20 თებ, 2022
გასული წლის ბოლოს მიღებული "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ" კანონში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე 1-ელ მარტამდე "აკრძალულ" და აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ პირთა მონაცემთა ბაზები უნდა შეიქმნას.
კერძოდ, კანონის შესაბამისად, დამოკიდებულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება ფინანსთა მინისტრის ნორმატიული აქტით, ხოლო აკრძალულ პირთა სიის წარმოების წესი დგინდება მთავრობის ნორმატიული აქტით. ამავე კანონის მე-3 მუხლი მიხედვით, მთავრობამ და ფინანსთა მინისტრმა არაუგვიანეს 2022 წლის 1 მარტისა უნდა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება/გამოცემა.
ასოციაციის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გიორგი მამულაიშვილი ეჭვობს, რომ ფინანსთა სამინისტრომ მონაცემთა ბაზების გამართვა პირველ მარტამდე შეძლოს. ამიტომ, ასოციაციამ კანონის ამ ნაწილის ამოქმედების გადავადებაც შესთავაზა სამინისტროს.
“ჩვენი წინადადება იყო რეგულაციის გადავადება გარკვეული პერიოდით. მინიმუმ სამი თვით მაინც. კანონის მიღების პროცესისგან განსხვავებით ახლა კონსტრუქციული დიალოგი მიმდინარეობს, ახლა გვისმენენ მაინც და ჩვენს აზრს ითვალისწინებენ. დრო გვიჩვენებს გადავადდება თუ არა. უნდა შეათანხმონ საკუთარ ხელმძღვანელობასთან და ხელმძღვანელობას რა პოლიტიკა ექნება, გადადების საკითხი ამაზე იქნება დამოკიდებული. ეს თავიდან ბოლომდე პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და სხვა მიზნებს არ ისახავდა”, - ამბობს მამულაიშვილი.
ცნობისთვის, პირი თავისი განცხადების საფუძველზე მოითხოვს დამოკიდებულ პირთა სიაში მისი მონაცემების შეტანას, ასევე მისი ოჯახის წევრი ხდება უფლებამოსილი სასამართლოს წესით მოითხოვოს პირის მონაცემების რეესტრში შეტანა.
რაც შეეხება აკრძალულ პირთა სიას, საბიუჯეტო ორგანიზაციებში, მარეგულირებელ ორგანოებში, ეროვნულ ბანკში დასაქმებულ პირებს და სოციალურად დაუცველ მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრებს აეკრძალებათ აზარტულ და მომგებიან თამაშობებში მონაწილეობის მიღება.