაინის არსებული კანონმდებლობით. ტელევიზიით რეკლამირება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ღამის 11 საათიდან დილის 6 საათამდე. სპონსორობის შესაძლებლობები დარჩება, მაგრამ მხოლოდ სპორტის სფეროში.
4H Agency-მ ასევე აღნიშნა, რომ რეგულაციები კიდევ უფრო გამკაცრდება, რათა სახელმწიფოს მიერ აზარტული თამაშების კონტროლი გაძლიერდეს. დამატებითი ცვლილებები შესაძლოა მოიცავდეს გადახდების მონიტორინგის ახალი სისტემის დანერგვას და B2B ლიცენზირების ახალი რეჟიმის დაწესებას ტექნოლოგიებისა და სერვისის მომწოდებლებისთვის.